აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა არ იკლებს

აჭარის რეგიონი საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მიხედვით, თბილისთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად პირველ სამეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი” ავრცელებს.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი: ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის, ცემინების დროს. ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწვევს ინფიცირებას და დაავადებას. თუ გამომწვევი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებელყოფენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული.

დაავადება ვითარდება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას. ასე ხდება კვების, ყოფითი და შრომის პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი დაავადებების გადატანის დროს, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, განსაკუთრებით ასუსტებს იმუნიტეტს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

დღეს ბათუმში, ტუბერკულოზის სახელმწიფო სტრატეგიის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხის ეგიდით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდმა” საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე ამბობს, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზით დაახლოებით 3000 ადამიანი მკურნალობს, რაც 2007 წლის მაჩვენებლის ნახევარია. თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა (არაიდენტიფიცირებული შემთხვევები) რიცხვი უფრო მეტია.

გიორგი მაღრაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, აჭარის რეგიონში ეს მაჩვენებელი არ იკლებს, თუმცა არც მატულობს.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად 400-450-ია. ამის მთავარ მიზეზად იგი დაგვიანებულ მომართვიანობას და სტიგმას ასახელებს.

გიორგი მაღრაძეს მიაჩნია, რომ მოსახლეობაში ძალიან მწირია დაავადების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. იგი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი ტუბერკულოზის ნიშნების აღმოჩენისას, ოჯახის ექიმისთვის მიმართვაა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ტუბ-დაწესებულებაში გადაამისამართებს. ასეთი დაწესებულებები საქართველოს ყველა რეგიონშია, მათ შორის აჭარაშიც.

სიმპტომები: ტუბერკულოზზე ეჭვი ჩნდება 2-3 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული ზოგადი სისუსტის, უმადობის, ოფლიანობის, ტემპერატურის მატებისა და წონაში კლებისას, როცა ამ სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზი არ დგინდება

საქართველოში ტუბერკულოზის გამოკვლევისა და მკურნალობის პროგრამებს, ყველა კატეგორიის პაციენტისთვის, სახელმწიფო აფინანსებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა წელსაც ძალიან აქტუალურია მსოფლიო მასშტაბით. მედიკამენტებისადმი მედეგობით ხასიათდება ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიაც, თუმცა გიორგი მაღრაძის თქმით, ტუბერკულოზის ასეთ ფორმას თანამედროვე მედიკამენტებით მკურნალობენ, ამიტომ მიუხედავად სირთულისა, დაავადების ეს ფორმაც განკურნებადია.

რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული ათეულობით პაციენტი, ყოველწლიურად ფიქსირდება აჭარაშიც.

ჩვეულებრივი ტუბერკულოზის გარდა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I რიგის წამლებისადმი მგრძნობიარე ბაქტერია, არსებობს რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომელსაც იწვევს – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებისადმი მდგრადი ბაქტერია. ასეთ ბაქტერიაზე I რიგის ერთი ან რამდენიმე წამალი არ მოქმედებს.

ტუბსაწინააღმდეგო წამალი დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს მაშინ, როცა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი არასწორად მკურნალობდა ან შეწყვიტა მკურნალობა. ამიტომ ორგანიზმში დარჩა  ბაქტერიები, რომლებმაც ხელახლა დაიწყეს გამრავლება, გამოიწვიეს დაავადების გამწვავება და ამასთან, უკვე შეგუებულნი არიან მიღებულ წამლებს.

შესაძლებელია, რეზისტენტული ტუბერკულოზი გადაგედოთ ამ ფორმით დაავადებულთან კონტაქტისას. ამ შემთხვევაში ადამიანი თავიდანვე უკვე წამალმედეგი ბაქტერიებით, ანუ  თავიდანვე რეზისტენტული ფორმით ავადდება.

 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა რთულია და ხანგრძლივი, მაგრამ შედეგიანი, რადგან რეზისტენტულ ბაქტერიაზე მოქმედებს სხვა, ე.წ II რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლები. ეს წამლები უფრო ძვირადღირებულია, ახასიათებს მეტი გვერდითი მოვლენა, მაგრამ საქართველოში პროგრამის ფარგლებში რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა, გვერდითი და ალერგიული მოვლენების მართვა უფასოა.

 

ამავე თემაზე:  ბათუმში ”ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან