სიახლეები

დაკანონებული იძულება – რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

25.08.2015 • 1644
დაკანონებული იძულება – რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

 

მესტია
მესტია

კერძო საკუთრების უკანონო ექსპროპრიაციას, მოსახლეობის უკმაყოფილებას კომპენსაციის ოდენობით, 2004-12 წლებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, დღესაც გვხვდება პრეცენდენტები  (მაგალითად, ჩქაროსნული მაგისტრალის სუფსისა და შემოვლითი გზის არგვეთის მონაკვეთები).

 

გონიოს, წყნეთის, ანაკლიის, მესტიის, ბახმაროს, სხვა ტურისტულ და ინდუსტრიულ ზონებში, არასამთავრო ორგანიზაციების შეფასებით, მესაკუთრეების უფლებები მასობრივად დაირღვა, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხარვეზიანი კანონმდებლობით ხსნიან.

 

მსოფლიოში კი, ქონების იძულებით, მასობრივად და უკანონოდ ჩამორთმევის პრეცედენტები  მხოლოდ არადემოკრატიულ, დიქტატორული მმართველობის ქვეყნებში არსებობს. მაღალი ხარისხის დემოკრატიის  ქვეყნებში სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებაში საბაზრო ფასს სთავაზობს, ხოლო თუ ეს უკანასკნელი მაინც უარზეა, როგორც წესი, პროექტში ცვლილებები შედის.

 

ქართული კანონმდებლობა და კონკრეტულად “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ” კანონი, მესაკუთრეზე ორიენტირებული არაა, რის გამოც, არასამთავრობო სექტორი მასში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და თავიანთი რეკომენდაციების შეთავაზებას იუსტიციის სამინისტროსთვის უახლოეს მომავალში აპირებს.

 

კერძოდ, რა ხარვეზებია კანონში და რას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად, ამ საკითხებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის მენეჯერს, გია გვილავას ვესაუბრეთ.

 

კანონის უმთავრეს ხარვეზად რა მიგაჩნიათ?

უმთავრესი საკითხია კომპენსაციის გამოთვლა, რომ კანონში დაკონკრეტდეს თუ რა პროცედურით უნდა მიეცეს მესაკუთრეს ანაზღაურება. ამასთანავე, კანონის ძირითადი ხარვეზი ქონების შეფასებაშიც არის. როგორ უნდა შეფასდეს ქონება, ეს არსად წერია.

 

თუ გაქვთ სხვა ქვეყნების გამოცდილება შესწავლილი და რომელი ქვეყნის გამოცდილებით შეიძლება იხელმძღვანელოს საქართველომ?

ჩვენ შევისწავლეთ გერმანიის გამოცდილება, იქაური მაგალითები; საინტერესო შემთხვევებია, როდესაც მხოლოდ მესაკუთრის უფლებების დაცვა კი არ ხდებოდა, არამედ, იმ კომპანიის ან ფიზიკური პირის, რომელიც კონკრეტული მიწის ნაკვეთით სარგებლობს და იჯარით აქვს აღებული.

 

საქართველოში გვქონდა შემთხვევები, შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისას, როდესაც მიწის ნაკვეთი გაცემული იყო დიდხნიანი იჯარით და ამ მეიჯარეს ჰქონდა პატარა აგურის ქარხანა გაკეთებული. იყო ასევე აუზიც, სადაც თევზის მეურნეობა იყო გაშენებული. ექსპროპრიაციის გახორციელების შემდეგ კი, ამ მეიჯარეს კომპენსაცია არ მიუღია. მას გადაადგილება მოუხდა, რაც ძალიან დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული – ქარხანა გადაიტანა და აუზიც დააშრეს. ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში აბსოლუტურად იგნორირებულია.

 

ჩვენი რეკომენდაციაა, კანონი არა მხოლოდ მესაკუთრეზე, არამედ მოსარგებლეზეც იყოს ორიენტირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მესაკუთრის გარდა, კომპენსაცია ამ პირმაც უნდა მიიღოს.

 

რაც შეეხება ქონების შეფასებას, პროცესი გაურკვეველი და ბუნდოვანია: ზუსტად არ ვიცით, რა სტანდარტით ფასდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთები, რადგან ხშირად შევხვედრივართ შემთხვევებს, როდესაც გვერდიგვერდ განთავსებული ნაკვეთები სხვადასხვანაირადაა შეფასებული. რატომ? – ამას ვერავინ ამბობს.

 

აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს და დასავლური, ევროპული  ნებისმიერი სახელმწიფოს მაგალითებს უნდა ეყრდნობოდეს. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს მსოფლიო ბანკის და EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების სახელმძღვანელო პრინციპები, რადგან მათაც მრავლად აქვთ ეს პროცედურები გაწერილი. შესაბამისად, შეგვიძლია ამ პროცედურების გადმოღება და ახლის შემუშავება არ გახდება საჭირო.

 

გარდა ამ ხარვეზებისა, კიდევ რა არის კანონში შესაცვლელი?

თვითონ ექსპროპრიაციის დაწყების პროცესიც საკმაოდ ბუნდოვანია. პირველ ეტაპზე, სასამართლოც არის ჩართული პროცესში, რაც არ მიგვაჩნია აუცილებლობად – სასამართლო აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დავა და  მოსახლეობა არ ეთანხმება იმას, რომ კონკრეტული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა. ამ შემთხვევაში, დავა სასამართლოში უნდა წარიმართოს.

 

რაც შეეხება ექსპროპრიაციის დაწყებას, ეს უფლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. მაგალითად, გერმანიაში, ლანდების (მხარეების) მიხედვით, ერთ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლება გასცეს ექსპროპრიაციის ნებართვა. ამ პროცესს თავად ეს ორგანო უწევს ზედამხედველობას, თუ რამდენად შეასრულებს სხვადასხვა ორგანო, ან თუნდაც სახელმწიფო იმ მოთხოვნებს, რაც მათ დაუდგინეს. ეს ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს; მით უმეტეს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არავის უქრება და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ადამიანს, სასამართლოს მიმართოს.

 

საკმარისია პროცესში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იყოს ჩართული?

ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ სპეციალური უწყება ჩამოყალიბდება. ეს, შესაძლოა იყოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული უწყება, რომელიც ამ პროცესს წარმართავს და მეთვალყურეობასაც გაუწევს. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემები ექმნება ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირების დროს, ისინი უწყებას ვერ უკავშირდებიან, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის შემდეგ კი, აღმოჩნდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ არის საქმის კურსში. მაგალითად, იგივე პრობლემა იყო აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ჰესების მშენებლობას იწყებდნენ. მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა. იგივე პრობლემა იყო დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, როდესაც მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ასევე, მესტიაში, გრიგოლეთში და ანაკლიაშიც.  ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, უნდა იყოს სპეციალური უწყება ან დეპარტამენტი.

 

ამასთანავე, სავალდებულოდ ინფორმირების წესი უნდა დამკვიდრდეს, რადგან მოსახლეობამ წინასწარ იცოდეს რასთან აქვს საქმე და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ აქტივობას. უმნიშვნელოვანესია, მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება სავალდებულო წესით. ეს წესი კანონში ახლა არ არის გაწერილი.

 

ექსპროპრიაცია იძულებაა, რაც საკუთრების უფლებას იძულებით ზღუდავს, მაგრამ რეალურად თუ მოლაპარაკების შესაძლებლობა არსებობს, ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის აუცილებლობა საერთოდ არ დადგება. ამიტომ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კანონი უნდა ავალებდეს კერძო პირს, ან სახელმწიფოს, რომ მოლაპარაკება აწარმოოს მესაკუთრესთან. ანუ მოლაპარაკება სავალდებულო უნდა იყოს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა იწყებოდეს ექსპროპრიაციის პროცესი.

 

ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში დაირღვა მესაკუთრის უფლებები?

ვერ ვიტყვით, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემისას მესაკუთრის უფლებები დარღვეული იყო, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში დაირღვა. უმეტესწილად, ქონების შეფასების და კომპენსაციის გაცემამ გამოიწვია უკმაყოფილება. ეს ის საკითხია, როდესაც მესაკუთრეს აქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, ეს არის კანონის უკიდურესი გამონაკლისი და კანონი მაქსიმალურად ლოიალური და გამჭვირვალე უნდა იყოს. ლოიალური იმ კუთხით, რომ სხვადასხვა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა ამოიწუროს. სამწუხაროდ, არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები იმისა, რამდენ მესაკუთრეს დაათმობინეს ექსპროპრიაციის კანონის საფუძველზე საკუთრება. ჩვენ მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე ვიცით რა მდგომარეობა იყო. ეს, ძირითადად, არის 2008-2011 წლების – დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების პერიოდი. მაშინ, ხარვეზიანი კანონის გამო, მესაკუთრეების უფლებების დარღვევების ფაქტები ხშირად გვხვდებოდა.

 

რაც შეეხება კანონში სახელმწიფო გადაუდებელ საჭიროებად ქონების გამოცხადების პროცედურებს, არის თუ არა ამის კიდევ უფრო დაზუსტების აუცილებლობა?

მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდის შეიძლება ქონება ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამას აგვარებს კანონმდებლობა, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აწესებს. მეორე მხრივ კი, სასამართლოში იხვეწება ეს პრაქტიკა. აქ რაიმე განსაკუთრებული  და სასწრაფო ცვლილების გახორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავთ.

 

იცის თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ამ რეკომენდაციების შესახებ, ან თუ მუშაობს უწყება კანონში ცვლილების შესატანად?

ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსთან ან რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარი თავად სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა.

 

როდის მიმართავთ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით?

რეკომენდაციების დიდი ნაწილი დამუშავებული და შეჯერებულია ჩვენს ორგანიზაციაში, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობთ, ამ პროცედურებს მალე დავამთავრებთ და ჩვენს მოსაზრებებს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის გადავუგზავნით.

მწვანე ალტერნატივა
მწვანე ალტერნატივა

 

რეგიონული მედიის ასოციაცია
რეგიონული მედიის ასოციაცია

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში-

“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”.

საია
საია

 

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”. პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: