სიახლეები

საკრებულოს წევრი: მე გამოწერილი მაქვს “ბათუმელები” და არ მინდა “თავისუფალი დემოკრატების” ჩანართი

25.08.2015 • 1818
საკრებულოს წევრი: მე გამოწერილი მაქვს “ბათუმელები” და არ მინდა “თავისუფალი დემოკრატების” ჩანართი

 

დღეს „ბათუმელების“ დისტრიბუტორმა ანა ბერიძემ დეპუტატს განუმარტა ჩანართის კომერციულ მიზნებზე და იქვე აუხსნა, რომ „გაზეთი ბათუმელების“ მსგავსი მომსახურება – ბუკლეტის, ჩანართისა და ასე შემდეგ გავრცელება, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მისი კუთვნილი პარტიისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ამის მიუხედავად დეპუტატმა განაცხადა, რომ მას არ სურს „საჩუქარად მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის გაზეთი“. „ბათუმელებმა“ დეპუტატს ჰკითხა, სხვა რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდა უშუალოდ „გაზეთ ბათუმელების“ შინაარსთან, ან ხომ არ იგრძნობოდა მის შინაარსზე „თავისუფალი დემოკრატების“ გავლენა? – ივერი გუგუნავამ განაცხადა, რომ მას „მსგავსი განცდა არ აქვს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ივერი გუგუნავა ცოტა ხნის წინ თავად იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ის „ქართულ ოცნებაშია“. ივერი გუგუნავამ  წარსულში თავის პოლიტიკური კუთვნილების გამხელაზე „ბათუმელბთან“ თავი შეიკავა. „თქვენ რაში გაინტერესებთ, რომელი პარტიის წევრი ვიყავი. ამას ტელეფონში არ გეტყვით. თუ გინდათ ჩამოდით ქობულეთში და ისე გეტყვით“, – უთხრა საკრებულოს წევრმა „ბათუმეელბს“ სატელეფონო საუბარში.

 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ივერი გუგუნავა ჯერ არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ გაწევრიანების თხოვნით უკვე მიმართა სახელისუფლებო პარტიას.

 

სულხან ოქროპირიძისადმი დასმულ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა მისთვის ივერი გუგუნავას განცხადება იმას, რომ ამ კონკრეტულ დეპუტატს აქვს მიუღებლობა სხვა პოლიტიკური ძალის და, ზოგადად, პოლიტიკური პლურალიზმის, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს: „ქობულეთში პოლიტიკური პლურალიზმი რომ არის კარგად განვითარებული და ამაში პრობლემა არ არის, იქიდანაც არის ცხადყოფილი, რომ საკრებულოში 9 პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებას, მე როგორც ვიცი, მას ჰქონდა გამოწერილი „გაზეთი ბათუმელები“ და იქ იყო სხვა პარტიის რეკლამა, რომელიც ახდენდა იმ პარტიის რეკლამირებას. შესაბამისად, მან გადაწყვიტა, რომ მას აღარ სურს ამ გაზეთის გამოწერა“.

 

სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ მსაგავსი ჩანართები პირადად მას არ აღიზიანებს: „ჩემთვის პირიქით, ძალიან მისაღებია პოლიტიკური პლურალიზმი იქედან გამომდინარე, რომ ეს პოლიტიკურ ცხოვრებას მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. მე, პირადად, ვერ ვხედავ მაგალითად ვერანაირ პრობლემას ვისი სარეკლამო თუ სააგიტაციო მასალა იქნება გაზეთში. ეს დემოკრატიული პროცესია“.

 

რას ნიშნავს, როცა მედია ორგანიზაცია სარეკლამო დაკვეთის ფარგლებში ავრცელებს პოლიტიკური პარტიის გამოცემას, რას ნიშნავს, როცა საჯარო მოხელე ღიზიანდება მსგავსი გაზეთის მიწოდებაზე? – „ბათუმელების“ ამ კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა.

 

ზვიად ქორიძე: საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება ნებისმიერ მედიასაშუალებაში განათავსოს რეკლამა, ან ქვეყანაში არსებული სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით გაავრცელოს თავისი ბეჭდური პროდუქცია. ამის უფლებას ვერც ერთ პარტიას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. და თუ პარტიას მიაჩნია, რომ საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის საჭიროა გაზეთის გამოშვება და ის ეცდება რომელიმე მედიის სადისტრიბუციო ქსელის მეშვებით გაავრცელოს ეს გაზეთი, ამაში არაფერი არ არის ერთი მხრივ კანონსაწინააღმდეგო და მეორე მხრივ არაფრით არ უკავშირდება იმ მედია საშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომელიც ამ სარეკლამო ჩანართის გამავრცელებელია.

 

კანონი და მორალური კატეგორიაც იმას ითვალსწინებს, რომ მედია საშუალებამ უარი თქვას ისეთი რეკლამის, ჩანართის გავრცელებაზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შეუწყანრებლობისა და ომის პროპაგანდას. ასეთი რამ თუ არ არის, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ქცევა, განსაკუთრებით საჯარო მოხელის მხრიდან, შეიძლება შეფასდეს, როგორც მიუღებლობა პოლიტიკური პლურალიზმისა და იმისა, რომ ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და ამომრჩევლამდე მისი თანასწორად მიწოდების საშუალება.

 

ჩანართი, რომელიც დევს გაზეთში, ის არის სარეკლამო ხასიათის. მედია საშუალებამ ამისთვის მიიღო სარეკლამო შემოსავალი, შესაბამისად, ის მოქალაქე, რომელიც იღებს გაზეთს სარეკლამო ჩანართით, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის პოლიტიკური რეკლამა, რომელსაც პოლიტიკური პარტია ამ მეთოდით ავრცელებს.

 

თუ ამ საჯარო მოხელეს აქვს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკლამო პარტიულმა ჩანართმა მოახდინა გავლენა „ბათუმელების“ შინაარსზე, ან სარეკლამო გაზეთში მოთავსებული სტატია თუ ავტომატურად ხვდება გაზეთის მიერ მომზადებულ სტატიებში, მაშინ მას შეუძლია თქვას, რომ ამ ჩანართმა მოახდინა „გაზეთ ბათუმელების“ პოლიტიკაზე გავლენა და მე არ მინდა ასეთი „გაზეთი ბათუმელები“.

 

„გაზეთი ბათუმელები“, რომელიც ავრცელებს ცალკე აღბული პოლიტიკური პარტიის ჩანართს, მას აქვს სრული თავისუფლება ეს გააკეთოს და ეს სრულებითაც არ არის „პალიტიკური პროზელიტიზმი“, ანუ გაზეთი „თავისუფალი დემოკრატების“ ბეჭდურ გამოცემას არ გახვევს თავს, რომ გახდე ამ პარტიის წევრი ან ამომრჩეველი.

 

ხვალ, როცა უფრო გააქტიურდება სარეკლამო კამპანია, უფრო ბევრ პოლიტიკურ პარტიას გაუჩნდებასაარჩევნო ხასიათის ბროშურებისა და ჩანართების მოზადების სურვილი. თუ ამ კონკრეტულ მოქალაქეს, რომელიც ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ბროშურების გავრცელებით მისი პოლიტიკური უფლებები შეილახება, უკაცრავად, მაგრამ ეს საკმაოდ ტოტალიტარული აზროვნების შედეგია და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პლიტიკური პარტია, გარდა მმართველისა, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომლის დაცვის გარანტიც  საქართველოს კონსტიტუციაა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: