მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ევროპაში დემოკრატიულ მმართველობას სწავლობს

05.02.2018 • 4089
ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ევროპაში დემოკრატიულ მმართველობას სწავლობს

ბათუმელი გიორგი სიხარულიძე ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, იოჰან სკაიტეს პოლიტიკის ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე – დემოკრატია და მმართველობა სწავლობს.

თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2017 წლის თებერვალში, გიორგიმ სასწავლო გრანტი მიიღო. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში კი ის გაცვლითი პროგრამით ესტონეთში და ბულგარეთში იმყოფებოდა. გიორგის თქმით, ევროპაში განათლების მიღების ორი მოტივი აქვს, ისწავლოს დემოკრატიული მმართველობა და კონფლიქტები.

„ევროპული და ქართული განათლების სისტემა ძალიან განსხვავებულია. ქართული უნივერსიტეტები თეორიაზეა გადართული, ევროპულ უნივერსიტეტებში კი დიდი ყურადღება ექცევა კვლევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი [კვლევები], რომელიც შენს  ქვეყანასთან ან უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული,“ – გვეუბნება გიორგი.

გიორგის დაკვირვებით, ქართული უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ურთიერთობები სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ევროპაში არის უშუალო და ღია. სტუდენტს განსაკუთრებით ის მოსწონს, რომ ნაკლებად იგრძნობა ბარიერები და არ „გჭირდება ლექტორს ხელის აწევით ესაუბრო“.

„ეს გაძლევს კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობას“, – ამბობს გიორგი. თავისუფალ დროს  სადისკუსიო წრეზე დადის, სადაც სტუდენტები თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე  მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. „ეს ინტერაქცია კი ძალიან კარგია.“

სასწავლო მოდელის მიხედვით, სტუდენტები ყოველ კვირაში იღებენ დავალებებს, რის შესახებაც თავიანთ აზრს აფიქსირებენ და უგზავნიან ლექტორს. თემაზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია დებატები და ცალკეული შემთხვევების ანალიზი. „საბოლოოდ, თითქმის ყველა საგანს აქვს კვლევითი ნაშრომი,“ – გვიყვება გიორგი.

რა არის თქვენი კვლევის თემა და რაზე აკეთებენ აქცენტს სტუდენტები ევროპაში? – გიორგის თქმით, ევროპელი სტუდენტების კვლევის თემა პოლიტიკაში მემარჯვენე პარტიების გააქტიურებაა:

„ეს პარტიები ძალიან მომძლავრდნენ ევროპაში. როგორ აგროვებენ ისინი ხმებს და როგორ მოქმედებს ელექტორატი. აი, ამაზე მიდის  კვლევა და დისკუსია“.

გიორგის თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების სტუდენტებს სამოქალაქო აქტივიზმის შესწავლა ნაკლებად აინტერესებთ, რადგან ეს მათთან არაპოპულარული, მოძველებული თემაა.

„სამოქალაქო აქტივიზმი ევროპული საზოგადოების ბუნებრივი მდგომარეობაა და ალბათ ამიტომ. ეს თემები ნაკლებად დემოკრატიულ ან დემოკრატიის გზაზე ახალშემდგარ სახელმწიფოებს უფრო აინტერესებთ. მაგალითად, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, საქართველო და ასეთი ტიპის ქვეყნები უფრო ინტერესდებიან ამით,“ – გვეუბნება ის.

გიორგი ამბობს, რომ კონფლიქტოლოგიის შესწავლის შემდეგ უფრო კარგად ეცოდინება, სად და რა მიმართულებით იმუშავებს საქართველოში.

„კონფლიქტოლოგიის მიმართულება საქართველოში საერთოდ არ არის განვითარებული, მაშინ როცა ორი კონფლიქტური რეგიონი აქვს ქვეყანას და მის მოსაგვარებლად შემრიგებლური ნაბიჯებია გადასადგმელი. სწორედ ამიტომ მინდა კონფლიქტოლოგიის შესწავლა, რომ შემდეგ სწორი პარალელები გავაკეთო ქართულ კონფლიქტებთან მიმართებაში,“ – გვეუბნება გიორგი.

რაც შეეხება პოლიტიკას, გიორგი სიხარულიძის თქმით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს იდეოლოგიური შტრიხები აკლია. შესაბამისად, ელექტორატი არ არის ჩამოყალიბებული, თუ ვის და რატომ აძლევს ხმას. „პოლიტიკური აპათიაა მოსახლეობაში, რადგან ვეღარ ხვდებიან, ვის რატომ უნდა მისცენ ხმა“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: