“1209” – აუდიტორია 115 საპროტესტო აქციას ბათუმშიც გამართავს

14 თებერვალს, 19:00 საათზე, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, “აუდიტორია 115” საპროტესტო აქციას გამართავს. სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო შრომის უსაფრთხოებას არასათანადოდ იცავს, მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებენ.

“2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნესელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. მაშინ, როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი. ეს არ არის თავისუფლება. სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომლებიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს! მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას! სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა. წინააღმდეგობის დროა!” – ნათქვამია აუდიტორია 115-ის განცხადებაში.

9 თებერვალს თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან  ახალგაზრდა ბიჭი, 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი გადმოვარდა და დაიღუპა. დაღუპული მუშა 1209-ე იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო მშენებლობაზე დაიღუპნენ.

აუდიტორია 115 სტუდენტების მიერ დაფუძნებული მემარცხენე მოძრაობაა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი