სიახლეები

რამდენით შეიძლება მოიმატოს დენის ტარიფმა

22.07.2015 • 2238
რამდენით შეიძლება მოიმატოს დენის ტარიფმა

 

„ჯი-ფაუერი“, როგორც „ბათუმელებს“ სემეკში განუცხადეს, ტარიფის 5 თეთრით გაზრდას ითხოვდა, თუმცა 0,2 თეთრით გაუზარდეს და 7,5 თეთრი გახდა [თბოსადგურ „ჯი-ფაუერის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გასაყიდი მაქსიმალური ზღვრული ტარიფი  7,3 თეთრი იყო]. ამაზე მეტად 1 კილოვატ ენერგიას „ჯი-ფაუერი“ ვეღარ გაყიდის. თუმცა, შეუძლია ნაკლებ ფასად გაყიდოს, რაც თავისთავად  არარეალურია. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კი, ფაქტობრივად, თავისივე თბოელექტროსადგურიდან თუ დენის შესყიდვა მაქსიმუმ – 7,3 თეთრად უწევდა, ამჯერად 7,5 თეთრად შეისყიდის.

 

რაც შეეხება უშუალოდ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, როგორც სემეკში გვითხრეს: „კომპანიას ოდენობა, რამდენით გაიზარდოს ტარიფი, დაფიქსირებული არ აქვს. განცხადებაში ამბობს, რომ ვალუტის კურსისა და სხვადასხვა ფაქტორის გამო გაეზარდა შესყიდვა გაცილებით მეტად, ვიდრე ეს ჩადებულია არსებულ ტარიფში და ითხოვს ამის კორექტირებას“.

 

რა ზარალი მიიღო „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ვალუტის კურსის ცვლილების გამო? –  სემეკში „ბათუმელებს“ ორი თვის წინ უთხრეს, რომ ვერაფერს იტყოდნენ: „მოვითხოვეთ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რეალურად ვისგან იყიდა და რამდენად, რა დაუჯდა, რა ფინანსური ზარალი მიიღო… ამას უნდა გადამოწმება. შემდეგ გვეცოდინება, თუ რა სურათი გვაქვს“.

 

სემეკმა „ენერგო-პროსთვის“ კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად მაშინ 2015 წლის 29 მაისი, ხოლო მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – 2015 წლის 10 სექტემბერი დაგვისახელა.

 

დღეს კი სემეკში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ გადამოწმების ყველა პროცედურა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ხვალ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

 

გაიზრდება თუ არა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის დენის ტარიფი? „ბათუმელებთან“ სემეკის წარმომადგენელმა ეს არც უარყო და არც დაადასტურა.

 

ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მაისში „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვა 30%-ით გაუძვირდა.

 

„ბათუმელების“ მაშინდელი გათვლებით, „ენერგო-პრომ“ ეს 30-%-იანი ზარალი რომ აინაზღაუროს, მომხმარებელს ელექტროენერგია საშუალოდ 3-4 თეთრით უნდა გაუძვირდეს [აღსანიშნავია, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი „ჯი-ფაუერი“ ტარიფის 5 თეთრით გაზრდას ითხოვდა, თუმცა ტარიფი სემეკმა მხოლოდ, 0,2 თეთრით გაზარდა. აქედან გამომდინარე, მართალია, 3-4 თეთრით არა, მაგრამ სემეკი ტარიფს ალბათ მაინც გაზრდის, მითუმეტეს, როცა ბუნებრივ აირზე ტარიფები წელს სწორედ ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაზარდა].

 

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ყველაზე იაფი დღეს „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაა, რომლის საკმაო ოდენობას ყიდულობს „ენერგო-პრო ჯორჯია“. ენგურის 1 კვტ.სთ ენერგია კი, დღგ-ს გარეშე 1,187 თეთრი ღირს, რასაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის [იგივე „ენერგო-პროსთვის“] გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის საფასური ემატება.

 

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სემეკისგან  შემდეგი ზღვრული ტარიფები აქვს დაწესებული: აბონენტებისათვის, რომლებმაც გახარჯეს 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 9,0034 თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 12,98 თეთრი; ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი – 17,5 თეთრი.

 

ტარიფი, რომელსაც ხვალ სემეკი დაადგენს, 2016 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს. თუ   საჭიროდ ჩათვლის, სემეკს შეუძლია კომპანიას სამომხმარებლო ტარიფი პირველი იანვრიდან გაუზარდოს ან შეუმციროს. თუ ასეთი რამ არ მოხდება, 2016 წლის პირველი იანვრიდან ის ტარიფი იმოქმედებს, რასაც სემეკი ხვალ, 23 ივლისს დაადგენს.

 

[მანანა ქველიაშვილის ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: