გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში კი ითოვებს, პერიოდულად – ძლიერად.
„მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 6-11, ღამით – 1-6, მთაში – 0-5 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 ყინვა.
31 იანვარს ღამით მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დღისით – დროგამოშვებით წვიმა. ორი-სამი დღე შენარჩუნდება ასეთი არამდგრადი ამინდი, ბარში – წვიმა, მთაში – თოვლი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მარინე ქათამაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა.
ამინდის უფრო გრძელვადიან პროგნოზს აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო. ამინდის 10-დღიან პროგნოზში მითითებულია, რომ ამ პერიოდში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.