სიახლეები

ბულვარის მიმართვა და თამარ კვესიტაძის თანხმობის წერილი ალი და ნინოს გადატანაზე

26.08.2015 • 1969
ბულვარის მიმართვა და თამარ კვესიტაძის თანხმობის წერილი ალი და ნინოს გადატანაზე

 

 „გაცნობებთ, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული თქვენი შემოქმედების „ალი და ნინოს“ ქანდაკების კვარცხლბეგს ძლიერი შტორმების შედეგად ზღვის ტალღებმა გამოურეცხა საძირკველი და არსებობს ქანდაკების დაზიანების საშიშროებაც. 

 

ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომლებმაც ჩაატარეს საინჟინრო ტექნიკური კვლევა ბათუმის კონცხის მიმდებარედ „ალი და ნინოს“ ქანდაკების კვარცხლბეგის მიზანშეწონილობაზე. სპეციალისტების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შემდეგი: ამჟამად ჩამოყალიბებული ნაპირის მორფოლოგიის გათვალისიწინებით, მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ნაგებობის უსაფრთხო ადგილზე გადატანით. 

 

თქვენი ნამუშევარი „ალი და ნინო“ რეგისტრირებულია „საქპატენტში“ 2010 წელს, როგორც დიზაინი. გთხოვთ, საქართველოს კანონის „დიზაინის შესახებ“ 26-ე მუხლის „დ” მუხლის შესაბამისად მოგვცეთ სკულპტურა „ალი და ნინოს“ შესაბამის ადგილზე გადატანის ნებართვა“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს ბულვარის ადმნისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქიშვილი აწერს. 

სამინისტრომ „ბათუმელებს“ მიაწოდა თამარ კვესიტაძის წერილის ასლიც, რომლის მიხედვითაც ქანდაკების ავტორი წერს: 

 

„თქვენი 2015 წლის 27 მარტის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის „დიზაინის“ შესახებ 26-ე მუხლის შესაბამისად თანახმა ვარ ქანდაკება „ალი და ნინო“ გადაიტანოთ თქვენს მიერ შერჩეულ უსაფრთხო ადგილზე“ – წერილს ხელს თამარ კვესიტაძე აწერს. 

 

„ალი და ნინოს“ ავტორმა, თამარ კვესიტაძემ დღეს „რუსთავი 2“ -თან განაცხადა, რომ დღეს ბათუმში მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. „რუსთავი 2“-თან თამარ კვესიტაძემ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მასთან ამ თემაზე ერთხელ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტულად არ ახსოვს თუ ვის ესაუბრა. თამარ კვესიტაძე ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს შეთავაზებული ადგილი მისთვის მიუღებელი იყო. 

 

 

„ჩემი პოზიცია იყო ასეთი – თუ კი ის ადგილი საშიშია და შესაძლოა ქანდაკება წყალმა წაიღოს უკეთესია რომ გადაიტანონ. ოღონდ არა ეშმაკის ბორბალთან,“ – განაცხადა თამარ კვესიტაძემ „კურიერთან“. „ალი და ნინოს“ ავტორის თქმით 5 ივლისს გამოცხადებული ტენდერის შესახებ მან არაფერი იცოდა.

 

გადაბეჭდვის წესი