მთავარი,სიახლეები

გვინდა ნიშნები მხოლოდ შემაჯამებელ გაკვეთილში იწერებოდეს – ინტერვიუ თამარ ჯაყელთან

08.02.2018 • 21664
გვინდა ნიშნები მხოლოდ შემაჯამებელ გაკვეთილში იწერებოდეს – ინტერვიუ თამარ ჯაყელთან

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სექტემბერში უნდა ამოქმედდეს, მასწავლებელს შინაარსიანი გაკვეთილების ჩატარებას ავალდებულებს. საუბარია იმაზეც, რომ უნდა შეიცვალოს მოსწავლის შეფასების დღეს არსებული მოდელი და მოსწავლე შეფასდეს არა ყოველდღიურად, არამედ შემაჯამებელი ნიშნების მიხედვით.

ამ თემაზე „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ჯაყელი ესაუბრა.

ქალბატონო თამარ, ითქვა, რომ ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით მასწავლებელი აღარ იქნება ვალდებული ყოველდღე დაწეროს ნიშანი. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია? 

გადაწყვეტილება ნიშნებთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის, ამჟამად საბაზო საფეხურის სასწავლო გეგმის რევიზია მიმდინარეობს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ შეფასების სისტემა უნდა შეიცვალოს.

ცვლილების შემთხვევაში რა კრიტერიუმით შეაფასებენ მოსწავლეს?

ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით გვაქვს ორი ტიპის შეფასება. ერთი გულისხმობს მიმდინარე შეფასებას, მეორე კი -შემაჯამებელს. ახალ სასწავლო გეგმაში დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ წინ წამოიწიოს შინაარსიანი კონტექსტი. ისეთი დავალებები, რაც რაღაც ასპექტით კავშირშია ცხოვრებასთან.

მაგალითად, თუ ბავშვს ვეტყვით, რომ დაიმახსოვრე ეს ლექსიკური ერთეულები, მხოლოდ ამის გამო რატომ დაიმახსოვრებს? მაგრამ თუ ვეტყვით, რომ წერილი მისწეროს თანატოლს, ან დაწეროს ოჯახის შესახებ, მას ინტერესი გაუჩნდება. როცა ბავშვს ეუბნები, რომ გაესაუბრები წყლის აგრეგატულ მდგომარეობაზე, ეს ბავშვს არაფერს ეუბნება. მაგრამ თუ ვეტყვით – როგორ ფიქრობთ, რატომ მოდის წვიმა? ეს უკვე სხვაგვარად აინტერესებს მას. ამ ტიპის დავალებები მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას იწვევს.

დაახლოებით რამდენი შემაჯამებელი ნიშანი უნდა დაიწეროს სემესტრში ერთ მოსწავლეზე, რომ ის საბოლოოდ შეაფასონ?  

გააჩნია საგანს, მაგრამ ერთ თემაში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი გაკვეთილი აუცილებელია. სემესტრში ეს შეიძლება იყოს 3-4 ან მეტიც.

დღეს, ფაქტობრივად, სკოლაში განმავითარებელი გაკვეთილები არ ტარდება – ერთი მხრივ, არის სრულიად გადატვირთული პროგრამები, სხვადასხვა მოთხოვნა და მასწავლებლებსაც ურჩევნიათ ის დავალებები გააკეთონ, რაც მათი და სკოლის ბედს წყვეტს. ახალი სასწავლო გეგმით კი ძალიან განტვირთულია პროგრამა და წინ შინაარსიანი დავალებებია წამოწეული.

დღეს ბავშვების შესაფასებლად იწერება ნიშნები. ჩვენ გვინდა, რომ ოფიციალური ნიშნები იწერებოდეს მხოლოდ შემაჯამებელ დავალებებში.

განათლების სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ დღევანდელი გაკვეთილები, ფაქტობრივად, არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. ახალი სასწავლო გეგმა რას შეცვლის ამ მიმართულებით?

ამიტომ ვამბობთ, რომ  შემაჯამებელი დავალებები აუცილებლად უნდა იყოს შინაარსიანი. არის კატეგორია შეფასების, რომელიც ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული და არის განმსაზღვრელი, საერთო მოთხოვნებთან მიმართებაში, სად დგას ეს ბავშვი. შემაჯამებელი დავალება შეიძლება მოიცავდეს განმავითარებელ შეფასებასაც და მიმდინარესაც, ანუ კომპლექსური უნდა იყოს.

რამდენად მზად არიან პედაგოგები სისტემური ცვლილებისთვის?

როგორ უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს დროში სასწავლო გეგმები, აქამდე ასეთი ინსტრუმენტი არ იყო, ახლა ეს ინსტრუმენტი გვაქვს და ეს დაეხმარება მასწავლებლებს მიზნის მიღწევაში. მათ მიეწოდებათ კომპლექსური დავალებების იდეები, წლიური პროგრამებით შედგენილი გზამკვლევები, სადაც დეტალურად იქნება ყველაფერი მოცემული.

ამ კომპლექსური დავალებების შესრულება სავალდებულო იქნება, თუ პედაგოგს შეუძლია არ გამოიყენოს და ძველი მეთოდებით გააგრძელოს მუშაობა?

ჩვენ ვფიქრობთ არა განსჯაზე, არამედ შეფასება-დახმარებაზე. სადაც ვერ გაკეთდება, ვნახავთ რატომ ვერ კეთდება. იმისათვის, რომ დღეს არსებული სიტუაცია შეიცვალოს. თუ სკოლაში შინაარსიანი კონტენტი არ შევიდა, მთლიანად დაიკარგება სწავლის მოტივაცია. ის, რა აქტივობაც დღეს კეთდება სკოლაში, ხშირად სკოლის კედლებს იქეთ საჭირო არ არის. ამიტომ ვამბობთ, რომ სიახლეების დანერგვის პროცესი ცალმხრივი არ არის. მასწავლებელს შეუძლია გაჰყვეს ჩვენ მიერ შექმნილ ინსტრუმენტებს და გაკვეთილის გეგმადაც კი გამოიყენოს.

ინსტრუმენტები იმიტომ კეთდება, რომ მასწავლებლებს გაუადვილდეთ მუშაობა. გზამკვლევებს უნდა მოჰყვეს ტრენინგებიც. ოღონდ აქამდე არსებულისგან ეს ტრენინგები იმით იქნება განსხვავებული, რომ არ იქნება ზოგადი ხასიათის – ადრე ტრენინგები ტარდებოდა ზოგადი ხასიათის და [ახლა] იქნება იმაზე ორიენტირებული, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც სკოლებში სახელდება, არის ის, რომ მასწავლებლების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვას. ახალი სასწავლო გეგმით ამის შეცვლა თუ იქნება შესაძლებელი?

სასწავლო გეგმა არ არის ჯადოსნური ჯოხი. ვფიქრობთ, ბავშვები  პროცესებში რომ ჩავრთოთ, ამ მხრივ სასიკეთო სიახლეები გვაქვს. სამინისტროში გვყავს მასწავლებლები, ვისაც მიაქვთ სკოლებში ჩვენი შედგენილი დავალებები და ვცდით. ერთი დავალება იყო ასეთი, მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ზღაპარი პირველკლასელებისთვის, მაგრამ სანამ ამას შეადგენდნენ, პატარა კითხვარი უნდა ჩაეტარებინათ და გაერკვიათ, რა ინტერესები ჰქონდათ პირველკლასელებს. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა ბავშვებში. იმის თქმა მინდა, რომ შინაარსიანი დავალება ეს არის მოსწავლის აქტიურობისთვის მოტივაცია.

კიდევ რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებითი?

გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრეთ, სასწავლო გეგმას დაემატა თემა. იყო შიშები, საბჭოთა მოდელს ხომ არ ემსგავსება, მაგრამ ასე არ არის. თემას ჩვენ ვიღებთ როგორც შინაარსიან კონტექტს, რომლითაც უნდა დამუშავდეს ახალი სასწავლო მასალა.

თუ ბავშვმა ვერ დაინახა კავშირი სხვადსახვა ინფორმაციას შორის, მის მეხსიერებაში სტრუქტურული ცოდნა ვერ ყალიბდება. სიახლეა ასევე ის, რომ მეშვიდე-მეცხრე კლასებში გვაქვს გრძელვადიანი სასწავლო მიზნები. თუ აქამდე იყო ყოველწლიური, ახლა გვექნება საფეხურებრივი სტანდარტი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: