აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიას მოამზადებს, ამის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, ბათუმის მერთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამ შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ საზოგადოებას წარუდგინა პროექტი ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების შესახებ.

ამ დრომდე  ტურიზმის დეპარტამენტს ძველი ბათუმის მიმართულება არ ჰქონია და ბათუმში მდებარე ისტორიული სახლები, რომლებსაც განსაკუთრებული არქიტექტურა და ისტორია აქვს, ბათუმის ტურისტული ობიექტების ნუსხაში შეტანილი არ ყოფილა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის ინფორმაციით, ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგია იქნება რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომლის მოსამზადებლადაც დეპარტამენტი უახლოეს მომავალში ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

ამ დროისთვის დეპარტამენტი სატენდერო წინადადებას ამუშავებს. შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 150 000 ლარი იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი