მთავარი,სიახლეები

გამომძიებელი კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმეზე: არ ვიცი, ვინ გადაიღო ვიდეო

06.02.2018 • 1827
გამომძიებელი კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმეზე: არ ვიცი, ვინ გადაიღო ვიდეო

შეკითხვა, რომელიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დღეს უპასუხოდ დატოვეს, ვიდეოკადრებს შეეხებოდა. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილ საბრძოლო მასალის საქმეზე. პროკურატურის ვერსიით, თურქეთის მოქალაქე ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

ფემბე ოლუნი სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები გაავრცელა, როგორ იპოვეს პოლიციელებმა ქობულეთში, მდინარის პირას კასრი, საიდანაც საბრძოლო მასალას იღებენ.

“ჩვენ მხოლოდ დასურათება მოვახდინეთ. ვიდეოგადაღების აუცილებლობა არ ყოფილა,” – თქვა დეტექტივ-გამომძიებელმა, გიორგი გამყრელიძემ. ის ამ სპეცოპერაციის დროს საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გამომძიებელს თავად ბრალდებულმა ჰკითხა, რატომ არ გადაიღეს ვიდეო, როგორ იპოვეს იარაღით სავსე კასრი.

“საიდან გაჩნდა მაშინ ვიდეოკადრები ტელევიზიებში? ყველა ტელევიზიას ჰქონდა ეს კადრები…”- იკითხა ადვოკატმა, ლევან მამულაძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეში ვიდეომტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ხოლო ფოტოსურათები ნაწილობრივ ასახავს საბრძოლო მასალის კასრიდან ამოღების პროცესს.

“მე არ მომიწვევია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები… ვინ რა გადაიღო, არ ვიცი”, – დასძინა გამომძიებელმა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ფემბე ოლუნი კასრიდან იარაღის ამოღებამდე დააკავეს. ოქმების მიხედვით, ფემბე ოლუნი 17:16 საათზე დააკავეს. კასრიდან იარაღის ამოღების პროცესი კი 19:27 საათზე დაიწყო.

ფემბე ოლუნის დაკავებამდე დაკითხული არ იყო ამ საქმის მთავარი მოწმე, ნუკრი მეგრელიშვილი. გამომძიებლებს სწორედ მან მიუთითა მდინარის სანაპიროზე კონკრეტული ადგილი, სადაც კასრი იყო ჩამარხული.

“ჩვენ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვმოქმედებდით, რომელიც დღის 2 საათზე მივიღეთ,” – აღნიშნა კიდევ ერთმა დეტექტივ-გამომძიებელმა, მალხაზ დიასამიძემ.

“რატომ არ მიაღებინეთ იარაღის ამოღებაში მონაწილეობა ფემბე ოლუნს? თან როცა ცნობილი იყო თქვენთვის, რომ მის წინააღმდეგ აგროვებდით მტკიცებულებებს?”, – იკითხა ადვოკატმა, ლევან მამულაძემ.

“მან უარი გვითხრა ნებისმიერი სახის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე,” – უპასუხა ადვოკატს გამომძიებელმა, გიორგი გამყრელიძემ.

“ამას არაფერი ადასტურებს, რომ უარი თქვა,” – შენიშნა ადვოკატმა.

სხდომის დასასრულს ბრალდებულმა კითხვა მოსამართლეს დაუსვა.

“არსებობს რამე სისტემა, რომლითაც დადგინდება, რომელი პოლიციელი სად იყო? ეს პოლიციელები იტყუებიან,” – თქვა ფემბე ოლუნმა.

მოსამართლე ლევან გელოვანი: “ეს შეკითხვა კონსულტაციური ხასიათისაა. თქვენ გყავთ კვალიფიციური ადვოკატი და ის გაგიწევთ დახმარებას”.

ამ თემაზე: კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: