ქობულეთის გამწვანების სამსახური: ხის გადატანასთან კავშირი არ გვაქვს, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ

ციხისძირსა და ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები გეგმიურია და ხეების გადატანასთან კავშირი არ აქვს – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურში. დღეს, 3 თებერვალს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ციხისძირში ქობულეთის გამწვანების სამსახურის სამუშაოები გააპროტესტა.

ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირის აღმართთან გამწვანების სამსახურმა ხეების გასხვლა არა უსაფრთხოების, არამედ იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის სამი ხის ტრანსპორტირებას შეუწყოს ხელი.

„ეს სწორი არ არის“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ ზვიად რომანაძე, გამწვანების სამსახურის წარმომადგენელი. „- ჩვენ არანაირ ხეების გადატანაში არ ვართ ჩართული, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რომელიც გამწვანების სამსახურს ევალება. ხდება გეგმიური გადაბელვა და შესაბამისი ნებართვაც არსებობს. გამწვანების სამსახური წლების განმავლობაში ახორციელებს ასეთ სამუშაოებს ქალაქ ქობულეთში და მუნიციპალიტეტში ყველგან, სადაც მანქანები მოძრაობენ, რადგან გამოწეული ტოტები მანქანებს უშლის ხელს. ესაა მსუბუქი გადაბელვა“.

იგი უარყოფს ქობულეთის საკრებულოს წევრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხდება ასწლოვანი ფიჭვების გადაბელვა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა შაბათი სამუშაო დღე ქობულეთის გამწვანების სამსახურში, ზვიად რომანაძის თქმით, დებულების მიხედვით, მათ შეუძლიათ იმუშაონ შაბათსაც.

ხეების გადატანა ივანიშვილის ბაღისთვის 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. გასულ, 2017 წელს, სწორედ თებერვალში ამოთხარეს ხეები და ქობულეთიდან შეკვეთილში გადაიტანეს.

წაიკითხეთ ამ თემაზე: ივანიშვილის ხის გამო ავტომაგისტრალზე განათების ბოძები და საგზაო ნიშნები ამოთხარეს [ფოტო]

ამოთხრილი ხეების გატანა აჭარიდან ახლაც მიმდინარეობს.  ეს ფოტო დღეს, 3 თებერვალსაა გადაღებული შეკვეთილში.

შეკვეთილი, 3 თებერვალი. თედო ჯორბენაძის ფოტო

ამავე თემაზე: უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com