მოქალაქეებს მთავრობისთვის მიმართვა უკვე ელექტრონული პეტიციით შეუძლიათ

აქტუალურ საკითხებზე ელექტრონული პეტიციით მთავრობისთვის მიმართვა უკვე სპეციალური საიტით [ichange.gov.ge] არის შესაძლებელი. პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს რეგიონებში საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცნობენ.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობას მიმართოს. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.

საქართველოს მთავრობა წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელიც პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარულ დღეში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 10 ათასი მომხმარებლის მიერ, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება  განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი მკაფიოდ, დასაბუთებული ახსნა-განმარტებით უნდა გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი