მთავარი,სიახლეები

რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის და რა ცვლილებები შედის აჭარის კონსტიტუციაში 

24.01.2018 • 3498
რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის და რა ცვლილებები შედის აჭარის კონსტიტუციაში 

ავტორი: მალხაზ ნაკაშიძე, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. როცა საჯარო განხილვებს ვაკვირდებით, კარგად ჩანს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური ცვლილებების განხილვაც ისეთივე ფორმალური პროცესია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იყო გასულ წელს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასაწყიდიდან იგრძნობა.

გვახსოვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აანონსებდა აჭარაში კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის შექმნას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვათა მონაწილეობით. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, როცა ამბობენ, რომ თითქოს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია. ეს არის მხოლოდ ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტებში კონსტიტუციის პროექტის გაცნობას უზრუნველყოფს.

დღეს არ ვიცით ვინ მოამზადა ცვლილებების პროექტი, რომელიც ინიცირებული იქნა უმაღლესი საბჭოს 14 წევრის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ და, როგორც ვიცი, მის მომზადებაში არ ყოფილა ჩართული არც ერთი ზემოთ აღნიშნული სუბიექტი.

საჯარო განხილვების დროს შესაძლებელია დაისვას გარკვეული კითხვები, წინადადებები, მაგრამ უმაღლესი საბჭოს ნებაზეა დამოკიდებული, რა შენიშვნებს გაითვალისწინებს – მოქალაქეებს ამ პროცესზე ზემოქმედების საშუალება არ აქვთ. მოსახლეობას  არც სათანადო ცოდნა, არც ინტერესი არ აქვს ამ განხილვებისადმი და როგორც გამოჩნდა, ძირითადად, საჯარო მოხელეები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში.

საერთოდ კონსტიტუცია გარკვეული სოციალური კონტრაქტია საზოგადოებისთვის და იგი მხოლოდ ხელისუფლების ორგანოების მოწყობას არ განსაზღვრავს. რიგითი მოქალაქე კონსტიტუციის მნიშვნელობას, პირველ რიგში, იმის მიხედვით ზომავს, თუ რა სარგებელს, სიკეთეს მოუტანს იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ იქნება მოქალაქე ჩართული ხელისუფლების განხორციელებაში და რამდენად ეფექტური იქნება მთავრობა გადაწყვეტილების მიღებაში, ამ კონსტიტუციის საფუძველზე. თუ აჭარის კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვას დავაკვირდებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ბევრად გაუმჯობესდა კონსტიტუციის ახალი პროექტი მოქმედ დოკუმენტთან შედარებით. მაგალითად, ამბობენ, რომ შეიცვალა მთავრობის ჩამოყალიბების წესი, გამარტივდა ვეტოს გადალახვის პროცესი, დეპუტატს შეეძლება კითხვა დაუსვას მთავობას, უმაღლეს საბჭოს შეუძლია კომისიის შექმნა და ა.შ.

ეს საკითხები ჩვეულებრივი ამბავია საკანონმდებლო საქმიანობაში, არც აქამდე ქმნიდა განსაკუთრებულ პრობლემებს მათი ამა თუ იმ ფორმით არსებობა, მაგრამ მოქალაქეს ეს აინტერესებს? – არა. ჩემი აზრით, მოქალაქეს აინტერესებს, თუ რის გადაწყვეტას შეძლებს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ადგილზე, საქართველოს ხელისუფლებისგან  დამოუკიდებლად და გაუმარტივებს მას ცხოვრების პირობებს. ავტონომიის და ნებისმიერი რეგიონული დეცენტრალიზაციის მიზანიც ხომ ეს არის. ამდენად აჭარის კონსტიტუციის მიმართაც მოქალაქეებს უნდა აინტერესებდეთ რა საკითხები არის განსაკუთრებულ გამგებლობაში, ანუ საკითხები, რომლებსაც ავტონომია ადგილზე, ხალხთან უფრო ახლოს გადაწყვეტს.

აჭარის ხელისუფლების ორგანოების მოწყობა მნიშვნელოვანია და იგი დემოკრატიულად უნდა ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოქალაქეებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გაიზრდება ამ ორგანოების ეფექტურობა მომავალში, ისევ ხომ არ იწუწუნებენ მისი წარმომადგენლები, რომ უფლებები არ აქვთ, თორემ ბევრ საკითხს ადგილზე მარტივად მოაგვარებდნენ.

დღეს კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატორები აცხადებენ, რომ გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალი ადრეც იყო განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. ახალი ცვლილებებით დაემატა ნორმა, რომელიც  განსაზღვრავს, რომ „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან“.

შეიძლება ითქვას, რომ დღემდე აქ ჩამოთვლილ სფეროებში ისედაც ახორციელებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ცალკეულ უფლებამოსილებებს შესაბამისი სამინისტროებისა და საქვეუყწყებო დაწესებულებების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ბევრ შემთხვევაში ჩამოთვლილ სფეროებში პოლიტიკის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების მიერ დღემდე ბუნდოვანია, რადგან საქართველოს კანონმდებლობით იმავე სფეროებში საკითხების გადაწყვეტა უკვე მიეკუთვნება საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილებებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არ გააჩნია შესაბამისი დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას.

განსაკუთრებული გამგებლობის საკითხები გულისხმობს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია ამ საკითხებზე მიიღოს თავისი კანონმდებლობა. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ რეალურად რა კანონმდებლობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამ სფეროებში და, შესაბამისად, რა პოლიტიკას განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ სფეროებში დამოუკიდებლად. დღემდე მოქმედ კონსტიტუციურ კანონში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში პირდაპირ ეწერა ბევრი საკითხი, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობის საკითხები, რომელზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ დღეს ზოგიერთი საკითხი ამ ჩამონათვალიდან ამოღებულია. მაგალითად, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკები და მუზეუმები, სურსათი და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი, სახანძრო დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კულტურა და სპორტი, ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობა და ურბანული განვითარება, სამონადირეო საქმე, ბაზრობები, ბაზრები და გამოფენები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება და სხვა. ამდენად, განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალს არაფერი დამატებია, პირიქით, მოაკლდა. მომავალში მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა იქნება ზემოთაღნიშნული „ნებისმიერი უფლებამოსილება“, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა განახორციელებს, როგორ დადგინდება ეს საკითხები, რომლებიც აჭარის ატონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობაში არ არის ჩამოთვლილი.

ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების უფრო ფართო ჩამონათვალი გაკეთებულიყო, როგორც ეს ბევრი ქვეყნის პრაქტიკაში არსებობს და უფრო ნათელი იქნებოდა, თუ რა უფლებამოსილებებს ფლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მთავარი ყურადღება მიმართულია ამ უფლებამოსილებებისადმი და მნიშვნელოვანია ინიციატორებმა დაგვარწმუნონ, რომ მხოლოდ ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურა, მათი მუშაობის წესი კი არ შეიცვალა, არამედ ამ ორგანოებს მოქალაქეთათვის საკითხების ადგილზე ეფექტური გადაწყვეტის შესაძლებლობები გაეზარდათ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: