სიახლეები

შვიდი ეზოს ამბავი ბათუმში – 6 აგვისტოდან

05.08.2015 • 1724
შვიდი ეზოს ამბავი ბათუმში – 6 აგვისტოდან

6 აგვისტოდან ქართველი და უცხოელი ხელოვანები ძველ ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, შვიდი ეზოს ამბებს გააცოცხლებენ. მზადების პროცესი უკვე დაწყებულია. პროექტში მონაწილე არტისტები პატარა, ბათუმურ ეზოებში იცხოვრებენ და აქ იმუშავებენ.

„ახლა სამუშაო პროცესის პირველი ფაზაა. ეზოს ამბებში მონაწილე მხატვრები აქტიურად მუშაობენ კონცეფციებზე, დადიან ეზოებში, ცდილობენ მოსახლეობა ჩართონ, განავითარონ იდეები,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი მარიამ ნატროშვილი.

ჟორდანიას ქუჩაზე, ერთ პატარა ეზოში, ორი უცხოელი ხელოვანი მუშაობს. ისინი აქ მცხოვრებთათვის სადილს ამზადებენ და მათთან ერთად შიშსა და სიყვარულზე საუბრობენ. „ეს ურთიერთობის ხელოვნებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნებაში სწორედ ისაა, რომ ხელოვნება ადამიანებთან ერთად იქმნება,“ – ამბობს პორტუგალიელი ხელოვანი ფერნანდო მესკიტა. ის „ბათუმის ეზოს ამბებში“ პირველად მონაწილეობს, თუმცა როგორც ამბობს, სახელოვნებო სოციალურ პროექტებში ევროპის არაერთ ქვეყანაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ბათუმში ავსტრიელ მეუღლესთან ერთად არის ჩამოსული, ეზოს ამბების შექნაში ისიც მონაწილეობს. კორნელია გაზქურასთან დგას და სადილს ამზადებს.
ფერნანდო ამბობს, რომ პროექტის მონაწილეები „ფეისბუქის“ მეშვეობით დაუკავშირდნენ, კონკურსში მონაწილეობა შესთავაზეს და ასე აღმოჩნდნენ ბათუმში. წელს მათთან ერთად ბათუმის ეზოს ამბებში კიდევ ოთხი უცხოელი არტისტი იქნება ჩართული. ფერნანდოს მსგავსად, ისინიც „ეზოს ამბების“ შექმნაში პირველად მონაწილეობენ.

„მონაწილეებიც და ეზოებიც ყოველ წელს იცვლება. იცვლება დამატებითი სივრცეც, შარშან ასეთი სივრცე აბანო იყო, წელს კი ნოე ჟორდანიას ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი შენობა ავარჩიეთ, სადაც საუნდ პერფორმანსი გვექნება. აქ გამოიფინება ნამუშევრების ნაწილიც,“ – ამბობს მარიამი.

„ბათუმის ეზოს ამბების“ მთავარი არსი ხელოვანებისა და მოსახლეობის ერთად მუშაობაა. დასავლეთში, როგორც მარიამი ამბობს, ამ პროცესს მონაწილეობრივ, სოციალურად ჩართულ ხელოვნებას ეძახიან.

„ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ხელოვნება აღიქმება როგორც ორ განზომილებაში გაკეთებული ფერწერა კედელზე. თანამედროვე ხელოვნებაზე ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ადამიანებს. ზუსტად ამისთვის არის კარგი ეს პროექტი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც არ დადიან გალერეებსა და მუზეუმებში, გაიგონ თანამედროვე ხელოვნების შესახებ,“ – ამბობს მარიამი.

პროექტში მონაწილეობს ბათუმელი ხელოვანი გოჩა ჟღენტიც. მისი თქმით, თავიდან რთულია, მაგრამ შემდეგ ადამიანები ინტერესით ერთვებიან ეზოს ამბების გაცოცხლებაში.

„არტისტი უნდა შეეცადოს, რომ რეალური ამბავი ხელოვნებაში გადაიტანოს და ადამიანებს სხვა ფორმით აჩვენოს,“ – ამბობს გოჩა.

მარიამი ეზოს ამბებში მონაწილე ერთ ქალზე გვიამბობს: „მედეა ჰქვია. მან გვაჩვენა თავისი ფოტოალბომები, სადაც კოლაჟები აქვს გაკეთებული. მასთან ერთად ფოტოგრაფი ქეთა ღვინეფაძე იმუშავებს, ქეთა გადაიღებს ფოტოს, მედეა კი კოლაჟებს გააკეთებს. გარდა ამისა, მედეა ძალიან კარგად მღერის და ეს კომპონენტიც იქნება გამოყენებული.“

 „ბათუმის ეზოს ამბები“, ხელოვანების თქმით, არის ადამიანების კულტურის, მათი ყოველდღიური ცხოვრების ხელოვნების ენაზე „თარგმნა“, შემოქმედებით სივრცეში გადატანა და ადამიანებში შემოქმედებითი პროცესის გაღვივება.

„ბათუმის ეზოს ამბები“ სამ დღეს გაგრძელდება. პირველ დღეს შერჩეულ შვიდივე ეზოში გაიხსნება პროექტი და მოეწყობა კატალოგების პრეზენტაცია, სადაც თავმოყრილი იქნება „ეზოს ამბების“ სამწლიანი ისტორია. მეორე დღეს აჩვენებენ ფილმს, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, იაპონელი რეჟისორის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

მესამე დღე კი დაეთმობა საუნდპერფორმანსს – „ეზოში ავი ძაღლია“. პროექტში მონაწილეობს რვა ქართველი და ექვსი უცხოელი ხელოვანი: ნატალია ავალიანი, გიორგი მაღრაძე, ქეთა ღვინეფაძე, თამუნა ჩადუნელი, ფრენსის ბელზერი, [შვეიცარია], კორნელია აუინგერი [ავსტრია], ფერნანდო მანველ დოს სანტოს მესკიტა [პორტუგალია], მაგდალენა სპარსკა [პოლონეთი], იან ჰუდოჟილოვი [ჩეხეთი/შვეიცარია], ალბერტო ალგაიერი [ავსტრია], გიორგი ქათამაძე, ზურა ჩართოლანი, გოჩა ჟღენტი, გიორგი შენგელია/ქეუ მეფარიშვილი.

მონაწილეები კონკურსის წესით, პორტფოლიოების მიხედვით შეარჩიეს.

თვალი ადევნეთ პროექტს ფეისბუქზე: ბათუმის ეზოს ამბები/Batumi Backyard Stories IV

გადაბეჭდვის წესი