მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად ფორმულას ეძებს

10.02.2018 • 3804
აჭარის მთავრობა უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად ფორმულას ეძებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ  უსახლკარო ოჯახების პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლება ფორმულას ეძებს. მისი თქმით,  განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის ბინების მშენებლობაც.

„ეკომიგრანტების ძალიან მცირე ნაწილი იქნა ჩვენ მიერ დაკმაყოფილებული. არა იმიტომ, რომ ისინი თვითნებურად იყვნენ ჩასახლებული, არამედ რიგითობის მიხედვით მოუწიათ პროგრამაში ჩართვა. რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, ვმუშაობთ ვერსიებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი პრობლემის მოგვარება და ამ ვერსიებს უახლოეს პერიოდში გავაჟღერებთ,“-ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

რა დროს მოიცავს მათ მიერ დასახელებული „უახლოესი პერიოდი“? – რამაზ ჯინჭარაძე კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.

„ჩვენ განვიხილავთ ბინების მშენებლობების ვერსიაც, ბიზნესთან ურთიერთობების ვერსიასაც და ა.შ  არიან ოჯახები, რომლებიც მერიას ჰყავს აღრიცხვაზე და ცხოვრობენ ქირით, მათ არ დაურღვევიათ კანონი და არ შესახლებულან სადმე უკანონოდ. იმიტომ გაიწელა ეს პროცესი ამდენი ხანი, რომ მოსაძებნია ფორმულა, რომელიც მოერგება იმ ოჯახებს, რომლებიც არ არღვევენ კანონს და არიან საცხოვრებლის მიღების მოლოდინში. რაც მთავარია, არც ერთი ოჯახის მიმართ არ უნდა დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი,“-ამბობს მინისტრის მოადგილე.

დღეს, 10 თებერვალს, ე.წ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას მათთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენებას სთხოვენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: