პატარაძის შუამდგომლობა აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის ბიზნესის სასარგებლოდ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თითქმის იდენტური დასახელების ოთხ კომპანიას k2 კოეფიციენტის [სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად] გაზრდაზე ბათუმის მერიაში უშუამდგომლა. ეს კომპანიებია: „ეიჩ ბათუმი“, „ეიჩ გრუპი“, „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ და „ეიჩ გრუპ ბათუმი“. ოთხივე მათგანის დამფუძნებლები პარტნიორულ ურთიერთობაში არიან აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსთან, ჯონი ბაკურიძესთან.

კომპანია „ეიჩ ბათუმი“ ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მოახერხა ზურაბ პატარაძის მხარდაჭერის მოპოვება, სამშენებლო პროექტის სიმაღლეში გაზრდასთან დაკავშირებით. ეს კომპანია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #67/69 /71/73 -ში მრავალფუნქციურ ობიექტს აშენებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ „საინვესტიციო ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად უბანში და ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია“.

ზურაბ პატარაძის შუამდგომლობის წერილის მიხედვით, რომელიც მან ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 2017 წლის 19 ოქტომბერს გადაუგზავნა, „საინვესტიციო ტერიტორიაზე მდებარეობს ორსართულიანი უსახური შენობები და ბაღჩა-ბოსტნები. მთავრობის თავმჯდომარის მოსაზრებით, თუ ამ ყველაფერს 25-სართულიანი თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი ჩაანაცვლებს, ეს ხელს შეუწყობს როგორც იქ მცხოვრებთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ქალაქის ამ უბნის განვითარებასა და კეთილმოწყობას“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის დამფუძნებელი და 60 პროცენტის მფლობელი რუსუდან ბერიძეა, თანამფლობელები არიან ზურაბ ველიაძე [30%] და რაულ გოგიტიძე [10%] კომპანია 2017 წლის ივლისშია დაფუძნებული.

იმავე ქუჩაზე, ტბელ აბუსერიძისა  და ფიროსმანის კვეთაში, 25-სართულიან მრავალფუნქციურ სახლს კომპანია „ეიჩ გრუპი“ აშენებს. ზურაბ პატარაძეს ამ კომპანიისთვისაც აქვს მშენებლობის სიმაღლეში გაზრდის შუამდგომლობა [k2 კოეფიციენტი] გაცემული. კომპანიის დირექტორი „ეიჩ ბათუმის“ მფლობელი რუსუდან ბერიძეა, ერთ-ერთი თანამფლობელი კი აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ჯონი ბაკურიძე.

მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე „კომპანია არანაკლებ 60-ნომრიან სასტუმროს, საზოგადოებრივ-კომერციულ ობიექტებს, ფიტნესს, აპარტამენტებს, ავტოპარკინგს და კაზინოს აშენებს.“ მისივე ინფორმაციით, შენობის საორიენტაციო სიმაღლე 110 მეტრია. მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „პროექტი მნიშვნელოვანია ქალაქმშენებლობითი, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის კუთხითაც“.

კომპანია 2016 წლის აგვისტოშია დაფუძნებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დაფუძნების დღიდან ამ კომპანიის 80% აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ჯონი ბაკურიძეს ეკუთვნოდა. დარჩენილი 20%-ი კი ზურაბ ველიაძის საკუთრება იყო.

დღეის მდგომარეობით, „ეიჩ გრუპს“ შვიდი პარტნიორი იყოფს, კომპანიის თანამესაკუთრეები არიან: ჯონი ბაკურიძე [15%] , ნუგზარ ბაკურიძე [ 15%] და ზურაბ ველიაძე, რომელიც თავის 20 პროცენტს დღემდე ინარჩუნებს, ასევე ამირან ფაღავა [5 %], უკრაინის ორი მოქალაქე [30%],  და რუსეთის მოქალაქე მაგომედ ჩაბიევი [15].

რუსეთის მოქალაქის – მაგომედ ჩაბიევის სახელი და გვარი ასლან აბაშიძის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებშიც ჩანს. მაგომედ ჩაბიევსა და ენვერ ცეცხლაძეს, რომელიც სოსო გოგიტიძის დისშვილია [ასლან აბაშიძის ცოლის ძმა და მისივე მთავრობის უშიშროების მინისტრი, რომლის მიმართაც საქართველოში სისიხლის სამართლის კოდექსით გამოძიება მიმდინარეობდა] ერთობლივად დაფუძნებული აქვთ კომპანია „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“, რომელიც 35-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას აპირებს ახალ ბულვარში.

ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე ამ კომპანიასაც უშუამდგომლა.  

კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია – „ეიჩ გრუპ ბათუმი“ კი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური ტურისტული ობიექტის მშენებლობას გეგმავს. k2-ის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის] გაზრდაზე ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ამ კომპანიასაც უშუამდგომლა ბათუმის მერიაში.

მერისთვის გაგზავნილ შუამდგომლობის წერილში ზურაბ პატარაძე წერს, რომ „პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ამ უბანში ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით“.  გარდა ამისა, მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, პროექტი ხუთი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებასა და საქართველოს 100 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ეიჩ გრუპ ბათუმი“ 2017 წლის ოქტომბერში სოფელ წინსვლაში რეგისტრირებულმა პირმა, გიორგი შერვაშიძემ დააფუძნა.

აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი კიდევ ერთი კომპანიის თანამესაკუთრეა, რომელიც ბათუმში მაღალსართულიან სახლებს აშენებს და რომელსაც ასევე ზურაბ პატარაძე  შუამდგომლობს: „ლამინი ჯგუფს“ ჯონი ბაკურიძე [60%] და ზურაბ ველიაძე [40%] იყოფენ, ხოლო კომპანიის დირექტორი „ეიჩ ბათუმის“ მფლობელი რუსუდან ბერიძეა. კომპანია 2013 წელსა დაფუძნებული, მას შემდეგ, რაც ჯონი ბაკურიძემ თანამდებობა ჟურნალისტთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დატოვა. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი, რუსუდან ბერიძის და ზურაბ ველიაძის თანამშრომლობა სამშენებლო ბიზნესში.

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი