როგორ შეუძლია ქართველ მასწავლებელს მიიღოს ევროპული ხარისხის ნიშანი

პედაგოგები, რომელთაც ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამაზე – eTwinning Plusი. ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პედაგოგებსაც, რომლებმაც უცხო ენა არ იციან.

პროექტში ჩართული პედაგოგები მოიპოვებენ დამატებით კრედიტქულებს სქემის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და მიიღებენ ევროპული ხარისხის ნიშანს.

პროექტის კოორდინატორი ხატია მატკავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობა პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს,  სასკოლო გაკვეთილები უფრო საინტერესო გახადონ, უცხოელ პედაგოგებთან ერთად დაგეგმონ საგაკვეთილო პროცესი და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება:

„პროგრამის მიზანია, დაახლოვდნენ ქართველი და ევროპელი მასწავლებლები და ერთობლივად განახორციელონ სასკოლო აქტივობები. აქტივობა შეიძლება იყოს როგორც სოციალური ხასიათის, ასევე საგანმანათლებლო.“

პედაგოგს, რომელიც არ ფლობს უცხო ენას, პროექტის დაგეგმვა და გამოცდილების გაზიარება ევროპელ მასწავლებელთან შეუძლია ინგლისურის პედაგოგის დახმარებით.

„პროგრამაში ბევრი ისეთი პედაგოგი მონაწილეობს, რომელიც არ ფლობს კარგად უცხო ენას, თუმცა მაინც ახერხებენ ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობას და კომუნიკაციას“, – ამბობს ხატია მატკავა.

2017 წლამდე მასწავლებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა პროექტები ქართულ ენაზე წარმოედგინათ, თუმცა დღეს მათ ეს შესაძლებლობა აქვთ. მასწავლებელს eTwinning Plus-ის ელექტრონულ ფორმატში შეუძლია საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველ მასწავლებლებთან ერთად დაგეგმოს.

თუმცა, როგორც ხატია მატკავა ამბობს, ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობა მაინც პრიორიტეტად რჩება, რადგან პროგრამის არსი ქართველი მასწავლებლების ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობა და თანამშრომლობაა.

პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში პედაგოგს მეტი შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში და მიიღოს მასწავლებლის ევროპული ხარისხის ნიშანი. თუკი პედაგოგები მხოლოდ ქართულ პროექტებში ჩაერთვებიან, მხოლოდ ეროვნულ ხარისხის ნიშანს მიიღებენ.

„წარმატებული ევროპული პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი აკეთებს შესარჩევ კონკურსს და მასწავლებლებს ვუშვებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სემინარებზე“, – ამბობს ხატია მატკავა.

დღევანდელი მონაცემებით, პროექტში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 580 პედაგოგია ჩართული. როგორც ხატია მატკავა ამბობს, ყველაზე მეტად პედაგოგები თბილისიდან, კახეთიდან და იმერეთიდან აქტიურობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ბევრი სკოლაა, სამწუხაროდ, მხოლოდ 25 პედაგოგია ჩართული ამ პროექტში“, – ამბობს ის.

გასულ წელს, პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში 16-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 10 თებერვლიდან 25 თებერვლამდე. ავტობიოგრაფია და პროექტის გეგმა კი გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: etwinningplusgeo@tpdc.ge

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com