მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს მერი თხილვანელებზე: თუ ასე გაგრძელდება, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ

25.01.2018 • 2181
ხულოს მერი თხილვანელებზე: თუ ასე გაგრძელდება, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა გასული წლის სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა უმეტესობა დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, საცხოვრებლის შესაძენად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახებიდან დაახლოებით 90%-მა ქონების შეძენა მოახერხა, სოფელი კი მათგან, მხოლოდ რამდენიმემ დატოვა.

„საცხოვრებელი ფართობის შეძენა უმრავლესობამ მოახერხა, მაგრამ, ამავდროულად სოფელშიც რჩებიან. მოსახლეობას საკუთარი მიწისა და საცხოვრებლის მიტოვება უჭირს, თუმცა ეს არაა გამოსავალი, აუცილებელია სოფლიდან მოსახლეობის განსახლება,“ – ამბობს მერი.

კითხვაზე  – რა ბერკეტი გააჩნია ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოსახლეობას განსახლება მოსთხვოს? გოჩა მელაძე ამბობს, რომ ამის ერთადერთი ბერკეტი ის ხელშეკრულებაა, რომელიც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორისაა გაფორმებული და რომლის საფუძველზეც მოსახლეობამ 25 000 ლარი პროგრამულად მიიღო, მერი არ გამორიცხავს სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებას.

„ხელშეკრულებით მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენა, საკუთრებაში დარეგისტრირება და თხილვანაში არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განეხორციელებინა. სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა, ახლა მოსახლეობამ უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება. თუ ასე  გაგრძელდება, ვფიქრობთ, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ, რადგან ქვედა თხილვანაში ვითარება არ დასტაბილურებულა. ეს არაა ერთი ან ათი წლის პრობლემა, განსახლება აუცილებელია და იქ ყოფნა მოსახლეობისთვის ნებისმიერ დროს საშიშია,“ – აცხადებს გოჩა მელაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: