პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: მუდმივად უნდა შეახსენო ხელისუფლებას, რომ ის შენ დაიქირავე

„ეს ხმა განსაკუთრებით უნდა ისმოდეს რეგიონებიდან,“ – ახსენა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ანა ნაცვლიშვილმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. ის დღეს, 24 იანვარს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოს თაობაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ „ბათუმელებმა“ ანა ნაცვლიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ანა, დღეს გამართეთ შეხვედრა ბათუმში და ისაუბრეთ პრეზიდენტის ვეტოს შესახებ. რატომ მიიჩნიეთ საჭიროდ მსგავსი შეხვედრების მოწყობა და გეგმავთ თუ არა შეხვედრებს სხვა რეგიონებში?  

ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიდევ ერთხელ, საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ეხება, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებას, დაფინანსების განკარგვის წესის ცვლილებას… ეს თემა არის ძალიან აქტუალური და მის აქტუალობას ადასტურებს ის უპრეცედენტო კონსენსუსი, რასაც ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მედია წრეებში. ფართო საზოგადოებაში, საექსპერტო წრეებში ღიად აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ამ ცვლილებებზე.

ჩვენ ბევრ რისკზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისთვის, რაზეც ვეტოს შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არის ის, რომ ეს კანონი დააზიანებს, პირველ რიგში, მოქალაქეს, დააზიანებს მათ წვდომას მრავალფეროვან და თავისუფალ ინფორმაციასთან, დააზიანებს მათ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლებს. ეს კანონი ქმნის ფართო საშუალებას იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაძლიერდეს, როგორც ფინანსური, ასევე გამყარდეს პოლიტიკური გავლენები. სხვა მაუწყებლებსაც შეექმნება საფრთხე, ასევე კორუფციის სერიოზული რისკები გაჩნდება.

შეიძლება ერთი შეხვედით საზოგადოებას მოეჩვენოს, რომ ეს თემები მისგან შორეულია და ეს მის ყოველდღიურობაზე ასახვას ვერ ჰპოვებს, მაგრამ ნამდვილად პირიქით არის. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების ყოველდღიურობას, რა ურთიერთობა განვითარდება ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის, ამას მეტწილად განსაზღვრავს მედია. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს მსგავს განხილვებში.

ამ ეტაპზე განხილვა შედგა მხოლოდ ბათუმში. ჩემი, როგორც საპარლამენტო მდივნის დიდი სურვილია, რომ აქტუალურ თემებზე გვქონდეს უშუალო შეხება მოქალაქეებთან რეგიონებში. დემოკრატია არის მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება უშუალოდ ხვდება ხალხს, ისმენს მათ შეხედულებებს, შეკითხვებს და პასუხობს მათ.

რა შეიძლება უთხრათ მოქალაქეებს, ვისაც მიაჩნია, რომ მაინც არ მოუსმენენ? 

მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ასე ვხედავ ამ შეხვედრებს – ჩვენ, ხელისუფლება ჩავალთ რეგიონში და ჩვენს გადაწყვეტილებას ვეტოს შესახებ მარტო ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულს კი არ დავტოვებთ, არამედ დაინტერესებულ ადამიანებს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას მივცემთ. ავხსნით, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და მათგანაც მოვისმენთ, იზიარებენ თუ არა ჩვენს შეხედულებებს. ჩვენთვის ეს არის ორმხრივი პროცესი.

მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი მესამე სექტორში და ხშირად მითქვამს – დემოკრატია არის ყოველდღიური ბრძოლა და შრომა იმისთვის, რომ ადამიანებმა დაიცვან საკუთარი უფლებები და თავისუფლებები თვითნებური ჩარევებისგან; ასევე დაიცვან საკანონმდებლო პროცესი იმისგან, რომ კანონები არ მიიღონ ადამიანების ჩართულობის გარეშე. ამ დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტზე საერთო პეტიციით მიმართეს მედია ორგანიზაციებმა პარლამენტს და შეხვედრა მოითხოვეს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამას გამოხმაურება მოჰყვა. ასეა – ბევრი აქტორის კონსოლიდირებული ნაბიჯის იგნორირება რთულია ხელისუფლებისთვის. აქ გამოჩნდა, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ვეტოს.

მნიშვნელოვანია, რომ სხვა ჯგუფებმაც იაქტიურონ, როგორც ამ კანონთან, ასევე სხვა მოვლენებთან მიმართებაში. ეს არ არის მარტივი, რადგან მოქალაქეობა არ არის მარტივი. ეს შრომატევადი სტატუსია, მაგრამ საპატიოა და ამ ბრძოლაში არ უნდა დაიღალოს მოქალაქე. მუდმივად უნდა შეახსენო ხელისუფლებას, რომ ის შენ დაიქირავე.

შეხვედრაზე ახსენეთ, რომ რეგიონების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რას გულისხმობთ? 

ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთხით პირველი ფლანგის დაზარალებულები რეგიონული მაუწყებლები იქნებიან. შესაბამისად, რეგიონული საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. არის გარკვეული საკითხები, რაც რეგიონში უფრო მძაფრად შეიგრძნობა. მხოლოდ დედაქალაქის პერსპექტივიდან გადაწყვეტილების მიღება არასდროს არ არის სწორი.

რა აჩვენა დღევანდელმა დისკუსიამ ბათუმში? 

შეხვედრაზე იყო საინტერესო კითხვები, სიღრმისეულად ჰქონდათ გააზრებული, რაზეც სვამდნენ კითხვებს, კარგად ინფორმირებული არიან ისინი ამ კანონპროექტზე. ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პრეზიდენტის ვეტო გამოხატავს საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებებს და ეფუძნება აზრთა თანხმობას. ამ შეხვედრამ დამანახა ამ გადაწყვეტილების დასაბუთების სისწორე და იმედი მაქვს, რომ ამას გაიზიარებს პარლამენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი