ბათუმელი მეზღვაურები ლიბიის ციხეში

მეხუთე თვეა, რაც ლიბიაში, ქალაქ ტაჯურას ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურები – გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე თავისუფლებას ელიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ მეზღვაურთა დასახმარებლად, თუმცა ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

„საქართველომ, პირველ რიგში, რაც გააკეთა, დაკავებულებს აუყვანა ადვოკატი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ არის კვალიფიციური. ამ საქმეში არაა ჩახედული საერთოდ. ჩემს  ძმას ერთხელ შეხვდა სულ და მაშინაც უთხრა, თქვით, რომ ლიბიაში საერთოდ არ ყოფილხართო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დაკავებული ქართველი მეზღვაურის, რომან კაკალაძის და სალომე კაკალაძე. სალომეს არ სჯერა, რომ მისი ძმისა და სხვა დაკავებულთა დასახმარებლად რამე ქმედითი სამუშაოები ტარდება.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილი ნავთობმზიდი ტანკერი REX-ი ლიბიაში, 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერის მეთაური ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე იყო.

დაკავების შემდეგ მეზღვაურები ლიბიის ციხეში რთულ პირობებში აღმოჩნდნენ. არ ჰქონდათ საკვები და წყალი. საქართველოში ოჯახებს სთხოვეს ფულის გაგზავნა.

„ღამის ორ საათზე დამირეკა, სალომე ასე ვეღარ გავძლებ, თავს მოვიკლავო. გავგიჟდი ლამის. გადავრეკე საგარეოში, ავაწრიალე ღამის ორ საათზე მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოხერხდა ის, რომ მე და ხოხბას ოჯახმა სატესტოდ გავუგზავნეთ 40 დოლარი. ადვოკატმა მიუტანა ეს თანხა. 40 დოლარიდან 10 დოლარი მისცა ჩემს ძმას და უთხრა, დარჩენილი 30 დოლარით მოგიტანთ საჭმელს და წამლებსო. წამლების სია წაიღო და ერთი თვე არ გამოჩენილა. ორი სასამართლო პროცესი ისე ჩატარებულა, ეს ადვოკატი არ ყოფილა პროცესზე. ამ ადვოკატს როგორ უნდა დაეყრდნო?“- კითხულობს სალომე კაკალაძე.

სალომემ და დაკავებული მეზღვაურების ოჯახებმა მეორედ თანხის გაგზავნა თურქეთის საელჩოს დახმარებით შეძლეს. 150 დოლარი ჯერ ანკარაში, თურქეთის საელჩოში გადარიცხეს, შემდეგ იქიდან ტრიპოლში, თურქეთის საკონსულოში. სალომე ამბობს, რომ არა მისი ძმის მოხერხება, რომელმაც სასამართლო პროცესზე თურქეთის საელჩოს ნომერი მოითხოვა და შემდეგ მათ მიმართა, შესაძლოა თანხის გადარიცხვა ვერ მოხერხებულიყო.

„მე ყოველდღე მაქვს კონტაქტი საგარეოსთან [სამინისტრო], საკონსულო დეპარტამენტთან. ნებისმიერ დროს შემიძლია დავრეკო, ყველა კითხვაზე მცემენ პასუხს, მაგრამ საქმე არ კეთდება. მეუბნებიან, ამ საქმეში ჩართულია უნგრეთი, თურქეთი, მაგრამ შედეგი არაფერი არაა,“ – ამბობს სალომე.

რომან კაკალაძე, ნუკრი ხოხბა და გენადი კომახიძე
ფოტოკოლაჟი: ამერიკის ხმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რადგან საქართველოს ლიბიაში არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა, დახმარებისთვის თურქეთის რესპუბლიკას და მის დიპლომატიურ მისიას მიმართეს ქალაქ ტრიპოლიში, რათა მათი ჩართულობით მოგვარებულიყო საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა თუ ჰუმანიტარული საკითხები.

„რის შემდეგაც თურქულმა მხარემ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, დაკავებულები მოამარაგა საკვებითა და სასმელი წლით, ასევე ერთ-ერთ დაკავებულს აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება. საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე პერიოდულად ამჟამადაც აწვდის მათ საკვებსა და წყალს“,  – მოგვწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

რა სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად? – ამ კითხვის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ბათუმელებს“ მოსწერეს:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ჩაერთო ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების, როგორც საკონსულო, ასევე სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის პროცესში. უწყებამ დიპლომატიური არხების გამოყენებით მოახდინა დაკავებული თანამოქალაქეებისთვის სამედიცინო და ჰუმანიტარული ხასიათის დახმარების აღმოჩენა, სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა,  ადგილზე პარტნიორი ქვეყნების საელჩოების ჩართულობა. საქმის მსვლელობაში უშუალოდ არის ჩართული საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლები ეგვიპტეში, თურქეთში, იტალიასა და გაეროში. საკონსულო დეპარტამენტს მუდმივი კონტაქტი აქვს დაკავებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებულად იგეგმება მომდევნო მოქმედებები. მიმდინარე კვირას ვგეგმავთ ოჯახის წევრებთან მორიგ შეხვედრას“.

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების უფლებებს კომპანია „Eshrif & Eshetwi Law and Legal Consultancy Firm“ იცავს, რომელსაც რეკომენდაცია ლიბიაში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა  გაუწია, ანალოგიურ საქმეებში ამ კომპანიის გამოცდილების გათვალისწინებით.

ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულ „თურქ მეზღვაურებთან ადვოკატი სისტემატურად მიდის“, მაშინ, როცა „ქართველებს თავიანთი ადვოკატი ბოლო ორი თვეა თვალით არ უნახავთ“. ოჯახის წევრები ამბობენ იმასაც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაქირავებულმა ადვოკატმა დაკავებულთა გასათავისუფლებად 24 ათასი დოლარი მოითხოვა. „30 დოლარი მიითვისა და 24 ათასი როგორ უნდა ვანდოთ?“ – კითხულობენ მეზღვაურთა ოჯახის წევრები.

„ბათუმელებმა“ ჰკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რატომ არ ხვდება ადვოკატი დაკავებულ მეზღვაურებს და ვინ უნდა გადაიხადოს მისი მომსახურების თანხა – დაკავებულთა ოჯახის წევრებმა თუ სახელმწიფომ.

„ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების ადვოკატიც შეფერხებით ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას. რაც შეეხება ადვოკატის მხრიდან ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას,  მოგახსენებთ, რომ ადვოკატი საქმის საწყის სტადიაზევე გაეცნო გამოძიების მასალებს, ინახულა დაკავებულები, დაესწრო სასამართლოს საორგანიზაციო სხდომას, განახორციელა დაცვის კონკრეტული ღონისძიებები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქალაქ ტრიპოლიში არსებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე  შეფერხებით მიმდინარეობს უშუალოდ საგამოძიებო პროცესი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების ადვოკატიც აწყდება გარკვეულ შეფერხებებს საგამოძიებო უწყების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, რაც შეეხება კონკრეტულ თანხას და მომსახურების პირობებს, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ადვოკატი საქმეში ჩართულია ფინანსური ანაზღაურების გარეშე,“ – მოგვწერეს პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა, თარჯიმნის საკითხს ეხებოდა. დავინტერესდით, იქნებოდა თუ არა მომავალ სასამართლო სხდომაზე მეზღვაურებისთვის თარჯიმანი ხელმისაწვდომი.

„ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და საქმის არსებითი სასამართლო განხილვა არ დაწყებულა. ქართული მხარე, პარტნიორების აქტიური ჩართულობით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები, როგორც საგამოძიებო პროცესში, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს იყოს დაცული. აღსანიშნავია, რომ ლიბიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედებათ ლიბიის ტერიტორიაზე ნავთობის უკანონო  გადაზიდვა, რაც მკაცრად ისჯება ლიბიის ადგილობრივი კანონმდებლობით,“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებს ბრალად ლიბიის ტერიტორიაზე ნავთობის კონტრაბანდა ედებათ. მეზღვაურები მათი დაკავების ამბავს „ამერიკის ხმასთან“ იხსენებენ და ამბობენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.

„ზუვარას პორტში დიზელით დატვირთვის შემდეგ [კაპიტანმა], საზღვაო წესის მიხედვით, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ Master Receipt და Manifest მოითხოვა, თუმცა ტვირთის გამგზავნმა ამ დოკუმენტაციის გაცემაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, კაპიტანი ბერძნულ კომპანიას დაუკავშირდა, რომელსაც დიზელის საფასური, წინასწარ ბანკის მეშვეობით უკვე გადახდილი ჰქონდა. ბერძენმა გემთმფლობელმა ქართველ კაპიტანს უბრძანა, რომ ზუვარას პორტი დაეტოვებინა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში დარჩენილიყო და ტვირთის დოკუმენტებს უმოკლეს დროში ელექტრონული ფოსტით მიიღებდა. როგორც კი ტანკერი REX-ი ღია ზღვაში გავიდა, გემი კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს, ეკიპაჟის წევრებს სცემეს და ტრიპოლის პორტში გადაიყვანეს. ეკიპაჟი 20 დღის მანძილზე გემზე ჰყავდათ, შემდეგ კი ტაჯურას ციხეში უკრეს თავი,“ – წერს „ამერიკის ხმა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი