მთავარი,სიახლეები

რას ნახავენ ტურისტები მაღალმთიან აჭარაში

20.08.2015 • 7854
რას ნახავენ ტურისტები მაღალმთიან აჭარაში
მახუნცეთი/ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

თემურ დევაძეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ცენტრში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. იგი ამბობს, რომ ერთდროულად 6-8 სტუმრის მიღება შეუძლია. ერთი ადამიანი 50 ლარად სამჯერადი კვებით – ასეთია საოჯახო ტიპის სასტუმროს ფასი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. თემური „ბათუმელებთან” ამბობს, რომ ხელშეკრულებით დაქირავებული ჰყავს ათი ავტომანქანა და სურვილის შემთხვევაში სტუმრებს ტურისტულ მარშრუტს სთავაზობს. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით წელს უცხოელი ტურისტების რაოდენობამ სოფელში იმატა. სოფელს სტუმრობენ ქართველი დამსვებელებიც, თუმცა ქართველი ტურისტები სოფელში ღამისთევით იშვიათად ჩერდებიან.
“ახალგაზრდები ამოდიან ერთი დღით და უკან ბრუნდებიან, ჩვენთან რამდენიმე დღით 35 წლის ზემოთ ადამიანები რჩებიან”, – ამბობს თემური.

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

საფეხმავლო ტური სოფელ მერისის გარშემო, ბუნებისა და კულტურის ძეგლების მონახულება (ნამონასტრევის ჩანჩქერი, მერისის ისტორიული მუზეუმი) ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თემური ამბობს, რომ უცხოელ ტურისტებს ყველაზე მეტად ველური ბუნება მოსწონთ, აჭარული სამზრეულოდან კი ყველაზე მეტად – ხაჭაპური. ამ სოფელში მყოფ ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ ახლომდებარე სოფლის, გუნდაურის მინერალური წყალი, რომელიც ერთ-ერთი მოსახლის ეზოში მიწიდან ბუნებრივად ამოდის. ადგილობრივი მოსახლეობა მას სასმელად იყენებს.

სოფელ გუნდაურში ტურისტებს შეუძლიათ გაგრილდნენ მდინარე აკავრეთაში. მიუხედავად იმისა, რომ საბანაო არც ისე ღრმაა, ზაფხულობით იგი ადგილობრივებისა და მათი სტუმრების საყვარელი ადგილია, რადგან ძალიან გრილა.
სოფელ მერისის გარშემო ბევრი ჩანჩქერი, იქვე ახლოს კი საპიკნიკე ადგილია. ბათუმიდან ქედის მიმართულებით ტურისტს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს: “აჭარული ღვინის სახლი”, მახუნცეთის თემში, საავტომობილო გზასთან ახლომდებარე ისტორიული ძეგლი – თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში – ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი, შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში – ისტორიული მუზეუმი, ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. სოფელ გობრონეთის მიმდებარედ შესაძლებელია წონიარისის, ლატევრას, ცხმორისის ხიდებისა და ახოს მეჩეთის ნახვა.

შუახევის მუნციპალიტეტში, სოფელი ნიგაზეულში (ბათუმიდან – 78 კმ, ზღვის დონიდან – 800 მეტრი) ვიზიტისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. სოფელი ნიგაზეული მდებარეობს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ხეობას მიუყვება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ამ გზაზე გირჩევთ გაჩერებას დანდალოს ხიდთან, აქვე მსურველებს შეგიძლიათ ოთოლთისა და კავიანის ციხეებზე ასვლა, ჭვანას ხიდის მონახულება.

მაჭახელა/ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

დანდალოს ხიდი გზასთან სულ ახლოსაა, ხოლო ოთოლთის ციხე – გზიდან 2,3 კმ-ის მოშორებით.

ღირსშესანიშნაობები: ნიგაზეულის ციხე-გალავანი (XVIIIს), მეჩეთი და მუზეუმი, ყველა ეს ობიექტი მდებარეობს სოფლის ტერიტორიაზე. ნიგაზეულის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია. ჩანჩქერი სეზონურია და მხოლოდ გაზაფხულზე ჩამოედინება. სხვა სეზონზე, ძირითადად დამშრალი ან გაყინულია. ჩანჩქერთან მისასვლელი გზა რთულია, ამიტომ ბევრს შორიდან დათვალიერება ურჩევნია. სოფლის ქვემოთ, ნიგაზეულის გადასახვევთან, არის ფურტიოს ხიდი, აქვეა რესტორანი, აგრეთვე საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილები. შესაძლებელია საცხენოსნო და საფეხმავლო ტურების მოწყობა ჩანჩხალოს ციხეზეც. სამარშრუტო ტაქსი “ბათუმი-ნიგაზეული” ბათუმის ავტოსადგურიდან ყოველ დღეს გადის. მგზავრობის ფასი 5 ლარია.

კურორტი ბეშუმი ბათუმიდან 123 კმ-ში, ხულოს მუნცალიტეტში მდებარეობს. აქ ვიზიტისთვის საუკეთესო დრო ზაფხულია. ბეშუმი არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზეა შეფენილი, (გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრი, სიმაღლე- ზღვის დონიდან 2000 მეტრი). კურორტი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აგვისტოს შუა რიცხვებში აქ ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა ტარდება, შუამთობის ყველაზე ეფექტური სანახაობა კი დოღია. კურორტი თოვლითაა დაფარული ნოემბრიდან აპრილამდე.

გოდერძის უღელტეხილი. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

ბეშუმთან ახლოს, გოდერძის უღელტეხილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ადგილობრივები “მწვანე ტბას” უწოდებენ. ტბა ნაძვნარითა და წიფლნარით შემოსაზღვრულ უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული. ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებს. წყალი ისეთი კამკამაა, სარკესავით ირეკლავს მთებს. ტურისტებს შორის ეს ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე პოპულარულია.

მწვანე ტბა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლის, თამუნა კაიკაციშვილის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობაზე სტატისტიკური ინფორმაცია ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობამ იმატა. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ღვინის სახლებს სტუმრობს, უკრაინელები ველომარშრუტს ირჩევენ. ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში მაღალმთიანი აჭარიდან ყველაზე მოთხოვნადი მახუნცეთის ტურია, ხოლო თავად მაღალმთიან აჭარაში პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ტურისტული ობიექტები:

ქედა:
მახუნცეთის ხიდი და ჩანჩქერი; 2. ზენდიდის ციხე; 3. ზვარეს ეკლესია; 4. დანდალოს ხიდი.

ხულო:
თაგოს საბაგირო გზა; 2. მწვანე ტბა; 3. სხალთის მონასტერი 4. ხიხანის ციხე

შუახევი:
სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი და ციხე გალავანი; 2. ფურტიოს თაღოვანი ხიდი; 3. თამარის ციხე; 4. ოთოლთას ციხე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: