მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის ხეების გადატანით დაზარალებული მოქალაქე: კომპენსაციას არ მიხდიან

09.02.2018 • 6467
ივანიშვილის ხეების გადატანით დაზარალებული მოქალაქე: კომპენსაციას არ მიხდიან

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს გვერდით მცხოვრებ თამაზ არძენაძეს ხეების გადატანა პრობლემებს უქმნის. ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილის ბაღისთვის შერჩეული გიგანტური ხე ჩაქვს ტოვებს, თამაზ არძენაძის ეზოში აურზაურია – გზის პირას მდებარე რკინის ღობეები იხსნება და მძიმეწონიანი მანქანები მის ეზოში მოძრაობენ. მოქალაქე ამბობს, რომ დაპირებულ კომპენსაციას არავინ უხდის, სახლის კედლები და ახალგაკეთებული მესერი დაიბზარა.

გასული წლის გაზაფხულზე თამაზ არძენაძის ოჯახში ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები მისულან. მას შემდეგ აქაურობა გადათხრილია. თამაზ არძენაძის ეზოს გავლით ბიძინა ივანიშვილის ბაღში სულ მალე კიდევ ერთ ხეს წაიღებენ, რომელსაც ძირი უკვე გამოთხრილი აქვს.

„გზის გაფართოებაა საჭირო, ამ გზაზე ხე ვერ გაივლისო,“ – გვიყვება თამაზ არძენაძე მასთან ივანიშვილის სტუმრობის დეტალებს. – „ისე შევთანხმდით, რომ ხელშეკრულება არც გაგვიფორმებია. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, აქ მოსახლეობას ვინმემ გული არ ატკინოთო. მიწის ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ თანხა მაშინვე ჩამირიცხეს, მაგრამ შემოდგომაზე ისევ მოვიდა „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელი, ბესო დემეტრაშვილი. გზა ისევ ვიწროა და დროებით თქვენი ეზოთი ვისარგებლებთ, როცა ხე იქნება ჩამოსატარებელიო.

ჩემ წინ მამუკა მიქელაძე აშენებს სახლს, იმან არ დაუთმო მიწა და ამიტომ დარჩა საჭირო ეს. შევთანხმდით, რომ კომპენსაციას მივიღებდი, თანხის რაოდენობაზე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ საერთოდ არაფერს მაძლევენ. თვეში ერთხელ მაინც ღობეს ხსნიან და ჩემი ეზოდან გააქვთ მძიმეწონიან მანქანებს ხეები“.

თამაზ არძენაძემ ეზოში მესერი გვაჩვენა, ასევე სახლის კედელი, რომელიც დაბზარულია. მისი თქმით, ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხეების გადატანის პროცესი დაიწყეს. რატომ გაჩნდა ბზარები, ექსპერტებს არ შეუსწავლიათ. თამაზ არძენაძე არც სასამართლოს მიმართავს. ამბობს, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან სურს შეხვედრა.

„ვფიქრობ, შუამავალი ხალხი ქმნის პრობლემას. აგერ, ეს ელექტროგადამცემი ბოძიც ნახევრად წაქცეულია. ხის ჩატარების დროს ბოძზე მავთულებს ხსნიან და მერე ხელახლა აერთებენ, მაგრამ საშინელ დღეშია. პრობლემაა სანიაღვრე სისტემაც, რომელიც უნდა მოეწყოთ, რადგან როცა გზა გაფართოვდა, ჩემი სახლის ეზოზე მაღალი გამოვიდა და ახლა მთელი ნიაღვარი წვიმის დროს ჩემთან ჩამოდის, მეზობლებსაც ვაზარალებ,“ – გვითხრა თამაზ არძენაძემ.

„ბათუმელებმა“ სცადა, „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელთან, ბესო დემეტრაშვილთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რამდენიმე დღის წინ თამაზ არძენაძემ წერილით აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა. ის დახმარებას თუ შუამდგომლობას სთხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რა მოიმოქმედა მოქალაქის უფლების აღსადგენად უმაღლესმა საბჭო? – ვკითხეთ უწყებას. „მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრეს უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.

თამაზ არძენაძის სახლი ჩაქვში/ 09.02.2018/ გურამ მურვანიძის ფოტოები

ელექტროგადამცემი ბოძი თამაზ არძენაძის სახლთან/ გურამ მურვანიძის ფოტო

 

მორიგი ხე, რომელიც ჩაქვიდან ბიძინა ივანიშვილს მიაქვს / 09.02.2018/ გურამ მურვანიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: