კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

24.01.2018 • 46266
რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაციაა, იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი ნატო მიშველიძე, ამბობს, რომ ეს ბავშვთა ინფექციაა, მაგრამ იგი მოზრდილებში მეტი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს, ამიტომაც უფროსებს უფრო რთულად გადააქვთ ვირუსი.

  • როგორია წითელას სიმპტომები?

წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით. ეს  სიმპტომები ძირითადად 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი. წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი იწყება სახიდან, კერძოდ შუბლის არიდან, შემდეგ კი ეტაპობრივად ვრცელდება სხეულის ქვედა ნაწილებში.  გამოყრის პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში. დაავადება კლინიკურად ერთნაირად ვლინდება დიდებშიც და პატარებშიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით: სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

წითელას განაყარი წყარო: www.cdc.gov

 

  • ვინ წარმოადგენს წითელას რისკჯგუფს?

წითელას ახასიათებს მაღალი გადამდებლობა, თითქმის 98-100%, შესაბამისად რისკჯგუფს წარმოადგენენ არაიმუნური ადამიანები, ანუ ადამიანები, ვისაც იმუნიტეტი არ აქვთ წითელას მიმართ. წითელას მიმართ იმუნიტეტს ადამიანი გამოიმუშავებს ვაქცინაციის შედეგად ან წითელას გადატანის შემდეგ. ვაქცინაციას ექვემდებარებიან ბავშვები ერთი წლის ასაკიდან, შემდეგ რე-ვაქცინაცია ხდება 5 წლის ასაკში. თუ   ვაქცინაცია ნორმალურად არის გაკეთებული,  ბავშვს იმუნიტეტი ექნება და დაცული იქნება დაავადებისაგან.  ასევე დაცულები არიან წითელაგადატანილი ადამიანები.  წითელას განმეორება არ ახასიათებს.

  • რა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი?

პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს აცრა, ეს არის მართვადი ინფექცია და  აცრები წარმოადგენს მისი მართვის მთავარ ბერკეტს.  ეპიდსიტუაციის დროს ვაქცინაცია ინიშნება მოზრდილებშიც.  ამჟამად, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოზრდილების აცრებიც. თუ მოზრდილებს კონტაქტი ჰქონდათ  წითელათი დაავადებულ ადამიანებთან ოჯახში, სამსახურში, ან სხვაგან მათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პოლიკლინიკებში უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო აცრები.

  • როგორია მკურნალობა?

ის მითი, რომ წითელას მკურნალობა არ სჭირდება, უკვე ნაკლებად არსებობს მოსახლეობაში. წითელას აქვს  გამოხატული კლინიკური მიმდინარეობა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, განსაკუთრებით გართულებების შემთხვევაში, როცა საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ ჩარევას.

  •  რა გართულება ახლავს დაავადებას?

წითელას დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები, მაგალითად, პნევმონია,  ოტიტი, სინუსიტები, ასევე წითელას დროს  შეიძლება განვითარდეს ცრუ კრუპი. ყველაზე მძიმე გართულებას წარმოადგენს ენცეფალიტი [ტვინის ანთება] და მენინგო-ენცეფალიტი. ამის საფრთხე შეიძლება იყოს ბავშვებთანაც და ზრდასრულებშიც.

  • რამდენად საშიშია წითელა ორსულობაში?

ორსულობაში წითელა განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან დიდ რისკთან არს დაკავშირებული, მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ტრიმესტრში მას სხვადასხვა გართულება ახასიათებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით: ორსულობის  პერიოდში  წითელა შესაძლებელია გახდეს  ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.

  • რატომ მიიჩნევა, რომ წითელა-ბატონების დროს ბავშვს ყველა სურვილი უნდა შეუსრულდეს?

დიახ, წითელას ხალხი ბატონებსაც ეძახის, ამით არაფერი შავდება. არც იმით შავდება რაიმე, თუ ბავშვს წითელ ბუშტებს მიუტანენ, მთავარია, დროულად მიიყვანონ ექიმთან, დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა. ზოგადად, ნებისმიერი დაავადების დროს უნდა შევუქმნათ ბავშვს კომფორტული გარემო. არ ვანერვიულოთ, ავაცილოთ სტრესებს. ამიტომ, თუ ბავშვი მოითხოვს რაიმეს, სასურველია შევუსრულოთ, იმიტომ, რომ არ ინერვიულოს და სტრესული სიტუაცია არ განვითარდეს. აი, ეს არის მთელი მექანიზმი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციები წითელას თავიდან აცილების შესახებ:

ვირუსული დაავადების საეჭვო რომელიმე ჩივილის არსებობის შემთხვევაში (ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და სხვა) დარჩით სახლში, თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მოერიდეთ ოჯახური თუ სხვა კონტაქტების დაინფიცირებას, გამოიყენეთ ნიღაბი.

დროულად მიმართეთ ექიმს სათანადო მკურნალობის ჩასატარებლად

წითელათი დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
დაიცავით ჰიგიენის წესები.

დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. ვაქცინაციას ექვემდებარებიან:

  • 0-14 წლის ასაცრელი და არასრულად აცრილი ბავშვები.
  •  დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები (სტატუსის გათვალისწინებით).
  •  სამედიცინო პერსონალი.
  •  30 წლამდე ასაკის პირები (სტატუსის გათვალისწინებით).

 

[red_box] ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით: დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით:
• ბავშვთა გეგმიური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა;
• წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია;
• 20 – 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია;
• 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია;[/red_box]

ამავე თემაზე:  აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: