მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტი გაიხსნას

25.01.2018 • 3546
ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტი გაიხსნას

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] გამწვანებული ტერიტორია კერძო კომპანიამ შემოღობა. ღობის შიგნით მოექცა ბათუმის მერიის მიერ დამონტაჟებული რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი.

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია შემოღობეს უკანონოდ და მერიამ უკვე მისცა კომპანიას გაფრთხილება ღობის მოშლასთან დაკავშირებით: „მერია თვლის, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და შესაბამისად, იქ განთავსებული ატრაქციონების გადატანა არ იგეგმება, დარჩება ადგილზე და როგორც სარგებლობდა ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა და ბავშვები ამ ატრაქციონებით, ისევ ისე ისარგებლებენ“.

ბათუმის მერიაში ადასტურებენ, რომ ტერიტორია კერძო კომპანიის საკუთრებაა, „თუმცა ისეთი ტერიტორიაა და ისეთ ადგილზეა, რომ მისი შემოღობვა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან საზოგადოებრივი სივრცეა და უნდა მოხდეს ღობის დემონტაჟი, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში“.

რატომ განათავსეს თავის დროზე ატრაქციონები კერძო კომპანიის საკუთრებაში? – ამ კითხვაზე პასუხი მერიას არ აქვს. მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა დაგეგმილი არ არის, ხოლო არსებულ შენობაში რა განთავსდება, მათ კომპეტენციას სცილდება.

გოგებაშვილის ქუჩაზე, 62-ში მდებარე 6200 კვ/მ ტერიტორია 2017 წლის ნოემბრიდან, რეესტრის მიხედვით, კომპანია „სტარს“ ეკუთვნის, რომლის 100% წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე ომერ ილდიზი.

მიმდინარე წლის 22 იანვარს კომპანიის საფირმო სახელწოდება შეიცვალა. მესაკუთრის გადაწყვეტილებით, კომპანიის ახალი სახელია – „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი“.

„ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკუთრებაშია აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი საზღვაო ბანკის შენობა, სადაც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, სავარაუდოდ ერთ-ერთი თურქული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა იგეგმება, თუმცა კომპანიას ვერ დავუკავშირდით.

აჭარის განათლების სამინისტროში ახალი სასწავლებლის გახსნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ: „ კანონმდებლობით, უცხო ქვეყანაში აკრედიტებული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნისთვის საქართველოში, საჭიროა მან აქ გაიაროს ავტორიზაცია, რაც საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის კომპეტენციაა“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ან „სტარის“ განცხადება ავტორიზაციის შესახებ, ამ დროისთვის მათთან პროგრამულად არ ფიქსირდება“.

აღნიშნულ ტერიტორიას გოგებაშვილის 62-ში 2007 წლიდან ფლობდნენ: შპს „რაკიინ დეველოპმენტი“, შემდეგ არაბული კომპანია „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ , შემდეგ „პრომეტკო ჯორჯია“, შემდეგ კი – „ბლექ სი ფროფერთისი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: