მთავარი,სიახლეები

ფატი ხალვაში: ჩემთან არ მოსულან ხეების გადატანით შეწუხებული მოქალაქეები

24.01.2018 • 2222
ფატი ხალვაში: ჩემთან არ მოსულან ხეების გადატანით შეწუხებული მოქალაქეები

„მე მგონია, ვალდებულება არ არის, რომ აუცილებლად კანონპროექტის ინიციატორი ვიყო,“ – ასე უპასუხა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ფატი ხალვაშმა „ბათუმელების“ შეკითხვას, უშუალოდ მას რა საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა პარლამენტში. დეპუტატმა დღეს, 24 იანვარს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ანგარიში ჩააბარა. შეხვედრას ძირითადად თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

„ხელის მიჭერით არ ხდება მხოლოდ კანონის მიღება, საკომიტეტო მოსმენებზე მიმდინარეობს მსჯელობა და არის სხვა ფორმატიც, სადაც ჩვენს პოზიციებს ვაფიქსირებთ,“ – დასძინა დეპუტატმა. შეხვედრაზე მან რამდენიმე კანონი დაასახელა, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო. მას შემდეგ, რაც კანონების ჩამონათვალი ამოწურა, ფატი ხალვაშმა ბათუმის მერიის პროექტებიც დაასახელა.

„შორს წაგვიყვანს ყველაფრის ჩამოთვლა, რომ არ დაგღალოთ ციფრებით, შემიძლია მოგაწოდოთ…“ – თქვა დეპუტატმა და დარბაზიდან კითხვებს დაელოდა. შეკითხვა მხოლოდ ერთმა მოქალაქემ დასვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე. თქვა, რომ მისი შვილიც შშმ პირია და დახმარება სჭირდება. ფატი ხალვაშმა მოქალაქეს უთხრა, რომ ამ თემით დაინტერესებულია: „ჩვენს ბიუროში მობრძანდით და დაწვრილებით გავიაროთ ეს საკითხი, შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით“, – აღნიშნა დეპუტატმა.

დეპუტატს ასევე დაუსვეს შეკითხვა სოციალურ დახმარებებზე. ფატი ხალვაშმა თქვა, რომ სოციალური შემწეობის პროგრამა ახლო მომავალში შესაძლოა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განახორციელონ.

„მართლაც ბევრს აქვს ეს განცდა, რომ უსამართლოდ მოუხსნეს დახმარება. განიხილება საკითხი, რომ ადგილობრივმა გამგეობებმა განახორციელონ ეს პროგრამა და ეს ჩემი აზრითაც უკეთესი იქნება,“ – აღნიშნა ფატი ხალვაშმა.

დარბაზში შეკითხვები ამით ამოიწურა. შემდეგ კი დეპუტატს მადლობა გადაუხადეს: „გახსნილობისთვის“, „იმიტომ, რომ მობილურს პასუხობთ“, „გულისხმიერი ხართ“…

„გავშინაურდეთ ცოტა, არ მოგერიდოთ კითხვების დასმის,“ – მიმართა დარბაზს ფატი ხალვაშის ბიუროს ხელმძღვანელმა, ზურაბ პატარაიამ.

„დიდი ხანია გაშინაურებული ვართ უკვე, არ გვერიდება…“ – გაისმა დარბაზში.

„რატომ არ ესწრებოდნენ შეხვედრას მოქალაქეები?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ფატი ხალვაშს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაუსვა.

„ჩვენ ერთი კვირით ადრე დავაანონსეთ ეს შეხვედრა, განახლება მოხდა ინფორმაციის. გავაფრთხილეთ გამგეობის ხელმძღვანელები, რომ ინფორმაცია გაევრცელებინათ, იყო რამდენიმე მოქალაქე, ინტენსიური შეხვედრა გვაქვს მოქალაქეებთან, სხვა არ ვიცი…“ – გვიპასუხა ფატი ხალვაშმა.

პარლამენტის წევრს ასევე ვკითხეთ ჩაქვიდან ხეების უკანონო გატანაზე ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის. ფატი ხალვაშმა გვიპასუხა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და არც ხეების გატანით შეწუხებული მოქალაქეები უნახავს.

ფატი ხალვაში: „ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, არც არავის მოუმართავს, ჩემთან არ მოსულან მოქალაქეები, რომლებიც შეწუხებული არიან ხეების გადატანით…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: