მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ბიჭები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ – შოთა გუჯაბიძის ახალი დოკუმენტური ფილმი

03.02.2018 • 8465
ბათუმელი ბიჭები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ – შოთა გუჯაბიძის ახალი დოკუმენტური ფილმი

„ახალგაზრდა საქართველო“ – ასე ჰქვია რეჟისორ შოთა გუჯაბიძის ახალ, სატელევიზიო, დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საარქივო მასალებზე დაყრდნობითაა მომზადებული. ფილმი 1955 წელს ბათუმელი სკოლის მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ ანტისაბჭოთა ორგანიზაციაზე გვიამბობს, რის შესახებაც დახურული, გრიფით – „საიდუმლო“ საქმე აქამდე უშიშროების არქივში იყო დაცული.

„1955 წლის მაისში ბათუმელმა ბიჭებმა: გია სოსელიამ, იური გიგინეიშვილმა, ძმებმა – გივი და ბადრი ახვლედიანებმა შექმნეს ანტისაბჭოთა ორგანიზაცია და „ახალგაზრდა საქართველო“ დაარქვეს. 15-16 წლის იყვნენ, ერთი მათგანი იყო მხოლოდ 17 წლის, როგორც მახოვს. ორგანიზაციას თავისი მიზნები ჰქონდა, იარაღი უნდა შეეძინათ, რუსების წინააღმდეგ ებრძოლათ, პროკლამაციები დაებეჭდათ… მოახერხეს ის, რომ პროკლამაციები მართლაც გააკრეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი უშიშროებამ დააპატიმრა. გაიმართა სასამართლო, სხვადასხვა სასჯელი მისცეს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

დაკავებულებს ციხეში ყოფნა ცოტა ხანი მოუწიათ, მაგრამ, როგორც ფილმის რეჟისორი ამბობს, „აქ მთავარი სხვა რამეა – აღმოჩნდა, რომ ახალი ეროვნული მოძრაობა საქართველოში, 20-იანი წლების აჯანყებებისა და საბჭოთა რეპრესიების შემდეგ, სწორედ ამ წელს, ამ ფაქტით იწყება და არა თუნდაც 1956 წლის მარტის მოვლენებით, როცა გამოსვლა იყო თბილისში და იქ ეროვნული მოტივებიც აშკარად ისმოდა. სხვათა შორის, ანალოგიური პროცესი იმ დროს, 56 წელს, ბათუმშიც ხდებოდა და ფილმში ამასაც ეთმობა ადგილი“.

ამბავი ბათუმელი ბიჭების ანტისაბჭოთა ამბოხის შესახებ აქამდე გახმაურებული არ ყოფილა. შოთა ამბობს, რომ მას ამბის შესახებ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, ისტორიკოსმა, დათო ჯიშკარიანმა უამბო:

„მკვლევარმა დათო ჯიშკარიანმა იპოვა არქივებში წერილი: ინაური, უშიშროების პირველი პირი წერს მჟავანაძეს, რომ ბათუმში შექმნილია ანტისაბჭოთა, ტერორისტული ორგანიზაცია. ამის საფუძველზე დაიწყო ძებნა დათო ჯიშკარიანმა, იპოვა რაღაც ცნობები, დამიკავშირდა და მე უკვე ბათუმში გავაგრძელე ძებნა. ვიპოვე რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდნენ ამ ფაქტს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი გარდაცვლილია. ვიპოვე მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები, ფოტოები, დოკუმენტები, სახლები… საარქივო თხრობასთან ერთად ადამიანური ამბებიც არის ამ ფილმში.“

ამ ისტორიის შესახებ მასალებს შოთა გუჯაბიძე დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იკვლევდა, უშუალოდ ფილმს კი ორ თვეს იღებდა. ფილმის ქრონომეტრაჟი საათი და 8 წუთია.

„ახალგაზრდა საქართველო“ კვირას, 4 თებერვალს, 22 საათსა და 45 წუთზე იქნება ნაჩვენები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: