მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი თავბერიძეს ნიშნავენ

10.02.2018 • 5669
აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი თავბერიძეს ნიშნავენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელს, ირაკლი თავბერიძეს, აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ნიშნავენ. მის შემცვლელად კი შუახევის ყოფილ გამგებელს, ტარიელ ებრალიძეს განიხილავენ.

ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნას არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ამ თემაზე იყო საუბარი, თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ, არ ყოფილა,“ – ამბობს ებრალიძე.

განათლების სამინისტროში დანიშვნის ფაქტს არც ირაკლი თავბერიძე ადასტურებს, თუმცა არც ის უარყოფს, რომ მისი შესაძლო დაწინაურება განიხილება.

„რაღაც საუბრები არის, მაგრამ ჯერჯერობით ფონდში ვმუშაობ, აქ ვარ. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს“, – ამბობს ირაკლი თავბერიძე.

აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ირაკლი თავბერიძის „დანიშვნის ბრძანება კანცელარიაში ჯერჯერობით არ დევს“.

”ბათუმელების” ინფორმაციით კი, ირაკლი თავბერიძეს განათლების ფონდის თანამშრომლებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი უკვე გაუმართეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თანამდებობებზე დანიშნული პირები იმის გამო, რომ ამის შესახებ საჯაროდ არ უთქვამს ზურაბ პატარაძეს, თანამდებობებზე დანიშვნას არ ადასტურებენ.  ასე მოიქცა ბაგრატ მანველიძე. ,,ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, – უთხრა მან ”ბათუმელებს”, როცა განათლების სამინისტროში მისი დანიშვნის შესახებ ვკითხეთ. ამ სიტყვებიდან მეორე დღეს კი ის სამინისტროში გამოცხადდა მინისტრის მოადგილის რანგში.

ირაკლი თავბერიძე  განათლების ფონდს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ფონდში მუშაობამდე ის რამდენიმე კერძო კომპანიაში მუშაობდა იურისტად, მანამდე კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი იყო უმაღლეს საბჭოში.

შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არსად მუშაობს. 6 თებერვალს მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შაბათობით ხიჭაურის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, მაგრამ ელოდება, რომ მთავრობა თანამდებობაზე დანიშნავს.

ტარიელ ებრალიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: