იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით განაგრძო. იმ დღეს კიდევ ერთი ამბავი მოხდა – არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს.

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ასევე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა განიხილა ხელვაჩაურის სასამართლოში. მან ცოლ-ქმარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თქვა, რომ ამ კონკრეტულმა მოსამართლემ – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

მოგვიანებით პროკურატურამ გამოძიება ხელახლა დაიწყო არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე, თუმცა უცნობია რა შედეგზე გავიდა გამოძიება, ან დაიკითხა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც ბავშვის მშობლები ადანაშაულებენ.

გამოძიება დასრულდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მუქარის საქმეზე. გასული წლის 24 ივნისს გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ლევან მურუსიძე ჩაანაცვლა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების გამწესებაზე იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის, ხვიჩა კიკილაშვილზე, რომელსაც მოსამართლეობის ვადა ერთ წელში ეწურება და ახლა საბჭოს გადაწყვეტილებას ელის.

არჩილ ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და ასეთ დასკვნას აკეთებს:

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც საბჭოში განსხვავებული აზრი არ ისმის, თუ მოსამართლეს კარიერის გაგრძელება სურს, უნდა მოიპოვოს საბჭოს კეთილგანწყობა.“

არჩილ ჩოფიკაშვილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იმ ნორმას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ არ უნდა განიხილოს საქმე, თუკი „არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას“. იურისტი განმარტავს, რომ თუკი ხელვაჩაურის სასამართლოში უვადოდ გამწესებული მოსამართლე არ არის, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს, პირველი ინსტანციის რომელმა სასამართლომ განიხილოს საქმე.

თამარ ხაჭაპურიძე, რომელსაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებიან, გიორგი მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს:

„ძნელად სარწმუნოა, რომ კიკილაშვილი იქნება ობიექტური, რადგან მომავალში მისი მოსამართლეობის ბედი აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩემს მოწინააღმდეგე მხარეზე, ანუ გიორგი მიქაუტაძეზე. ხვიჩა კიკილაშვილს ან სამუდამოდ გაუგრძელებენ მოსამართლეობის უფლებამოსილებას, ან შეუწყვეტენ. ცხადია, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ცხადია, ამ გარემოებით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. მიქაუტაძე უნდა გადადგეს, რათა გავლენა არ მოახდინოს მართლმსაჯულების პროცესზე,“- გვითხრა თამარ ხაჭაპურიძემ.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი