მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრი: ხეებს სხლავენ, რომ ივანიშვილის ბაღში სამი ხის ტრანსპორტირება შეძლონ

03.02.2018 • 2163
საკრებულოს წევრი: ხეებს სხლავენ, რომ ივანიშვილის ბაღში სამი ხის ტრანსპორტირება შეძლონ

„ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში ქობულეთის გამწვანების სამსახურის საქმიანობას აპროტესტებს. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირის აღმართთან გამწვანების სამსახურმა ხეების გასხვლა არა უსაფრთხოების, არამედ იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის სამი ხის ტრანსპორტირებას შეუწყოს ხელი.

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„დღეს, შაბათ დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სამსახური, გამწვანების სამსახური, გამოვიდა და არაფრისმომცემი ნებართვების საფუძველზე სხლავენ და ჭრიან ხეებს, თან ისეთი ხეებს, როგორიცაა, მაგალითად ასწლოვანი ფიჭვები, რომლებიც გასხლვის შედეგად კარგავენ სიცოცხლისუნარიანობას. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ აქედან სამი ხის ტრანსპორტირებას აპირებენ ახლო მომავალში და ტრანსპორტირებაში ეშლებათ ხელი.

ჩვენ დროებით შევაჩერეთ აქ სამუშაოები, გადავაყვანინეთ ტექნიკა, რომელსაც ჩაკეტილი ჰქონდა გზის სავალი ნაწილი სანახევროდ  და საცობი იყო შექმნილი, მაგრამ აქ ხომ არ გავათენებთ?! სავარაუდოდ, როცა წავალთ, ისევ განაახლებენ მუშაობას, ან ღამე ან ხვალ გამთენიისას. ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი აინტერესებს იმის გარდა, რომ ემსახუროს ოლიგარქის ინტერესებს“,  – ამბობს ბონდო თედორაძე.

მისივე თქმით, გამწვანების სამსახურმა მათ ქობულეთის მერიის გაცემული ნებართვა წარმოუდგინა, რომლის თანახმადაც, გამწვანების სამსახურს უფლება აქვს 15 თებერვლამდე გასხლას ხეები იმ მიზეზით, რომ ზამთარში გზის სავალ ნაწილზე მოძრავ ავტომობილებს საფრთხე ექმნება.

„თუმცა მთავარი მიზეზი ხეების ტრანსპორტირებაა, ასე მოხდა შარშანაც. ტექნიკაზე მომუშავე პირმა საერთოდ ვერ წარმოგვიდგინა თავი ვინ იყო.  კეთილი ნება მაქვს და ვემსახურებიო. გეკითხებით, ვის შეუძლია დღეს უსასყიდლოდ ემსახუროს ხელისუფლებას? ესაა მარაზმი, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლება არის ჩართული“, – ამბობს ქობულეთის საკრებულოს წევრი.

მისი ინფორმაციით, ამ ადგილიდან ერთი ქაფურის და ორი ევკალიპტის ხის გატანა იგეგმება ბიძინა ივანიშვილის ბაღში, შეკვეთილში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: