ქობულეთის მერი სამსახურებს გაუფრთხილებლად ამოწმებს

ქობულეთის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური ღონისძიებები გატარდა. ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“, შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ და სოფელ ხუცუბნის მუსიკალური სკოლის 6 თანამშრომელი გააფრთხილეს. დისციპლინური დარღვევები – სამუშაო საათებში  სამსახურის თვითნებურად დატოვების ფაქტები – ამ ორგანიზაციებში მერის მოულოდნელი ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს TV25 -მა გაავრცელა.

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ მერიას დაქვემდებარებული სამსახურების შემოწმება 24 იანვრიდან დაიწყო. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

ბატონო მირიან, რა მიზანი ჰქონდა შემოწმებას, რატომ გადაწყვიტეთ სტუმრობა ამ დაწესებულებებში?

მე ვარ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი. დაწესებულებები, რომელთა მონახულებისა და საქმიანობის შესწავლა გვაქვს დაგეგმილი, წარმოადგენენ მერიის მიერ  დაფუძნებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს. კოორდინაციისა და კონტროლის ფუნქცია გააჩნია მერიას. ახალარჩეული მერი უნდა იცნობდეს ყველა ამ დაწესებულების საქმიანობას.

ამ საქმიანობას გავაგრძელებთ აუცილებლად.  მომავალში გვაქვს დაგეგმილი ამ დაწესებულებების ოპტიმიზაცია, რაც თავისთავად  თანამშრომლების რიცხოვნობის შემცირებას არ გულისხმობს.  ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, არის ზოგიერთი დაწესებულება, რომელიც შპს-ს სახით არის ჩამოყალიბებული და ის პასუხისმგებელია, რომ მისი საქმიანობა იყოს მოგების მიღების მიზნით, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული საბიუჯეტო სახსრებზე. ამ კუთხითაც ვგეგმავთ სხვადასხვა რეკომენდაციის შემუშავებას. გვინდა ასეთი დაწესებულებების საქმიანობა უფრო რენტაბელური და ეფექტიანი გახდეს.

რა სურათიც დაგხვდათ, რამდენად ელოდით? მაგალითად, იყავით ინფორმირებული იმის შესახებ, რომ თანამშრომლები სამსახურში არ დადიოდნენ?

არა, მე, მართალი გითხრათ, ამის შესახებ… იქ რომ მივედით, სურათი მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი იყო. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი მუშაობდა ჩვეულებრივად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ მოვალეობებს. ძირითადი საქმიანობა მიმდინარეობდა სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ იყო გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას და არც იყო გაფრთხილებული ზემდგომი ხელმძღვანელი იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა ის.

ეს  წარმოადგენს შრომითი მოვალეობების დარღვევას. სამუშაო საათების დროს მოხელე უნდა იმყოფებოდეს სამუშაო ადგილას, ჩვენი მხრიდან აღინიშნა ეს  და მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია დაწესებულების ხელმძღვანელს, რომ დაწესებულების მიზნებიდან გამომდინარე, მას შეეძლო გაეტარებინა ან არ გაეტარებინა დისციპლინარული ხასიათის ზომები.

თქვენ თქვით, რომ გეგმავთ ოპტიმიზაციას. რა იგულისხმება ოპტიმიზაციაში?  

ჩვენი მიზანი არაა ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლება, დასჯა. ჩვენი მიზანია, რომ დაწესებულება, რომელიც მერიის სახელით მოქმედებს და რომელიც არის  მერიის მიერ დაფუძნებული, ეს დაწესებულება  უნდა პასუხობდეს ყველა შესაძლო თანამედროვე გამოწვევას და მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოების სამსახურში. მის მიერ გაწეული ყველა საქმიანობა უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნას. ეს არის ჩვენი მიზანი.

ბატონო მირიან, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ზედმეტი სამუშაო შტატები ქობულეთის საჯარო სტრუქტურებში?

საზოგადოებრივი ინტერესი მესმის ოპტიმიზაციასთან და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა  დავიტოვო უფლება, რომ დღეს ამ თემაზე არ ვისაუბრო.  ჩვენ ჯერჯერობით ვართ ამ საკითხის შესწავლის რეჟიმში, პროცესში.  სწორედ ამიტომ შესაძლებელია მომავალში დაიგეგმოს, როგორც მერიის სამსახურების, ასევე დაქვემდებარებული დაწესებულებების რეორგანიზაცია – ოპტიმიზაციის პროცესი… მაგრამ მე, როგორც იურისტმა, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია, მაინცადამაინც  დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას არ გულისხმობს. თუკი იქნება იმის აუცილებლობა, თუკი დასაქმებულთა რიცხოვნობა იქნება ჭარბი და შესაბამისად აუცილებლად დადგება უკიდურესი ღონისძიების სახით  შტატების, სამუშაო ადგილის შემცირება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ  გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და  კანონთან შესაბამისი პრაქტიკის შესაბამისად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

მე მიმაჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ეს შეიძლება იყოს უკიდურესი, ასე ვთქვათ, მექანიზმი და საშუალება იმისათვის, რომ მიაღწიო შენთვის სასურველ ორგანიზაციულ მოწყობას. თუნდაც მერიის ცენტრალურ სამსახურში, თუნდაც დაქვემდებარებულ დაწესებულებაში. ზოგადად, ხარჯების ოპტიმიზაცია და ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება საქმიანობის ნაყოფიერების გაზრდა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი