მთავარი,სიახლეები

რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში

26.01.2018 • 2915
რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში

განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთი არჩევითი საგნის – „რელიგიის ისტორიის“ სტანდარტისა და სახელმძღვანელოს შექმნაზე საუბრობს. სამინისტროს აქამდე 27 არჩევით საგანში აქვს სტანდარტი შემუშავებული, თუმცა როგორც უწყებაში გვეუბნებიან, სასწავლო რესურსების სიმწირის გამო სკოლები მათ არ ირჩევენ. ამ პრობლემას ემატება ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. რაზე დაყრდნობით ქმნის სამინისტრო არჩევითი საგნების სტანდარტებს და რაზე არსებობს სკოლების მხრიდან მოთხოვნა? ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსს, მარიამ ჩიქობავას ესაუბრა.

ქალბატონო მარიამ, დღეს არსებული არჩევითი საგნებიდან რამდენია ყველაზე მოთხოვნადი ან პირიქით. შეგიძლიათ დაგვისახელოთ მინიმუმ ხუთი არჩევითი საგანი, რომლის სტანდარტიც შემუშავებულია, მაგრამ სკოლები არ სარგებლობენ?

მაგალითად, გვაქვს გეოგრაფიული კვლევა, მაგრამ მასზე მოთხოვნა არ არის, რადგან ცალკე სახელმძღვანელო მომზადებული არ არის. თუკი სკოლა ამ საგანს აირჩევს, პედაგოგმა თვითონ უნდა მოიძიოს დამატებითი რესურსები და ეს პრობლემაა.

გვაქვს არჩევითი საგანი კინოხელოვნება, ქიმიური ტექნოლოგიები, ხაზვა, ასტრონომია და ა.შ. თუმცა მათ სკოლები იშვიათად ირჩევენ. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, თუ რისი მიხედვით ირჩევდნენ სკოლები საგნებს და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოთხოვნადი იყო მსოფლიო კულტურა, 800 სკოლას ჰქონდა არჩეული წლების მიხედვით. ამ საგანში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო რესურსი არსებობს, ამიტომ პედაგოგისთვის უფრო ადვილია ამ გაკვეთილის დაგეგმვა. „მსოფლიო კულტურაში“ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რესურსი მომზადდა. სამწუხაროდ, ვერ დაიბეჭდა, მაგრამ არსებობს ელექტრონული ვერსია. ძალიან აქტიურად ირჩევენ პრაქტიკულ კურსს სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში, განსაკუთრებით რეგიონებშია ეს საგანი საინტერესო.

თუ მასწავლებელს არ აქვს სახელმძღვანელო ასტრონომიაში, მაშინ თავად უნდა მოიძიოს სასწავლო რესურსები ჩვენი სტანდარტის შესაბამისად. რა თქმა უნდა, როცა ამდენი საგნის სტანდარტს ვქმნიდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ყველას აირჩევდნენ  სკოლები, მაგრამ გვინდოდა მრავალფეროვანი სპექტრი შეგვეთავაზებინა სკოლებისთვის.

 ყველაზე ხშირად რომელ საგნებს ირჩევენ სკოლები?

ზუსტი სტატისტიკა გამიძნელდება, მაგრამ სადაც რესურსი არსებობს, უფრო მეტად იმ საგნებზე აკეთებენ არჩევანს.

რა უნდა გაეკეთებინა სამინისტროს იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო სკოლების არჩევანი?

პირველ რიგში, სახელმძღვანელოები უნდა მომზადებულიყო და ამ მხრივ კარგი იქნებოდა სამინისტროს მხარდაჭერა, ეს ძალიან დიდ რესურსთან არის დაკავშირებული. მაგრამ თუკი პედაგოგი მოინდომებს და ექნება შესაბამისი დრო, ეს ინფორმაცია, რაც სტანდარტის მიხედვით უნდა ასწავლოს კონკრეტულ საგანში, ნამდვილად მოძიებადია. სტანდარტი აკვალიანებს მას, თუ რა უნდა ასწავლოს და როგორ. მას შეუძლია თავად შექმნას რესურსი და გამოიყენოს. პედაგოგის ხელოვნებაზეა ეს დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს აქვთ საკმაოდ დიდი არჩევანი და მაინც ვერ იყენებ ამ რესურს ბოლომდე, ამ ფონზე სამინისტრო აპირებს კიდევ ერთი არჩევითი საგნის, – „რელიგიის ისტორიის“ შემოტანას, რამ გამოწვია ამის აუცილებლობა?

წლების განმავლობაში ყოველთვის შემოდიოდა მოთხოვნა მშობლების მხრიდან…

მშობლების თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან?  

სხვა ჯგუფები კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ, სავარაუდოდ, იყო ასეთიც. თუკი სკოლებში აქვთ სურვილი, რომ ასწავლონ „რელიგიის ისტორია“, ამის შესაძლებლობას ეროვნული სასწავლო გეგმა ახლაც იძლევა. დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით შეუძლიათ ამ კურსის შეტანა, მაგრამ სკოლას უნდა ჰქონდეს ამის შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსი.

წლების წინ ქართულ სკოლებში იყო რელიგიის ისტორიის სწავლების მცდელობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმში. რა გარანტია არსებობს, რომ არ განმეორდება იგივე მომავალშიც. რითია დაზღვეული მოსწავლე, რომ მასზე მენტალურად არ იძალადებენ?

აქ ძალიან მკაფიოა სამინისტროს პოზიცია – აუცილებლად იქნება რელიგიები და არა მხოლოდ ერთი რელიგიის შესწავლა. ეს ცალსახაა და ამაზე ყველა დაინტერესებული მხარე – იგივე მართლმადიდებელი ეკლესია, მუსლიმთა თემი თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები, ყველა თანხმდება. რელიგიების სწავლებას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო მიზნები.

მოსწავლეზე ძალადობა სხვა დროსაც შეიძლება მოხდეს, „რელიგიის ისტორიის“ შეტანის გარეშეც. საგნის სწავლება აუცილებლად უნდა იყოს საშუალო საფეხურზე, როცა მოსწავლეს გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ეს არის არჩევითი საგანი ინტერრელიგიურ კონტექსტში და აქ არ უნდა იყოს ქადაგება. სტანდარტის შედგენის დროს ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი, ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველთანაც.

სკოლებში არსებობს ადამიანური რესურსების პრობლემა. ვინ ასწავლის ამ საგანს და რა დრო დასჭირდება მასწავლებლების გადამზადებას?

ეს არ უნდა იყოს რომელიმე სასულიერო პირი, ეს საგანი აუცილებლად უნდა ასწავლოს პედაგოგმა, პროფესიონალმა. გადამზადებისთვისაც გვაქვს დრო, რადგან ეს საგანი სკოლებში ვერც წელს შევა და ვერც მომავალ სასწავლო წელს. ხელაღებით შეტანაც წარმოუდგენელია და პილოტირებაც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. რადგან არჩევითია, არ ნიშნავს, რომ ორი ათასი სკოლა მაშინვე აირჩევს. აირჩევენ სკოლები, რომლებსაც შესაბამისად მომზადებული პედაგოგები ეყოლება.

სკოლა რის საფუძველზე ირჩევს საგანს და თუ არის ამ შემთხვევაში მშობლების, მოსწავლეების ინტერესები გათვალისწინებული?

სკოლამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესები.

თუ გაიყოფა ეს ინტერესები?

ეს არის სკოლის შიდა მენეჯმენტის საკითხი. ძალით არავის არაფერს არ მოვახვევთ. თანაც ახალი ეროვნული სასწავლო კონცეფცია სრულიად იცვლება, პროფილური ხდება სწავლება, ამიტომ, როცა ყველაფერი დალაგდება და საბოლოო კონცეფცია ჩამოყალიბდება, ეს საკითხიც გაირკვევა.

არჩევითი საგნის შემთხვევაში უნდა იყოს თუ არა მშობლის ან მოსწავლის ინტერესი და თუკი ეს ინტერესები არ არის ცნობილი, უნდა ხარჯავდეს თუ არა სამინისტრო ფინანსებს ასეთი საგნების სტანდარტის შემუშავებაზე?

როდესაც ასე ფართო სპექტრს ვდებდით, არ გვქონია ილუზია, რომ ყველა სკოლაში იქნებოდა ეს საგანი არჩეული. ეს არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. სადაც არის შესაძლებლობა, მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, თუ ის კარგი ბიოლოგია.

„სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ სადღაც 80-მდე სკოლას აქვს არჩეული. თუკი ერთ სკოლას მაინც აქვს შესაძლებლობა, რომ კარგად ასწავლოს ვთქვათ ხაზვა, ესეც კარგია. თავის დროზე ეს რესურსი სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით შედგა. გავითვალისწინეთ სკოლების ინტერესებიც, მაგალითად, იყო მოთხოვნა ფოლკლორსა და მითოლოგიაზე, რაღაც დავამატეთ ჩვენიც და გავითვალისწინეთ ექსპერტების რეკომენდაციებიც.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: