მთავარი,სიახლეები

სამსახური, სადაც მუშაობის დასაწყებად უძრავი ქონება გჭირდება

12.02.2018 • 3707
სამსახური, სადაც მუშაობის დასაწყებად უძრავი ქონება გჭირდება

დასაქმების ვებგვერდებზე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს თუ გადახედავთ, უმრავლეს შემთხვევაში განაცხადში იპოვით მოთხოვნას იმის შესახებ, რომ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „იპოთეკური ვალდებულებებისგან თავისუფალი უძრავი ქონება (ბინა ან მიწის ნაკვეთი)“.

ხშირად კომპანიები, რომლებიც პრისელერებს ან დისტრიბუტორებს ეძებენ, ასევე განსაზღვრავენ, რომ სამუშაოს მაძიებელი, რომელსაც დაასაქმებენ, აუცილებლად უნდა იყოს მამრობითი სქესის.

დასაქმების ცნობილ ვებგვერდზე, hr.ge-ზე, ამ დრომდე აქტიურია სადისტრიბუციო “კომპანია ორბიტას” და კომპანია „ორიენტის“ განცხადებები. ორივე კომპანია სამუშაოს მაძიებელს კომპანიაში დასაქმების ერთ-ერთ პირობად უძრავი ქონების გარანტად ჩადებას სთხოვს.

რატომ ითხოვს კომპანია უძრავ ქონებას დასაქმებულებიდან?

„იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ფულთან აქვს შეხება [დისტრიბუტორს], არის რისკები. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა დისტრიბუტორს „შეუჭამია“ კომპანიის კუთვნილი თანხა. ამით კომპანია იზღვევს თავის თანხას თავის თანამშრომელთან,“ – ამბობს გიორგი თურმანიძე, კომპანია „ორბიტას“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

რატომ არ სარგებლობს კომპანია სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით და რატომ არ აზღვევს რისკებს, რაც შეიძლება სამუშაო პროცესში გაჩნდეს? „ორბიტაში“ ამბობენ, რომ ეს სერვისი  ძვირია. ამასთან, რაც უფრო დიდია რისკები, სადაზღვევოები მით უფრო მაღალ პროცენტს ითხოვენ.

„არიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აზღვევენ ამ თანხებს, მაგრამ ისეთი ძვირია ეს მომსახურება, რომ, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა კომპანია იყენებს ასეთ დაზღვევას. მეორეც, როდესაც პრისელერს არანაირი ვალდებულება არ აქვს, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა და როცა იცის, რომ კომპანიას თანხა აქვს დაზღვეული სადაზღვევო კომპანიაში, ის მაინც გულგრილად ექცევა. პასუხისმგებლობას აღარ იღებენ და ცოტა გულგრილად იქცევიან ვიდრე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მას უზრუნველყოფა აქვს ჩადებული და ვალდებულებები გააჩნია,“ – ამბობს გიორგი თურმანიძე.

„ორბიტას“ განაცხადში ასევე მითითებულია, რომ სამუშაოს მაძიებელი აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი. კითხვაზე, თუ რატომ არის ვაკანსია გენდერული თვალსაზრისით შეზღუდული, გიორგი თურმანიძე პასუხობს, რომ ქალები ამ ტიპის სამუშაოს არაჯეროვნად ასრულებენ.

„კომპანიაში ყოფილა პრისელერად მანდილოსანი შერჩეული, მაგრამ არ ვიცი რისგან გამომდინარე, მამაკაცს უფრო შედეგი ჰქონია, ვიდრე ქალბატონს. საიდან მოდის ეს, ვერ გეტყვით. უფრო კაცური სამსახურია, მე ვფიქრობ,“ – ამბობს გიორგი თურმანიძე. მისი თქმით, ბოლო 4 წელიწადში  კომპანიაში სულ 10 ქალი პრისელერი და ორი ქალი სუპერვაიზერი მუშაობდა.

კიდევ ერთი კომპანია, შპს „ორიენტი“, სადაც პრისელერის შრომის ანაზღაურება ფიქსირებული 750-1750 ლარის ფარგლებშია, ხოლო დისტრიბუტორის  550-დან 1200 ლარამდე, აუცილებელ მოთხოვნებში წერს, რომ კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბინა ან მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 40 ათასი ლარი იქნება. „ბათუმელები“ შეეცადა კომპანიის მენეჯმენტთან გასაუბრებას, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმა ვერ შევძელით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: