ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კოლეგა კანონს არღვევს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მირდატ ქამადაძე ერთი კვირის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა. „მირდატ ქამადაძის მხრიდან ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. როგორც ცნობილია, ის წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და ირკვევა, რომ ბატონი მირდატი, როგორც საკრებულოს მოქმედი თანამდებობის პირი, კვლავაც აგრძელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას“, – ამბობს სულიკო თებიძე.

მისი განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის, ასევე ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირს არ აქვს უფლება ეწეოდეს კერძო საადვოკატო საქმიანობას, მიუხედავად იმისა, ის ამ საქმიანობაში იღებს თუ არა ანაზღაურებას.

სულიკო თებიძის თქმით, „აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მირდატ ქამადაძემ ან არ იცის კანონმდებლობა, ან როგორც მისი წინამორბედი პოლიტიკური სუბიექტები, თვითონაც მიჩვეულია კანონმდებლობის დარღვევას.“

სულიკო თებიძე ამბობს, რომ საკრებულო აღნიშნული ფაქტის შესახებ ოფიციალურად მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას და სხვა უფლებამოსილ პირებს. „თავად პროფესიით იურისტ მირდატ ქამადაძეს მოვუწოდებთ, რომ კარგად გაერკვეს კანონმდებლობაში, ან დარჩეს პოლიტიკური თანამდებობის პირის პოზიციაზე, ან გააგრძელოს საადვოკატო საქმიანობა. ორივე საქმიანობის ერთდროული განხორციელება არის მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა“, -აცხადებს ის.

სულიკო თებიძემ ამ საკითხზე დღეს, 8 თებერვალს, საკრებულოში  ბრიფინგი გამართა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის მირდატ ქამადაძესაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ერთი კვირის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მართლაც იმყოფებოდა, მათი პარტიის წევრის – პაატა აციმბას სასამართლო პროცესზე და ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს თვითონ ესაუბრა.

მირდატ ქამადაძე: „სულიკო თებიძე არის ოროსანი, რადგან მე არ ვეწევი კერძო ანაზღაურებად საქმიანობას. მე ვიმყოფებოდი პაატა აციმბას სასამართლო პროცესზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და მისი ადვოკატი ვარ 2014 წლიდან ამ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც სასამართლო პროცესები მოვიგეთ.

ეს საკითხი, რაზეც დღეს სულიკო თებიძემ ბრიფინგი გააკეთა, თვითონ წამოვწიე საკრებულოში, რომ შემდეგ კითხვები არ გაჩენილიყო. კანონში ცალსახა ჩანაწერი არ არსებობს. განმარტება ვთხოვე საკრებულოს იურისტსაც და პირდაპირი პასუხი არც მას ჰქონდა. იმის ნაცვლად, რომ ამაზე პასუხი გაეცათ, ბრიფინგი გამართეს“.

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ის საადვოკატო საქმიანობას არ ეწევა და საკრებულოს მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ესაუბრა.

სულიკო თებიძესა და მირდატ ქამადაძეს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძებათ, როცა  2018 წლის 18 თებერვლის სხდომაზე ერთმანეთს „კაცურ კაცობაზე“ მიუთითეს. მაშინ სულიკო თებიძემ სხდომა დატოვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com