მთავარი,სიახლეები

დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონები საქართველოდან

27.01.2018 • 4699
დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონები საქართველოდან

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა ამ თვალსაზრისით. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა.

ბოლო რვა წლის განმავლობაში, შობადობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი 2016 წელი იყო – საქართველოში სულ 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან 27 682 გოგონაა, ხოლო 28 887 ბიჭი. ბოლო ცხრა წლის მონაცემები კი ცხადყოფს, რომ სქესის ნიშნით სხვაობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2008 წელს, როცა 24 845 გოგო და 31 720 ბიჭი დაიბადა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს დეტალურად არ აქვს შესწავლილი ამ მხრივ რა ვითარებაა ქვეყნის ცალკეულ რეგიონში, თუმცა მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით გოგონების ნაკლებობის 29 პროცენტი მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც ნაკლებობა 19 პროცენტს უტოლდება. მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, დაფიქსირებული დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონების რაოდენობის 57 პროცენტი სამ რეგიონზე – ქვემო ქართლზე, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთზე მოდის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მონაცემებით, 2010-­2014 წლებში საქართველოში ზოგიერთ რეგიონში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კოეფიციენტები ინდოეთში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელსაც კი აღემატება [113]. მაგალითად, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში აღნიშნული კოეფიციენტი 117-­მდე იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში და ის 125­-ს აღემატება.

იმავე ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში არსებობს ისეთი რეგიონებიც, სადაც სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კოეფიციენტები ბუნებრივ ნორმას არ აღემატება. ასეთია, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს რეგიონები – გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი. რაც შეეხება აჭარას, 2010-2016 წლების მონაცემებით, რეგიონში ეს მაჩვენებელი აღწევს 108, თბილისში კი ნორმის ფარგლებშია – 105,3.

სელექციურ აბორტს თავის ანგარიშში გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ანგარიშში ვკითხულობთ: „გენდერული ნიშნით გაკეთებული აბორტების მიზეზებს შორის არის… ზეწოლა წყვილებზე, რომ მათ ჰყავდეთ მამრობითი სქესის შვილი და ასევე ფინანსური საკითხები, მათ შორის მოსაზრება, რომ ბიჭები, სავარაუდოდ, უფრო მეტად მოახერხებენ მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას“.

რატომ ბიჭი? – ვერდაბადებული გოგონების მშობლები

„რა სელექციური აბორტი, გოგოც შვილია და ბიჭიც“, – დაახლოებით ამ შინაარსის ზოგადი პასუხები მივიღეთ ათობით ადამიანისგან აჭარაში, ვისაც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაზე ვკითხეთ.

თითქოს ყველაფერი რიგზეა, თუმცა ამ საკითხს თუნდაც ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის – „გორდას“ მაგალითზე თუ განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბიჭისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა ნამდვილად არსებობს. მაგალითად, „გორდას“ პირველ კლასში 12 ბიჭი და 6 გოგო სწავლობს, მეორე კლასში – 7 გოგო და 12 ბიჭი, მესამე კლასში – 6 გოგო და 10 ბიჭი, ხოლო მეოთხე კლასში – 10 ბიჭი და 3 გოგო.

ბათუმელ ლილის უჭირს თავისი გოგოს მოშორების გადაწყვეტილებაზე საჯაროდ ისაუბროს. ლილის ისტორია ასეთია, – „ქმარი ერაყში მუშაობს. როდესაც ბათუმში უთხრეს, რომ მესამე გოგოზე იყო ფეხმძიმედ, ქმარმა ურჩია თბილისში წასულიყო გამოკვლევაზე. მერე კი ორივე შეთანხმდა, რომ მესამე გოგოს არც ერთ შემთხვევაში არ გააჩენდნენ“.

ლილის საკმაოდ მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, მაგრამ მაინც გარისკა. ლილის მეგობრები ამბობენ, რომ ქალმა ეს გადაწყვეტილება სიღარიბის გამო მიიღო.

ლილის ნაცნობები თანაუგრძნობენ. ერთგვარ თანაგრძნობას, ოღონდ „ხუმრობის“ სახით, იღებს ხულოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაციც, რომელსაც მე-6 გოგო ორი თვის წინ შეეძინა. 80-კომლიან სოფელში ყველამ იცის, რომ მათ მეზობლად 45 წლის კაცმა და 35 წლის ქალმა „ბიჭის ძიებაში“ მე-6 გოგო იმიტომ გააჩინეს, რომ „აბორტის ცოდვის“ შეეშინდათ. სოფელში ექვსი შვილის მამას იმაზე „ეხუმრებიან“, რომ ის „ბიჭის გაკეთებას ვერ ახერხებს“. თუმცა, ოჯახი კიდევ ერთი შვილის გაჩენას მაინც გეგმავს – „ექვს გოგოს ძმა აუცილებლად სჭირდება და იმიტომ“.

აჭარის მთაში – ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში ძალიან იშვიათად შეხვდებით ოჯახებს, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს. მათ არ სიამოვნებთ არდაბადებული შვილის მიმართ მათ მიერვე გამოტანილი განაჩენი სხვებთან განიხილონ.

ამ თემის დეტალურად განხილვას არც მუნიციპალიტეტში არსებული რეფერალური საავადმყოფოს ექიმები ხვდებიან დიდი ენთუზიაზმით. სამივე მუნიციპალიტეტის რეფერალურ საავადმყოფოს თავისი სამშობიარო განყოფილება აქვს – აქ ამბობენ, რომ სელექციური აბორტის პრაქტიკა მათთან არ არსებობს.

სელექციური აბორტების მიზეზებზე ვკითხეთ ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორს, ჯუმბერ უნგიაძესაც. ის ამბობს, რომ „გვარის გამგრძელებლის“ ძიება სოციალური თვალსაზრისით უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ოჯახებისთვის არის პრიორიტეტული. ზოგჯერ კი ეს სისასტიკე შენიღბულია ტრადიციებითაც“.

ექოსკოპისტს სამცხე-ჯავახეთიდან, დალი ქოზაშვილს კი მიაჩნია, რომ ეს უფრო სოციალური მოვლენაა. ის ბორჯომის საავადმყოფოში მუშაობს, სადაც ხვდება ფეხმძიმე ქალებს და მათ მეუღლეებს. ბიჭს ყველაზე ინტენსიურად სწორედ ამ რეგიონში „ეძებენ“. „იცით, როგორ არის? – როცა ორი გოგო ჰყავთ, მაშინ ცდილობენ, რომ მესამე ბიჭი იყოს. მეორე გოგოზე ფეხმძიმობის დროს აბორტები ნაკლებად გვაქვს,“ – ამბობს ექოსკოპისტი სატელეფონო საუბარში.

ექოსკოპისტის აზრით, მისი პაციენტები აბორტს ძირითადად იმიტომ მიმართავენ, რომ რეგიონი საკმაოდ ღარიბია: „ოჯახებს აქ მესამე და მეოთხე შვილის რჩენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. აბორტი, ძირითადად, არის მედიკამენტოზური და ორსულობიდან 7-8 კვირაში მიმართავენ“.

გინეკოლოგები, რომლებიც აჭარასა და ჯავახეთში საქმიანობენ, ამბობენ, რომ სელექციური აბორტი ორი ფაქტორით აიხსნება – განათლების უქონლობით და ტრადიციული საზოგადოებით. განათლების დეფიციტი გვხვდება როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, ტრადიციის გავლენით ბიჭის გაჩენის სურვილი კი, ძირითადად, სოფლებშია შემორჩენილი, – ეს ამ პრობლემაზე მომუშავე ადამიანების ზოგადი მოსაზრებაა.

აბორტები

საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია და ამ პრაქტიკას ძალიან ხშირად მიმართავენ ქალები.

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ „16 კვირამდე სქესის გამხელის აკრძალვა შეიძლება იყოს განხილული, როგორც საშუალება, სელექციური აბორტების რიცხვის შესამცირებლად“.

დაახლოებით იგივე პოზიცია აქვს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსაც. მინისტრის აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე“.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ხდება ქალის სურვილით, ძირითადად, 12 კვირამდე პერიოდში“. უკიდურეს შემთხვევაში, სასურველია აბორტი ჩატარდეს ორსულობის 20 კვირამდე პერიოდში. 22 კვირის შემდეგ კი აბორტი კატეგორიულად იკრძალება და ის ქალის სიცოცხლისთვის სარისკოა.

კიდევ ერთი გინეკოლოგი, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ აბორტის გაკეთება „12-დან 22-კვირამდეც შეიძლება სოციალური და სამედიცინო ჩვენებით. სოციალურ ჩვენებაში შეიძლება ბევრი რამე შევიდეს, მაგალითად, როდესაც ქმარი დააპატიმრეს, ან ოჯახის წევრებს აუცილებელ ნორმატივზე უფრო დაბალი შემოსავალი აქვთ“.

უნდა აიკრძალოს თუ არა სქესის გამხელის პრაქტიკა?ექიმები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ – არა. ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, თემურ გაბაიძე მიიჩნევს, რომ აკრძალვა კორუფციის რისკებს შეიცავს: „ექიმი პაციენტს ამ ინფორმაციას მაინც მიაწვდის, კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს. კაცს ვერ აუკრძალავ, უნდა ბიჭი და მორჩა“.

თემურ გაბაიძე ფიქრობს, რომ სელექციური აბორტი ქვეყანაში „არც თუ ისე დიდი პრობლემაა“: „გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ეს [სელექციური აბორტი] ინტენსიური იყო, მაგრამ ბოლო დროს ამაზე მოთხოვნა თითქმის დაიკარგა“.

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, „თანამედროვე ტექნოლოგიებით სქესი ზუსტად განსაზღვრა 95% შემთხვევაში შეიძლება“. ანუ ცდომილება 5%-ის ფარგლებში მერყეობს.

ორივე ექიმი დარწმუნებით აცხადებს, რომ სახლის პირობებში საქართველოში აბორტს აღარ აკეთებენ, თუ არ ჩავთვლით „მედიამენტოზურ ჩარევას, – როცა სახლის პირობებში სვამენ ისეთ ტაბლეტებს, რომლებიც ძალიან ცუდად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე“.

თემურ გაბაიძე კი ირწმუნება, რომ საქართველოში შობადობის შემცირებას არაფერი აქვს საერთო სელექციურ აბორტთან. „1995-2006 წლებში მშობიარეების რაოდენობა საქართველოში 40 ათასს ჩამოსცილდა. სწორედ მაშინ დაბადებულები არიან ახლა რეპროდუქციულ ასაკში. ესენი მესამე შვილზე მაქსიმალურად თუ არ გააქტიურდნენ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება“.

გამოსავალი

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, სქესის პრენატალური შერჩევის საზიანო ფენომენი 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოვლინდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.

ლალი ბაქრაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, სოციალური დაცვის სისტემებისა და ქალთა გაძლიერების პირობებში, ანუსწორედ ახლაა ხელსაყრელი მომენტი ისეთი ზომების გასატარებლად, რაც დაბადებისას სქესთა თანაფარდობის კოეფიციენტის ნორმალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და მის დადებით ტენდენციას შეინარჩუნებს. უპირველესად, ეს გულისხმობს საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისადმი და არსებითი გენდერული თანასწორობის  გაძლიერებას“.

რაც შეეხება ზოგადად შობადობას, ექიმებს თავიანთი პრაქტიკიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ მესამე ბავშვის გაჩენის ტენდენცია წამოვიდა. თემურ გაბაიძე: „ადრე მესამე ბავშვი რომ დაგვენახა, სახალხო ზეიმი იყო, ახლა ქალაქშიც დაიწყეს მესამე ბავშვის გაჩენა და სოფლებშიც“. ამის მიზეზად ექიმები იმას ასახელებენ, რომ სახელმწიფო მესამე ბავშვზე სოფლებში, ერთჯერადად, 1000 ლარს უხდის ოჯახებს, ხოლო ერთი წლის ასაკამდე – ყოველთვიურად 200 ლარს.

შობადობის მატებას გინეკოლოგები სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ელიან.

გადაბეჭდვის წესი