მთავარი,სიახლეები

70-160 კილომეტრი ბათუმისკენ და უკან – მთაში მცხოვრები აბიტურიენტის გზა 

01.02.2018 • 3549
70-160 კილომეტრი ბათუმისკენ და უკან – მთაში მცხოვრები აბიტურიენტის გზა 

მაღალმთიან აჭარაში აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს ბევრი ფიქრი უწევთ იმაზე, თუ სად შეარჩიონ კვალიფიციური რეპეტიტორი, თავიანთ მუნიციპალიტეტში თუ ბათუმში იარონ მოსამზადებლად. ბევრი აბიტურიენტი სწორედ ამ ბოლო გზას ირჩევს და მიუხედავად შორი მანძილისა, ბათუმში არჩევს მომზადებას.

მეთორმეტეკლასელი ლილე აბესლამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მილისში ცხოვრობს. ლილეს ექიმობა უნდა და ოთხ საგანში ემზადება. ამბობს, რომ მხოლოდ ერთ რეპეტიტორთან დადის ქედაში, კიდევ ერთი საგნის რეპეტიტორთან სოფელ – ახალშენში, ხოლო ორ საგანში მოსამზადებლად კვირაში ორჯერ – ქედიდან ბათუმში.

სოფელი მილისი ბათუმიდან 35 კილომეტრითაა დაშორებული. თუ კი ლილე დილის 8 საათზე სოფლიდან ბათუმისკენ მიმავალ „მარშუტკას“ ვერ მიუსწრებს, 7 კილომეტრის გავლა ფეხით უწევს, სოფლიდან ცენტრალურ საავტომობილო გზამდე. გარდა იმისა, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ბათუმში ჩასასვლელად ლილეს მისთვის ყველაზე ძვირფასი – დრო ეკარგება, რეპეტიტორისთვის გადასახდელ თანხას მგზავრობის თანხაც ემატება.

„ქართულსა და ინგლისურში ბათუმში ვმეცადინეობ, ბიოლოგიაში მოსამზადებლად სოფელ ახალშენში ავდივარ. ინგლისურსა და ქართულში 80 ლარს ვიხდი, მათემატიკაში – 100 ლარს. მართალია, მგზავრობაში საკმაოდ დიდი თანხა მეხარჯება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღებული განათლების ხარისხია,“ – ამბობს ლილე.

ლილეს ოჯახი ოთხ საგანში მოსამზადებლად თვეში 260 ლარს იხდის. ლილე აპირებს მუშაობა დაიწყოს და ოჯახს ფინანსური მდგომარეობა ასე შეუმსუბუქოს.

„მაკდონალდსში“ მუშაობის დაწყებას ვაპირებ, პრაქტიკა გავიარე და ზარს ველოდები. მუშაობა საშუალებას მომცემს, ჩემი სწავლის საფასური გადავიხადო და ოჯახს შეღავათი გავუკეთო. სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბევრი შრომა გვიწევს წარმატების მისაღწევად, ქალაქში მცხოვრებთათვის გაცილებით მარტივია, ყველაფერზე ხელი მიუწვდებათ, კარგ რეპეტიტორებზე, სამსახურებზე, თუნდაც დაბალ ანაზღაურებადზე, ინტერნეტზე… ეს კი ბევრი თუ არა, მინიმალური მაინცაა. კლასში 11 ვართ და მხოლოდ ორს გვაქვს გადაწყვეტილი სწავლის გაგრძელება. ჩემსავით ისინიც ხან ბათუმში დადიან სამეცადინოდ და ხან ქედაში“, – ამბობს ლილე.

ლილეზე კიდევ უფრო შორი გზიდან – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისიდან უწევს რეპეტიტორთან სიარული ქეთი ძირკვაძეს. ქეთიც აბიტურიენტია. ის ბათუმში დადის რეპეტიტორებთან და ამისათვის სკოლასაც აცდენს. ქეთის უნდა ბიზნესის ადმინისტრირება თსუ-ში ან ილიაუნიში ისწავლოს და ეროვნული გამოცდებისთვის მზადება რეპეტიტორებთან სექტემბრიდან დაიწყო.

„კლასში სულ 10 მოსწავლე ვართ, თითქმის ყველა აპირებს სწავლის გაგრძელებას და მეცადინეობენ კიდეც რეპეტიტორებთან. სხვები სოფელში ემზადებიან და როგორ ვიცი, შედარებით იაფადაც. სოფელში ყველაზე ძვირია უცხო ენაში მომზადება, დაახლოებით 50 ლარი ღირს. ვერ ვიტყვი, რომ სოფელში პედაგოგები ნაკლებად ძლიერები არიან და ქალაქის პედაგოგებს ჩამოუვარდებიან. უბრალოდ, სოფელში ყველა ყველას ახლობელი და მეზობელია, ამიტომაც იაფად ამეცადინებენ“, – ამბობს ქეთი.

ზოგიერთი აბიტურიენტის მშობელი ფიქრობს, რომ აჭარის მთიანეთში პროფესიონალი რეპეტიტორების ნაკლებობაა, განსაკუთრებით ზოგად უნარებში. სწორედ ამიტომ აგზავნიან შვილებს ბათუმში მოსამზადებლად.

დაბა შუახევში მცხოვრები აბიტურიენტის მშობელი დავით დავითაძე ამბობს, რომ მის შვილს, ნიკას, ბათუმში ურჩიეს მომზადებულიყო ზოგად უნარებში. ნიკა ბათუმში ქართულ ენაშიც ემზადება, რეპეტიტორის გადასახდელ თანხას მგზავრობის ხარჯიც ემატება – ნიკას ერთი დღე სამეცადინოდ ბათუმში ჩასვლა 8 ლარი უჯდება, რადგან შუახევიდან ბათუმამდე მგზავრობის ფასი ერთი მიმართულებით  4 ლარია.

„ყველაზე კარგი ის იქნება, სკოლას ისეთი პედაგოგი ჰყავდეს, რომ რეპეტიტორთან მომზადება არ დასჭირდეს აბიტურიენტს, ან ადგილზე მაინც იყვნენ ისეთი პედაგოგები, რომ შუახევიდან ბათუმში არ უწევდეთ ბავშვებს სიარული. არიან პედაგოგები, რომლებიც აქაც ამზადებენ აბიტურიენტებს სხვადასხვა საგანში, მაგრამ როცა საქმე არჩევანზე მიდგება, ვისაც მინიმალური შესაძლებლობა აქვს, შვილის მოსამზადებლად რეპეტიტორს ქალაქში არჩევს“, – ამბობს დავითი.

თეონა ტაკიძე დაბა ქედაში ცხოვრობს. იგი ეროვნული გამოცდებისთვის სამ საგანში ემზადება. თეონა ამბობს, რომ ქედაში ყველაზე მოთხოვნადი ზოგადი უნარების რეპეტიტორია, თუმცა ყველაზე ძვირი ინგლისურ ენაში მომზადება ღირს. თეონას ოჯახი სამ საგანში მის მოსამზადებლად თვეში 200 ლარს ხარჯავს. ზოგად უნარებში მომზადების ფასი 50 ლარია, იგივე ღირს მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურში კი – 100 ლარი.

„ქედაში ზოგადი უნარების ორი ცნობილი რეპეტიტორია, შესაბამისად, მათ დაკავებული გრაფიკი აქვთ და აბიტურიენტებსაც ჯგუფურად ამეცადინებენ. მე კმაყოფილი ვარ მომზადებით. კვირაში სამი დღე ვმეცადინეობთ, კლასში 35 მოსწავლე ვართ და დაახლოებით 25 დავდივართ რეპეტიტორთან“, – ამბობს თეონა.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ ქედისგან განსხვავებით უცხო ენაში მომზადება გაცილებით იაფია ხულოში, ხოლო ზოგად უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში – უფრო ძვირი.

ელდარ ჯავახიძე აბიტურიენტია დაბა ხულოდან. მისი თქმით, ხულოში ცნობილი რეპეტიტორები სკოლაში არ ასწავლიან და მხოლოდ რეპეტიტორობით არიან დაკავებული. ელდარის თქმით, ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორთან მომზადება ხულოში, ზოგად უნარებში, 60 ლარია, ამდენივე ღირს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება, ხოლო ინგლისურში – 50 ლარი.

„რეპეტიტორთან სამ საგანში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და ზოგადებში ვმეცადინეობ, ხოლო ისტორიაში – დამოუკიდებლად. სამ საგანში მომზადება თვეში დაახლოებით 150 ლარამდე მიჯდება. აქ ყველაზე მოთხოვნადი ზოგადი უნარების რეპეტიტორია, ასევე მოთხოვნადია ინგლისური ენა“.

ელდარი ამბობს, რომ „აბიტურიენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ან არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ მომზადების საფასური, რეპეტიტორები უფასოდ ამეცადინებენ“.

____________________

მთავარ ფოტოზე: გზა მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: „ბათუმელები”/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: