სიახლეები

რას ირჩევენ ტურისტები აჭარაში

05.08.2015 • 1746
რას ირჩევენ ტურისტები აჭარაში


ვიზიტორთა სტატისტიკა 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე. მომზადებულია აღნიშნული ობიექტებიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
ვიზიტორთა სტატისტიკა 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე. მომზადებულია აღნიშნული ობიექტებიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით

ბათუმის საბაგირო გზა „არგო“ ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია. 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე „არგომ“ 82 000 ბილეთი გაყიდა. „არგო“ გასულ წელსაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იყო, 2014 წელს ბათუმის საბაგირო გზით 227 841-მა ადამიანმა ისარგებლა.

 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, 2015 წლის პირველი იანვრიდან 28 ივლისამდე, 55 319 დამთვალიერებელი ეწვია, მათი უმრავლესობა – 39 300 ადამიანი, უცხოელი იყო. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უცხოელ ტურისტებს შორის თურქეთიდან ჩამოსული ჯგუფები ჭარბობენ.

 

ბოტანიკურ ბაღში აღრიცხავენ სტუდენტებსა და მოსწავლეებზე გაყიდულ ბილეთებსაც: წელს, ბოლო მონაცემებით, ბაღს 956 სტუდენტი და 4 889 მოსწავლე  ეწვია.  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10-წლამდე ბავშვები და იმ ოჯახების წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს. ბაღი უფასოდ წელს 779-მა ადამიანმა დაათვალიერა. გასულ წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღი 198 787 ადამიანმა მოინახულა. 

 

ბოტანიკურ ბაღში შესვლა საქართველოს მოქალაქეებს 3 ლარად, უცხოელებს 8 ლარად, სტუდენტებს –  2 ლარად, მოსწავლეებს კი 1 ლარად შეუძლიათ.

 

ბათუმის დელფინარიუმი წელს, ისევე როგორც გასულ წელს, ტურისტებისთვის საყვარელი ადგილების პირველ სამეულშია. წელს, 28 ივლისის მონაცემებით, დელფინების შოუზე დასასწრებად ბილეთი 39 598-მა ადამიანმა შეიძინა, გასულ წელს კი დელფინარიუმს 128 640 დამთვალიერებელი ეწვია.

 

აჭარაში მდებარე დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებს შორის მტირალას ეროვნული პარკი ტურისტებისთვის  ყველაზე ცნობილი ადგილია.  წელს მტირალას ეროვნული პარკი ჯერ მხოლოდ 5 576-მა ვიზიტორმა მოინახულა, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ ივლისში იმყოფებოდა 4599 ტურისტი მტირალაზე, მთლიანობაში კი, 2014 წელს მტირალას 22 968 ვიზიტორი ეწვია.

 

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს 2015 წლის იანვრიდან ივლისის ბოლომდე 1992 ვიზიტორი ეწვია. მათგან 1706 იყო ქართველი. ადმინისტრაციის უფროსის, ამირან ხინიკაძის განმარტებით, უცხოელებს შორის უკრაინელები, რუსები და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ჭარბობენ. გასულ წელს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე სულ 2 138 ვიზიტორი იმყოფებოდა. მათგან 2003 – ქართველი.

 

რაც შეეხება ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, ადმინისტრაციის დირექტორის, რევაზ მოისწრაფიშვილის თქმით, ისპანის ჭაობში წელს ვიზიტორების მატების ტენდენციაა. 2015 წლის ივლისის ბოლომდე ტორფნარი, რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს, 4 356-მა ვიზიტორმა მოინახულა, გასული წლის მანძილზე ვიზიტორების რაოდენობა 4300 იყო. რევაზ მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ მათი დაკვირვებით, იმატა ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან და უკრაინიდან.   

 

ტურისტებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი. წელს გონიოს 26 188 ადამიანი ეწვია. 2014 წელს კი – 66 314 ვიზიტორი.  

 

ბათუმში მდებარე მუზეუმებს შორის გასული წლის ზაფხულში ყველაზე პოპულარული ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი იყო. წელს მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა მუზეუმების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

 

დამთვალიერებლების რაოდენობით მუზეუმებს შორის ლიდერობს არქეოლოგიური მუზეუმი. მუზეუმს 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე 4 259 ვიზიტორი სტუმრობდა, 2014 წელს კი მუზეუმს, მთლიანობაში, 11 474 დამთვალიერებელი ჰყავდა. გასულ წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი და მთავარი ექსპოზიცია – არქეოლოგიურ მუზეუმში ამ გარემოებებით ხსნიან გასულ წელს ვიზიტორების მეტ რაოდენობას.


წელს, ივლისის ბოლომდე, აჭარის ხელოვნების მუზეუმს 3 337 დამთვალიერებელი სტუმრობდა, გასულ წელს კი, მთლიანობაში, ხელოვნების მუზეუმს 5 625 დამთვალიერებელი ეწვია.

 

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს წელს, 20 ივლისამდე, 619 ვიზიტორი ეწვია, მათგან 337 ფასიანი და 282 უფასო ვიზიტორი. გასულ წელს მუზეუმს სულ 1918 დამთვალიერებელი ჰყავდა.

 

წელს, ივლისის ბოლომდე, 1555 დამთვალიერებელი ჰყავდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს, გასულ წელს კი – 1130 დამთვალიერებელი. მუზეუმში ამბობენ, რომ ზაფხულობით მუზეუმს უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. 

 

2015 წელს, ივლისის ბოლომდე, 420 დამთვალიერებელი ჰყავდა რელიგიის მუზეუმს, გასულ წელს ეს მუზეუმი სულ 1027-მა ადამიანმა მოინახულა. 

 

2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე 97 ადამიანი ეწვია მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმს. გასულ წელს მუზეუმში სულ 335 დამთვალიერებელი იმყოფებოდა. მუზეუმში ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია სახლ-მუზეუმის დათვლიერება უფასოა. 


იმ ადგილებში, სადაც გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება, ამას უამინდობით ხსნიან და იმედოვნებენ, რომ აგვისტოში სტატისტიკა გაიზრდება.

 

იმავეს ფიქრობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტშიც. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს აჭარაში მდებარე კულტურული და ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციისთვის: მუზეუმების, ნაკრძალებისა და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაცია შედის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ გაიდებში, რომელსაც დეპარტამენტი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს. „ასევე, მედიატურების ფარგლებში ყოველთვის შეგვყავს მუზეუმებში უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები. ყველანაირად ვცდილობთ, მათ ვაჩვენოთ ეს პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ტურისტების მოზიდვას ამ ადგილებში. ეს ჟურნალისტები შემდეგ თავიანთ სტატიებში სწორედ ამ ობიექტებზე წერენ“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, გასული, 2014 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო აჭარაში ჩამოსული ტურისტების დინამიკით. წელს დეპარტამენტმა, ძირითადად, ამ ნაკადის შესანარჩუნებლად იმუშავა.

 

„ჩვენი მთავარი მიზანი წელს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ზოგადად შავი ზღვის აუზის ქვეყნებში შეიქმნა, იყო ნაკადის შენარჩუნება. ექვსი თვის მონაცემებით, გვაქვს ორპროცენტიანი ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გვაქვს კლება სომხეთის მიმართულებით, რაც აიხსნება წვიმიანი ამინდით, სომხური ბაზარი ძირითადად დაინტერესებულია ზღვით – წვიმაში არ ჩამოვიდნენ ტურისტები. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გვაქვს საკმაოდ კარგი სურათი.

 

არის მატებაც, მაგალითად, რუსეთიდან ტურისტების 2,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, პოლონეთიდან – 1,2-პროცენტიანი მატებაა, ყაზახეთიდან 9-პროცენტიანი მატება გასულ წელთან შედარებით, თურქეთიდან ჩამოსული ტურისტების დინამიკაც შენარჩუნებულია“.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ღირსშესანიშნავი ადგილების სტატისტიკის ანალიზს სექტემბრის ბოლოს, სეზონის დასასრულს გააკეთებს. სოფო გუჯაბიძის თქმით, ამის შემდეგ დეპარტამენტი გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემს.

 

„ბათუმელები“ აჭარის კულტურულ და ტურისტულ ადგილებში ვიზიტორთა სტატისტიკის ანალიზს სეზონის დასრულების შემდეგაც შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: