მთავარი,სიახლეები

გერმანელი მკვლევარი კანონიერ ქურდებსა და კანონის გამკაცრებაზე

05.02.2018 • 2735
გერმანელი მკვლევარი კანონიერ ქურდებსა და კანონის გამკაცრებაზე

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე დააანონსა. კანონპროექტი პარლამენტში ჯერ დარეგისტრირებული არ არის და იგი არც მთავრობას გაუსაჯაროვებია. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასჯადი გახდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და ქურდული შეკრების ორგანიზება, მასში მონაწილეობა და ამ სამყაროს პასიური წევრობა.

„გამიკვირდა, რომ ხელისუფლება ისევ კანონის გამკაცრებაზე საუბრობს,“ – ამბობს გერმანელი მკვლევარი, იან კიოლერი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. ის საქართველოში 90-იან წლებში ქურდული სამყაროს ინსტიტუტს სწავლობდა.

ანთროპოლოგი იან კიოლერი ახლაც საქართველოშია და ლოკალურ კონფლიქტებს სწავლობს.

ქურდული სამყაროს შესახებ გერმანელ მკვლევარს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ბატონო იან, თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს ქურდული მენტალიტეტის არსებობას საქართველოში? 

თავდაპირველად ჩემი კვლევა არ იყო ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებული. მე ვსწავლობდი ანთროპოლოგიას და აქ ჩამოვედი 1992 წელს. ჩემი კვლევის საგანი იყო ძალადობა იმ პირობებში, როცა ერთი სახელმწიფო მთლიანად ქრება და მეორე სახელმწიფოს ფორმირება ხდება.

საქართველოში მე თვითონ მოვხვდი იმ გარემოში, რომელიც იყო სპეციფიკური  – ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, უბანი და ბირჟა, სადაც ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ ურთიერთობების გარკვევას, ისინი ამა თუ იმ ადამიანს გარკვეულწილად აფასებდნენ. შემდეგ მე შევხდი რამდენიმე ისეთ ადამიანს – ისინი იყვნენ ყოფილი პატიმრები და ე.წ. ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ. მათ ამიხსნეს, რაში იყო საქმე.

ამ საუბრებიდან ჩანდა, რომ სახელმწიფოს არარსებობა აძლევდა ახალგაზრდებს ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობას. სახელმწიფოს არარსებობამ მისცა ამ სისტემას გავრცელების დიდი შესაძლებლობა. მეორე მხრივ, ძალადობას სჭირდება რეგულირება. უკანონობის გარდა, ქურდული გაგება, თავის მხრივ, იყო ძალადობის შეზღუდვის მცდელობაც. ამიტომ გადაიქცა ის ყოფით მოვლენად და, ფაქტობრივად, ალტერნატიულ სამართლად. სახელმწიფო ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას და გაძლიერდა ეს ინსტიტუტი.

თქვენი კვლევა სრულდებოდა ამგვარად: „ქუჩის სკოლამ დაკარგა თავისი, სოციალურად მიღებული ღირებულება და ცოტა ხნის წინ რომანტიზირებული ქურდული სამყარო გადაიქცა სოციალური ქსოვილიდან სულ უფრო „ამოვარდნილ“ მაფიად“. დღეს სკოლის მოსწავლეები ქალაქებში ღიად საუბრობენ, რომ ქურდული სამყარო ალტერნატიული სამართალია, ისინი დადიან ქუჩურ გარჩევებზე… 

ფაქტია, რომ საქართველოში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება არსებობს ამ ინსტიტუტის, რომელიც ერთბაშად ვერ გაქრებოდა. მთავარი ფაქტორი, რის გამოც ის გაჩნდა საბჭოთა კავშირში, იყო სამართლის არარსებობა. ეს მაშინ საჭირო ინსტიტუტი გახდა.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც გარკვეული ნაბიჯები აჩენდა უსამართლობის განცდას.

როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლებაც ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის შეგრძნებას მოქალაქეებში და, ასე ვთქვათ, „თანაბარი თამაშის პრინციპებს“, რომელიც ადამიანებს მისცემდა შესაძლებლობას, ალტერნატიული სამართალი რომ ეძებონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში კატასტროფა ხდება, ან კრიზისია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ საკითხების ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

ხელისუფლება აპირებს კანონის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. თქვენი აზრით, როგორ იმუშავებს ეს? 

როცა მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ამკაცრებდა კანონს ამ კუთხით, მახსოვს, მაშინაც იყო კრიტიკული შეფასებები, მათ შორის, ევროპაში. ამბობდნენ, რომ ამ გზით შესაძლოა ხელოვნურად შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება, რადგან რეალურად რთული დასადგენია, ვინ უნდა მიიჩნიო ქურდული სამყაროს წევრად. ფაქტია, რომ ამ კანონმა საქართველოში იმუშავა და თავისი გავლენა მოახდინა.

ახლა, როცა გავიგე, რომ ხელისუფლება ისევ კანონის გამკაცრებაზე საუბრობს, გამიკვირდა. გამიკვირდა ის, რომ ეს ისევ საჭირო დარჩა. ფაქტია, რომ ქურდული სამყარო იმ სახით, რაც იყო 90-იან წლებში, ვეღარ დაბრუნდება. ეს შესაძლოა იყოს იმ სახით, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში – ორგანიზებული დანაშაულის სახით.

საინტერესოა, როგორ ისჯება ქურდული სამყაროს წევრობა თქვენს ქვეყანაში, გერმანიაში? 

გერმანიაში ისჯება ორგანიზებული დანაშაული და მკაფიოდ არის გაწერილი, რა არის ეს დანაშაული. მე იურისტი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, საჭიროა კონკრეტული გარემოებების გაწერა, რითაც დამნაშავის იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი. მთავარია, კანონში არ იყოს ჩანაწერი კონკრეტიზაციის გარეშე. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ზედმეტად გამოყენება ვერ უნდა მოხდეს. კანონის ჩანაწერი ფართოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ უნდა იძლეოდეს.

 

ამ თემაზე:

ქურდული სამყაროს აჩრდილები

გადაბეჭდვის წესი