მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრი, რომელიც ბათუმის მერიის ტენდერებს იგებს: „ისტორიაში შევედი“ 

08.02.2018 • 7163
საკრებულოს წევრი, რომელიც ბათუმის მერიის ტენდერებს იგებს: „ისტორიაში შევედი“ 

ირაკლი პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებს და მოგებასაც. იგი ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ამავდროულად ბიზნესმენიცაა. ირაკლი პატარიძე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანიებში – „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE . ამ კომპანიასთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებენ.

საკრებულოში შესვლამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში 2014 წლიდან. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს მისი კომპანიები მაშინაც იგებდა.

17 იანვარი – ოთხი კონტრაქტი ერთ დღეში

2018 წლის 17 იანვარს ირაკლი პატარიძის „თრეიდინგ სერვისთან“ ოთხი კონტრაქტი ზედიზედ გააფორმა ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა“. „თრეიდინგ სერვისი“ ძირითადად ჰიგიენური ნივთების მიწოდებაზე მუშაობს. როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია ტენდერს არ აცხადებს და პირდაპირ უფორმებს ხელშეკრულებას მისთვის სასურველ კომპანიას, ამ დროს შესყიდვის ღირებულება 5 ათას ლარს არ უნდა აჭარბებდეს. ოთხი კონტრაქტის ჯამი 13 935 ლარია.

„სხვადასხვა კლასიფიკაციის კოდით განხორციელდა შესყიდვა,“ – განმარტავს დავით ლეკვეიშვილი, „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ამ კომპანიასთან პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულების დადება ლოჯისტიკის სამსახურმა ურჩია, „რომელიც ბაზარს სწავლობს“.

ხომ არ უკავშირდება ერთ დღეში ოთხი ხელშეკრულების გაფორმება იმას, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი ბათუმის საკრებულოს წევრია? – დავით ლეკვეიშვილი ირწმუნება, რომ ეს არაფერ შუაშია.

მერიის მიერ დაფუძნებულმა ამ ორგანიზაციამ ჰიგიენური ნივთების ნაწილზე ტენდერიც გამოაცხადა. ტენდერი აქაც „თრეიდინგ სერვისს“ მოუგია. საკრებულოს წევრის კომპანია ამ დროისთვის ორი ხელშეკრულების გაფორმებას ელოდება „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი ცენტრისგან“. ერთი ხელშეკრულების ფასი 9850 ლარია, მეორეს – 4140.

მერიის მიერ დაფუძნებული სხვა ორგანიზაციების ფავორიტიც საკრებულოს წევრის ბიზნესკომპანიაა. მაგალითად, ააიპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ“ მიმდინარე წლის 24 იანვარს 13 111 ლარზე გაუფორმა პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება „თრეიდინგ სერვისს“.

„სულ ორი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია ერთიანად ამ ნივთების მოწოდება. ეგ ყველაფერი ცალ-ცალკე მაღაზიებში რომ ვიყიდოთ, არ გამოვა, თან უმეტესობა არ მუშაობს ხელშეკრულებებზე. ჩვენთან მწირი ბაზარია ყველა მიმართულებით… სხვა კომპანიებისგანაც მივიღეთ ფასების ცხრილი. ეს ყველაზე კარგი არჩევანი იყო და დაინტერესების შემთხვევაში, გაჩვენებთ დოკუმენტებს. ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის სრული დაცვით. სულ 7 კლასიფიკატორი იყო ამ შესყიდვაში და არც ერთი მათგანი არ აჭარბებს 5 ათას ლარს,“ – გვითხრა „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ შესყიდვების სამსახურის უფროსმა, მალხაზ მახარაძემ.

2018 წელს „თრეიდინგ სერვისთან“ პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებები ასევე გააფორმეს: სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ 1670 ლარზე, ბათუმის სპორტულმა ცენტრმა – 1142 ლარზე, აჭარის უმაღლესმა საბჭომ – 2402 ლარზე.

სამი კონტრაქტი ერთ დღეში, შემოსავალი – 63 147 ლარი

 

სამი კონტრაქტი ერთ დღეში „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ გაუფორმებია ირაკლი პატარიძის კომპანიასთან. ეს 2015 წლის 20 თებერვლის ამბავია. ამ დროს ირაკლი პატარიძე ბათუმის მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის უბანში. მერის წარმომადგენლის კომპანიამ მერიის ბიუჯეტიდან ამ დღეს, ტენდერის მოგების შედეგად, ჯამში 63 147 ლარი მიიღო.

2015 წელს „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა TRADING SERVICE-სთან. 2015 წლის 9 ივლისს ირაკლი პატარიძის კომპანიამ „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ მორიგი ტენდერი ჰიგიენური ნივთების შეძენაზე 32 441 ლარად მოიგო, 30 ივლისს კი – 45 322 ლარად.

TRADING SERVICE-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი გოჩა აბუსელიძეა. ამ კომპანიას მერიისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების არაერთი ტენდერი აქვს მოგებული იმ პერიოდში, როცა ირაკლი პატარიძე ბათუმის მერიაში მუშაობდა.

ირაკლი პატარიძე: ისტორიაში შევიდა ჩემი სახელი და გვარი…

„ირღვევა კანონი რამენაირად? პრობლემას რატომ უნდა ვხედავდე. რა მნიშვნელობა აქვს, მე მუნიციპალიტეტში ვმუშაობ თუ არა,“ – ასეთი იყო საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის რეაქცია, როცა მას ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ: ხედავთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა თქვენს ბიზნესკომპანიასთან მერიის ორგანიზაციები პირდაპირ შესყიდვებს აფორმებენ.

„კომპანიას ჰყავს თავისი დირექტორი და მუშაობს თავისთვის. ჩემი მხრიდან ჩარევა და გავლენა გამორიცხულია. უბრალოდ, მე ვარ ამ კომპანიის დამფუძნებელი და მეტი არაფერი,“ – გვითხრა ირაკლი პატარიძემ.

რატომ წავიდა ირაკლი პატარიძე ბიზნესიდან საჯარო სამსახურში, როცა საჯარო მოხელეები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაბალი ჯამაგირის შემთხვევაში, ხალხი კერძო სექტორში გადავა?

ირაკლი პატარიძე: „თქვენ თუ ასეთი დაინტერესებული ხართ ჩემი ცხოვრებით და ჩემი მომავლით, მოდით და მოგცემთ ვრცელ ინტერვიუს. ხომ შეიძლება პირისპირ შეგხვდეთ და თვალებში ჩაგხედოთ?“

საკრებულოს წევრს განვუმარტეთ, რომ მისგან მხოლოდ განმარტების მიღება გვსურდა და არა ინტერვიუს ჩაწერა. ირაკლი პატარიძემ ბიზნესიდან მერიაში გადასვლა ასე ახსნა:

„მე ერთი ვარ მხოლოდ, ვინც ბიზნესიდან საჯარო სივრცეში გადავიდა? დრო მოდის და რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი. შეიძლება, ავდგე და ისევ ბიზნესში წავიდე. ჩემმა ცხოვრებამ განაპირობა ისე, რომ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი მერის წარმომადგენელი იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ. ისტორიაში შევიდა ჩემი სახელი და გვარი იმიტომ, რომ ერთი აგური მეც დავდე ჩემი უბნისა და ქალაქის განვითარებისთვის.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: