მთავარი,სიახლეები

რა სჭირდებათ მუსლიმ ქალებს – კვლევა აჭარაში

09.02.2018 • 5854
რა სჭირდებათ მუსლიმ ქალებს – კვლევა აჭარაში

„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“- ეს არის კვლევა, რომელიც აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევსა და ქედაში, ასევე ბათუმში ჩაატარდა. კვლევა „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ჩაატარა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. კვლევის პრეზენტაცია დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გაიმართა.

კვლევაში სულ 44 მუსლიმი ქალი მონაწილეობდა. კვლევის ავტორის, ლელა ჯავახიშვილის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, მათ შორის გენდერული ნიშნით ჩაგვრის, დასაქმებისა და პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვის მხრივ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრებ მუსლიმ ქალებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვის, გართობისა და დასაქმების.

„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“-კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“  წარმომადგენლის, მაკო ღავთაძის თქმით, მსგავსი პრობლემის წინაშე შესაძლებელია იდგეს არამუსლიმი ქალიც. „თუ დაინახეთ ის, რომ მუსლიმი ქალებისთვის არის განსაკუთრებულად ხელმიუწვდომელი გარემო?“ – ჰკითხა მან კვლევის ავტორს.

ლელა ჯავახიშვილის თქმით, კვლევაში მონაწილე ქალები არ საუბრობენ იმაზე, რომ რელიგიაა მათთვის შემაფერხებელი.

„მათი პერსპექტივიდან ჩანს ისე, რომ რელიგიური ნიშნით მათი სოციალური ცხოვრება არ იზღუდება და მათ ისევე შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, როგორც მართლმადიდებელმა ქალებმა, ძირითადი პრობლემა სოციალური მდგომარეობიდან მოდის, ამიტომ ყურადღება არ გავამახვილე რელიგიის საკითხზე,“ – აღნიშნა ლელა ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, განსხვავება ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ ქალებში უფროა, რადგან სოფლად მცხოვრებლებს არ აქვთ ხელმისაწვდომი გარემო.

შემდეგი კითხვა სკოლებში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებას შეეხებოდა.  ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად სკოლაში რელიგიური თანასწორობისა და ნეიტრალიტეტის დაცვა აუცილებელია, მაგრამ კანონი ამავდროულად მხარს უჭერს რელიგიურ ინდივიდუალიზმს: „თავსაფარი მუსლიმებისთვის რელიგიური ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა, ამის გამო კი მათ პრობლემები ექმნებათ,“ – ამბობს მკვლევარი.

„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“ -კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

კვლევაში საუბარი იყო იმაზე, რომ  რელიგიური ნიშნით ჩაგვრა ძირითადად მართლმადიდებელი მოსწავლეების მხრიდან ხორციელდება.

„ბათუმელების“ კითხვაზე, კონკრეტულად რა ფორმით ხდება ჩაგვრა და თუ არსებობს კვლევაში კონკრეტული მაგალითები, ლელა ჯავახიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ მაგალითებზე ქალები არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ იმას, რომ არის ქილიკისა და მცირე დაპირისპირებების შემთხვევები.

კვლევამ გამოკითხული ქალების თვითდისკრიმინაციაც აჩვენა: „ისინი თვითშეზღუდვას ავლენენ. თვითონ უკრძალავენ თავიანთ თავს ბევრ რამეს, თუმცა ამას არ უკავშირებენ რელიგიას,“ – ამბობს ჯავახიშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, კვლევის მიხედვით, რა არის დაბალი თვითშეფასების მოტივი – კულტურული სტიგმები თუ განათლების ნაკლებობა? ლელა ჯავახიშვილი პასუხობს:

„თვითდისკრიმინაცია შეიძლება არა ერთ ფაქტორს მიეწეროს, მათ შორის რელიგიურ ფაქტორსაც. ეს ქალები რელიგიაში პრობლემას ვერ ხედავენ,  მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ნამდვილად ასეა. თვითდისკრიმინაციის საფუძველი შეიძლება იყოს საზოგადოებიდან წამოსული რეაქცია, ოჯახში არსებული სიტუაცია, ქალების პერსონალური მდგომარეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება თვითონ არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები. შესაძლებელია ეს განპირობებული იყოს  იმით, რომ კონკრეტულ ეტაპზე, რაღაც შემთხვევის გამო, ისინი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტენ.

ზოგჯერ თვითგამორკვევაც ვერ ხდება, ვერ გაურკვევიათ, რატომ ვერ დგამენ ამ ნაბიჯს, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი მაინც საზოგადოებრივ აზრს უწევენ ანგარიშს“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დასაქმების დროს უპირატესობა ენიჭებათ მართლმადიდებელ კაცებს და შემდეგ მუსლიმებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ფორმით მოხდა ამის დადგენა, ჯავახიშვილი ამბობს, რომ  ამაზე  გამოკითხული პირები საუბრობენ.

„დასაქმება პრობლემაა თავსაფრიანი ქალებისთვის, რადგან თავსაფარი არის გამოხატული რელიგიურობის ნიშანი. იმ მუსლიმ ქალებს, რომლებიც არ ატარებენ თავსაფარს, დასაქმების ისეთივე შანსი აქვთ, როგორც მართლამდიდებელ ქალებს“.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი სამი მუსლიმი ქალის ცხოვრებასა და ღირებულებებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: