სიახლეები

გამგებელმა სამსახურიდან ფეხმძიმე ქალი დაითხოვა

29.07.2015 • 1641
გამგებელმა სამსახურიდან ფეხმძიმე ქალი დაითხოვა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

გულნაზის უფლებებს სასამართლოში იურისტი დავით ანანიძე იცავს. როგორც მან მოსამართლეს უთხრა, ფეხმძიმობის დროს, გულნაზი სხვა თანამშრომლებთან შედარებით არათანაბარ პირობებსა და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი შეფასებით, საჯარო სამსახურმა დაარღვია დასაქმების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და შრომის უფლება, რომელიც კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულია ყველა მოქალაქისთვის. 


გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტში გამოცხადდა კონკურსი, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსდა გამგეობის საინფორმაციო დაფაზე, ასევე ვებგვერდზე, კონკურსში მონაწილეობა მიიღო გულნაზ ღლონტმა, მაგრამ ვერ გადალახა ზღვარი, რის საფუძველზეც გამგებელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.

ადვოკატს მიაჩნია, რომ გამგებლის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან კონკურსის გამოცხადებას იმ თანამდებობაზე, რომელზეც დეკრეტში წასული პირი მუშაობდა, კანონი კრძალავს. გამგებლის წარმომადგენელი კი ფიქრობს, რომ თუ უკანონო იყო ეს კონკურსი, მაშინ გაუგებარია, რატომ ჩაერთო მასში გულნაზ ღლონტი.

„ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. სიმართლე გითხრათ, ვერ მოვისმინე თქვენი არგუმენტები, არ გიხსენებიათ მუხლი, კანონის რომელიმე ნორმა გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.


ალბათ გესმით რას ნიშნავს, როცა საჯარო სამსახურს მოქალაქე დისკრიმინაციაში, ქალისა და ბავშვის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. მე ველოდები თქვენგან კანონის შესაბამისი მუხლებისა და ნორმების მითითებას, თქვენი, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტების გასამყარებლად… მაგრამ თქვენ კანონის ნორმას როგორ მიმითითებთ, როცა წინ წიგნიც კი არ გიდევთ… რაც არ უნდა ძლიერი იურისტი, ადვოკატი იყოთ, კონკრეტული მუხლის მოსაშველიებლად მნიშვნელოვანია კოდექსი გედოთ წინ… მე მაინტერესებს, როცა ამბობთ – „ჩემი აზრით“, „ჩვენ ასე ვფიქრობთ“, – თქვენ ვინ ხართ, გამგებელი ფიქრობს ასე? თქვენი სუბიექტური აზრია? თუ კანონში წერია ასე? ამის დაზუსტება გთხოვათ სასამართლომ წინა პროცესზე. მე თქვენი მოქმედების პრინციპი მინდა გავიგო, თქვენ შესაგებელიც კი არ წარმოადგინეთ სასამართლოში…“ – დააახლოებით ამ ტექსტით მიმართა მოსამართლემ მოპასუხეს, რისი შედეგიც ის იყო, რომ გამგეობის წარმომადგენელმა თავი ჩაღუნა.

 

მოსამართლემ იკითხა მორიგების მცდელობა თუ ჰქონდათ მხარეებს. დავით ანანიძემ თქვა, რომ აპირებდნენ მოლაპარაკებას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა მათ გამგებელი არ შეხვდა. მოპასუხემ თქვა, რომ მორიგების თაობაზე კონსულტაციები სჭირდება, ამიტომაც მოსამართლემ სხდომა გადადო. `მე გირჩევთ დაილაპარაკოთ მორიგებაზე, საუბარია ქალისა და ბავშვის უფლებებზე. ერთი მხარის დათმობის ხარჯზე არაფერი გამოვა, ორივემ ცოტა უნდა დათმოთ“, – უთხრა მხარეებს ჯუმბერ ბეჟანიძემ.

 

გულნაზ ღლონტი გამგებლის წარმომადგენლად სოფელ განთიადში 2014 წლის აგვისტოში სამთვიანი ხელშეკრულებით დაინიშნა. ის დეკრეტულ შვებულებაში 2014 წლის ნოემბერში გავიდა, კონკურსი კი დეკემბერში ჩატარდა. გულნაზი სამსახურიდან 2015 წლის 5 იანვარს გამგებლის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამსახურში აღდგენას ითხოვს. მის ადგილას კონკურსში გამარჯვებული მუშაობს. 

გადაბეჭდვის წესი