ყინულის ლომები ბათუმიდან

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi, ეინდჰოვენში, ლუმიერების თასზე, სინქრონული ციგურაობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მოციგურავეები კონკურსისთვის ბათუმის ყინულის სასახლეში ემზადებიან. კონკურსი ეინდჰოვენში წელს მეორედ ტარდება.

„გუნდში ყველას წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს. საპრიზო ადგილი ნამდვილად გვინდა. არც ერთი სპორტსმენი არ მიემგზავრება იმ შემართებით, რომ უნდა დამარცხდეს. ბუნებრივია, გვაქვს პრეტენზია საკუთარ თავთან, რომ უნდა გავიმარჯვოთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ Ice Lions Batumi-ს კაპიტანი ტატიანა ჯოჯუა.

„Ice Lions Batumi“ საქართველოში სინქრონულ მოციგურავეთა პირველი და ერთადერთი გუნდია. 2007 წელს ბათუმში ყინულის სასახლის გახსნისთვის შეკრებილი მოყვარული მოციგურავეები თავიდან მხოლოდ შოუებზე გამოდიოდნენ, როგორც დასი. დასის ყველა წევრი მცირეწლოვანი იყო, რადგან მანამდე ბათუმში ფიგურული სრიალის განვითარებისთვის არანაირი საშუალება არ არსებობდა.

მოგვიანებით დასი სპორტულ გუნდად იქცა და Ice Lions Batumi [თარგმანში – ყინულის ლომები ბათუმი] დაირქვა. პირველი წარმატება მოციგურავეებს 2015 წელს ჰქონდათ, როდესაც საერთაშორისო კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავეს. 2016 წელს კი, უნგრეთში გამართულ ბუდაპეშტის თასზე, შერეულ ასაკში, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი აიღეს. ამ გამარჯვებამ გუნდს საშუალება მისცა უმაღლეს, ეგრეთ წოდებულ სენიორების კატეგორიაში ეასპარეზა. ბათუმელი მოციგურავეები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს ეჯიბრებოდნენ. კონკურსზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს. მთავარი მიღწევა – 65,5 სალიცენზიო ქულის მოპოვება იყო.

2017 წელს გუნდმა ძველი წარმატება ვეღარ გაიმეორა, რადგან დაშლის პირას იყო მისული და 7 თვის მანძილზე ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია. Ice Lions Batumi-ს კაპიტანი, ტატიანა ჯოჯუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მიზეზი მოციგურავეთა პირადი ამბები იყო.

„პრობლემების წინაშე ვიდექით, რომელიც ყველა ახალგაზრდა გუნდს უდგას ხოლმე. ჩვენი გუნდიდან ზოგი აბიტურიენტია, ზოგი ახლა გახდა სტუდენტი, ზოგიც ამთავრებს… თან საქართველოში ძალიან ცოტა მოციგურავეა. ამ წუთას გუნდში 15 მოციგურავე ვართ და შემცვლელი არ გვყავს. ეს არის მაქსიმუმი. გარკვეულ ასაკს, 15 წელს უნდა მიაღწიო, რომ გუნდში იციგურავო. 15 წლის მოციგურავეები ძალიან ცოტაა, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში. შარშან დავიმატეთ ერთი გოგონა ზუგდიდიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ჩვენ უმაღლეს კატეგორიაში არ ვციგურაობთ და გამოვდივართ შერეული ასაკის კატეგორიაში, არის ის, რომ ვართ 15 მოციგურავე. სენიორების კატეგორიაში რომ იასპარეზო, მინიმალური მოთხოვნაა გუნდს ჰყავდეს 16 მოციგურავე,“ – ამბობს ტატიანა.

Ice Lions Batumi-ს დღეისათვის 14 გოგო და ერთი ბიჭი მოციგურავე ჰყავს. ზინაიდა აკოფოვა, ლინდა ბოლქვაძე, ანა ჩაკვეტაძე, გურამ ჩაკვეტაძე, მეგი დოლიძე, ანა ესებიძე, ანა ჯიქია, ტატიანა ჯოჯუა, ხატია კომახიძე, ქეთევან კოპალიანი, თამუნა ლომაძე, მილენა მურადიანი, მაგდა ნაკაშიძე, ანა შაქარიშვილი და ტატიანა შირ-ოღლი – ასეთია გუნდის შემადგენლობა.

ტატიანა ჯოჯუას თქმით, Ice Lions Batumi ევროპაში საკმაოდ კონკურენტუნარიან და პერსპექტიულ გუნდად აღიქმება. მიზეზი საერთაშორისო ასპარეზობაზე გამოჩენისთანავე მიღწეული წარმატებაა იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ფიგურული სრიალის პროფესიონალი მსაჯი არ ჰყავს.

„როდესაც მსაჯი არ გყავს, რთულია. გერმანია როდესაც მოდის, 7-8 მსაჯი მოყვება მხოლოდ ერთ გუნდს. ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ მათი გუნდები დაამარცხო“.

ტატიანა და გუნდის სხვა წევრებიც იმედოვნებენ, რომ ლუმიერების თასზე წარმატებას მიაღწევენ, რაც ბელგიისკენ გაუხსნით გზას Kempen Trophy-ს საერთაშორისო სინქრონული ციგურაობის კონკურსისკენ. ამ კონკურსში არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი გუნდები მონაწილეობენ.

მასალაში გამოყენებული ფოტოები გამოქვეყნებულია Ice Lions Batumi-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი