ზურაბ გურიელიძე ბათუმის ზოოკუთხის შესახებ: გორილა მომწონს და მინდა მყავდეს – ასე არ შეიძლება

ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო პერიოდში 40-მდე ცხოველი დაიღუპა, ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ცხოველები არასათანადო გარემოში ცხოვრობენ და მათი მოვლა სტანდარტების დაცვით ვერ ხერხერდება. რა შემთხვევაში იღუპებიან ცხოველები და როგორი უნდა იყოს მათი საცხოვრებელი გარემო შეზღუდულ სივრცეში? ამ თემაზე „ბათუმელები“ თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, ბათუმის ზოოკუთხეში  ცხოველების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. თუ ხართ ნამყოფი ამ ზოოკუთხეში და თქვენი შეფასებით, როგორ პირობებში ცხოვრობენ აქ ცხოველები?

კი, როგორ არა, ნამყოფი ვარ. სტანდარტებზე საუბარი რთული საქმეა, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სული ცხოველი ჰყავთ, როგორია კლიმატური პირობები და ა.შ თუმცა საერთაშორისო სტანდარტები არსებობს  და როგორც წესი, ამის დაცვა უნდა ხდებოდეს.

მაგალითად, ბათუმის ზოოკუთხეში შვიდი პრიმატი 5 კვ მეტრში ცხოვრობს. ნიშნავს ეს იმას, რომ ცხოველებს ძალიან ცუდად ვექცევით?

თავისთავად, 5 კვ. მეტრში არ უნდა ცხოვრობდნენ, ეს არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. თუმცა ზოგჯერ ფართობს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ზოგიერთი პრიმატისთვის, რომელიც მეხეურ ცხოვრებას ეწევა, სულერთია მიწის ფართობი, რადგან ის მიწაზე მაინც არ ჩამოვა, მას უნდა ჰქონდეს ვერტიკალურად განვითარებული ვოლიერი, რომელიც შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი. მარტო ფართობი, დიდიც რომ იყოს, არ არის გადამწყვეტი. არიან პრიმატები, რომლებიც გრუნტზე ცხოვრობენ, იგივე ბაბუინები, პავიანები და ა.შ. მათ, თავისთავად, ფართობი სჭირდებათ. არსებობს კომპლექსური მიდგომა, რასაც ჰქვია გარემოს გამდიდრება ცხოველებისთვის და ამის მიხედვით უნდა შეუქმნა ცხოველს შესაფერისი პირობები.

როგორც ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი ამბობს, ეს პრიმატები ათი წელია მეტლახზე ცხოვრობენ, რას ნიშნავს ეს მათთვის?

მეტლახი ცუდია, რადგან  პრიმატებს არ აქვთ კანქვეშა ცხიმოვანი საფარველი და ადვილად ცივდებიან. ამიტომ ემართებათ პნევმონია. სწორედ ამიტომ პრიმატების ვოლიერში ქვემოთ დაგებული უნდა იყოს ნახერხი, რადგან ის ისრუტავს სისველეს.

ზოოკუთხეში პრიმატები და ლემურები დახურულ ვოლიერებში ჰყავთ. ამბობენ, რომ ეს არის ზამთრის ვოლიერი. რამდენად შეიძლება რომ ცხოველები ამ ხნის მანძილზე ჰაერზე არ გამოვიდნენ?

ჩახუთული და მაღალი ტემპერატურა ვოლიერში არ შეიძლება. ტემპერატურა უნდა რეგულირდებოდეს.

ზოოკუთხეში არ მუშაობს ცენტრალური გათბობა და ელექტროგამათბობელია ჩართული, ეს რამდენად მიზანშეწონილია?

თუ მომვლელები არსებობენ, ისინი უნდა ახერხებდნენ სითბოს დარეგულირებას.  ჩახუთულობა  ხდება დაავადებების გავრცელების მიზეზი. ხშირად წარმოუდგენიათ, რომ რადგან  პრიმატები სამხრეთის ქვეყნების ცხოველები არიან, მათ სჭირდებათ სიცხე. ასე არ არის სინამდვილეში. მათ ტემპერატურის მონაცვლეობა, სუფთა ჰაერი ისევე სჭირდებათ, როგორც ზომიერი განედის ცხოველებს.

ვოლიერები უნდა იყოს ისეთი, რომ ცხოველს გარეთ გამოსვლა შეეძლოს. გაცილებით უფრო მკაცრი კლიმატის ქვეყნებში, თუნდაც ჰოლანდია  ან დიდი ბრიტანეთი რომ ავიღოთ, პრიმატებს თავისუფალი არჩევანი აქვთ – შევიდნენ დახურულ სივრცეში თუ იყვნენ გარეთ. ჩვენ გვყავს, მაგალითად, პავიანები და მაკაკები, რომლებიც საკმაოდ მკაცრ პირობებს არიან შეგუებულნი. მათ მაინც და მაინც თბილი ოთახები არ სჭირდებათ, მაგრამ თავშესაფარი უნდა ჰქონდეთ. ამიტომ ვოლიერი არის ღია და როცა უნდა გამოდის გარეთ, როცა უნდა არის თავშესაფარში. თვითონ წყვეტენ, სად ურჩევნიათ იმ მომენტში ყოფნა.

ლემურებისთვის რომელია უფრო ბუნებრივი გარემო? ბათუმის ზოოკუთხეში ისინიც პრიმატების მსგავს მდგომარეობაში არიან.

ჩვენს ლემურებსაც [თბილისის ზოოპარკში] აქვთ არჩევანის საშუალება. ის, რომ ზამთარში დახურულ ვოლიერში იყოს და ზაფხულში ღიაში, ასე არ არის. სიცივეშიც შეუძლიათ გარეთ იყვნენ, თუკი თვითონ მოისურვებენ. როცა მზე გამოდის, ეფიცხებიან ხოლმე. ვოლიერში უნდა იყოს სიმყუდრევე, ორპირი ქარი არ უნდა წარმოიქმნას, ასეთი რამეები გასათვალისწინებელია.

კატისებრი ლემურები ბათუმის ზოოკუთხეში

ბათუმის კლიმატი როგორი იქნება მათთვის?

ბათუმი არ ხასიათდება მკაცრი ზამთრით და ლემურების ჰაერზე ყოფნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ტროპიკებში ტენიანობაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ბათუმში, ასე რომ, ეს პრობლემა არ იქნება მათთვის.

ზოოკუთხეში ოთხი კენგურუ დაიღუპა და მარტო დარჩენილი ერთი კენგურუ თბილისის ზოოპარკში გადმოიყვანეს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო მათი დაღუპვის მიზეზი, რას ვერ შეეგუენ ისინი?

მიზეზი ბევრი შეიძლება არსებობდეს. შესაძლებელია გაუჩნდეთ დაავადება ტოქსოპლაზმა, ერთუჯრედოვანი პარაზიტი, რომელიც დამღუპველია კენგურუებისთვის.  ეს დაავადება გადააქვთ კატებს. ადამიანებსაც ემართებათ და ხშირად ვერც კი იგებენ აქვთ თუ არა. ასევე, კენგურუებზე ძალიან მოქმედებს სტრესი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოქმედებამ, რომელსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ.

რადგან ცხოველები გვყავს, ალბათ უნდა ვიცოდეთ ამ პრობლემების მართვაც. მაგალითად, როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ ცხოველი სტრესშია?

ეს ვოლიერების დაგეგმარებიდან გამომდინარეობს. ვოლიერებში ცხოველებს უნდა ჰქონდეთ კომფორტული გარემო. როცა მობეზრდება  ადამიანების ყურადღება, მას უნდა ჰქონდეს დამალვის საშუალება. თუ ამის საშუალება არ აქვს, განიცდის. ვოლიერში უნდა იყოს მოწყობილი  ბუნებრივი ბარიერები  და არ უნდა იყოს ჩაკეტილი. ზოგიერთი ცხოველი უნდა გაიქცეს, ზოგს შეუძლია ბალახებში ჩაწვეს და ისე დაიმალოს.

ზოოკუთხეში დაიხოცნენ ირმებიც. ირმების ბუნება როგორია, რას ვერ ეგუებიან ისინი დატყვევებულ პირობებში?

ყველა ცხოველს სჭირდება შესაბამისი პირობები. ზოგი ცხოველი უფრო მგრძნობიარეა სტრესისადმი, ზოგი – ნაკლებად. ეს შეიძლება ინდივიდუალურადაც კი იყოს გამოხატული.

რა პერიოდულობით უნდა ხდებოდეს  ზოოპარკში ცხოველების გამოკვლევა?

ბუნებრივია, დაკვირვება სისტემატურად უნდა ხდებოდეს. თუ ცხოველი არ ჭამს, მოწყენილია, ქცევა იცვლება, ამას ყურადღება სჭირდება და უნდა ჩაერთოს ვეტექიმი. დანარჩენი მისი კვალიფიკაციის ამბავია, როგორ შეაფასებს ამას. თუ საჭიროა ცხოველის ტრანკვილიზაციაც უნდა მოხდეს, რომ ჩატარდეს უფრო ღრმა გამოკვლევები. არსებობს დაავადებები, რომლებმაც  შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემია და ვერ გააჩერებ ვერანაირად.

შეიძლება ცხოველების მიმართ ჩადენილ სისასტიკედ მივიჩნიოთ ის, რაც ბათუმის ზოოკუთხეში ხდება? რამდენად გამართლებულია ცხოველების ყოფნა გარემოში, სადაც მათი უფლებები დარღვეულია?

ადამიანები თავისთავად სასტიკად არ უნდა მოექცნენ ცხოველებს, მაგრამ რომ არა ზოოპარკები, ცხოველების 30 პროცენტი უბრალოდ არ იარსებებდა.  კლასიკური მაგალითია სუმატური მარტორქის აღდგენა, რომ არა ზოოპარკები, ეს ცხოველი გაქრებოდა.

როცა მათ გადარჩენას ვუწყობთ ხელს, გასაგებია, მაგრამ როცა პირიქით ხდება?

ნებისმიერ პატარა ტერიტორიაზე შეიძლება შექმნა კარგი ზოოპარკი, თუმცა მეტი ძალისხმევა გჭირდება ამისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ცხოველები  გეყოლება. გარდა იმისა, რომ ცხოველები ნორმალურ პირობებში უნდა გყავდეს, თითოეულ ცხოველს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია, ანუ რატომ არიან ისინი ზოოპარკში. შესაბამისად, უნდა აწარმოებდე იქ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კონსერვაციულ მუშაობას. სხვანაირად ის უბრალოდ ვერ გახდება ზოოპარკების საერთაშორისო თანასაზოგადოების წევრი.

ბათუმის  ზოოკუთხე შესაძლებელია არსებობდეს საგანმანათლებლო მიზნით, ეს იქნება ალბათ უფრო მისაღები და კოლექცია, ანუ სახეობების შემადგენლობა უნდა იყოს შერჩეული ძალიან ფრთხილად.  მომწონს გორილა და მინდა, რომ მყავდეს, – ასე არ შეიძლება. გორილა რისთვის უნდა გყავდეს, ეს უნდა იცოდე. ამიტომ, შენ უნდა შექმნა კოლექციის გეგმა და ამას უნდა ჰქონდეს თავისი დასაბუთება, ახსნა, თუ რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com