ნინო ბაციაშვილი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას მიიღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრმა, ნინო ბაციაშვილმა გიბრალტარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, მას ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ოფიციალურად „ფიდეს“ უახლოეს კონგრესზე მიენიჭება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, გიბლარტარში ნინომ მერვე ტურში უნგრელი ვაჟი საერთაშორისო დიდოსტატი გაბორ პაპი დაამარცხა, მანამდე კი ორ ვაჟ დიდოსტატს სძლია: გრიგორი ოპარინს (რუსეთი) და სეტურამანს (ინდოეთი).

ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელიც ამ წოდებას მიიღებს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება აქვს ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.

წაიკითხეთ ამ თემაზე: ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია

ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება გასულ წელს უნდა მიეღო, როცა ინგლისში, მენში გამართულ ტურნირზე შეასრულა ნორმა, თუმცა, როგორც სააჭადრაკო კლუბ „ნონაში“ აღნიშნავენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com