მშობლის მიერ რვა შვილის სახლში სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ სოცსააგენტო განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით, სადაც რვა ბავშვი ჰყავს მშობელს სახლში ჩაკეტილი, სოციალური მომსახურების სააგენტო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დევნოზაშვილების ოჯახთან  სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს.  2010 წელს სააგენტოში ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა მომართვა, სოფელ რცხმელურში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახის შესახებ, რომ მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ოჯახთან მუშაობა დაიწყო სოციალურმა მუშაკმა, ოჯახი ჩაერთო  პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე აგრძელებს  ყოველთვიურ ვიზიტებს ოჯახში.

ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11  წევრი: მამა, დედა, ბებია  და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის.

მშობლების  გადაწყვეტილებით ბავშვები სკოლაში არ დადიან და არა აქვთ სოციალურ გარემოსთან აქტიური ურთიერთობა. ისინი განათლებას იღებენ ოჯახში მშობლების დახმარებით. დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში. 2010 წლიდან დღემდე ხორციელდება ოჯახთან ყოველთვიური ვიზიტები და მშობლებს უტარდებათ კონსულტაცია. ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურს–ცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი. ოჯახში ვიზიტები განახორციელეს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის მიუხედავად მშობლები არ იცვლიან აზრს ბავშვების განათლების მიღებასთან  დაკავშირებით.

2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგელობითი  უფლებამოსილება  სასამართლოს მიერ, მაგრამ ვერ მოხერხდა აღსრულება და  ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა სპეციფიური გარემოსა და ბევრი ფაქტორის გამო. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შედგა შემთხვევის კონფერენცია, სადაც  ყველა ჩართული სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან. გარკვეული პერიოდი ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა ბავშვებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით  ეს მეცადინეობებიც შეწყდა.

მშობლები მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ  ექიმს. ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე.

რაკი ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა, სოციალურმა სამსახურმა იმუშავა ოჯახის გაძლიერების მიმართულებებით და ყველა პროგრამაში ჩართო ოჯახი. დევნოზაშვილები ფიქსირდებიან  სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აქვთ დაბალი სარეიტინგო ქულა და იღებენ საარსებო შემწეობას. უმცროსი ბავშვი  სარგებლობდა კვების ვაუჩერით 12 თვის განმავლობაში 2010-2011 წლებში. 2014 წელს ოჯახმა მიიღო დახმარება „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ოჯახი იღებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ დახმარებას. ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ასევე ჩართული არიან მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში და იღებენ მათთვის აუცილებელ მედიკამენტებს“.

მამა სახლში გამოკეტილ ბავშვებს არც სკოლაში წასვლის უფლებას აძლევს და არც გარეთ გასვლის. ფაქტის შესახებ რამდენიმე წელია ინფორმირებულნი არიან როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა ბავშვების განრიდება ამ დრომდე არ მომხდარა.

მთავარი ფოტო: კადრი „რუსთავი 2“-ის მიერ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტიდან

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com