შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორონგი დაიწყო. მონიტორინგი წელს პილოტური ხასიათისაა, 2019 წლიდან კი კვლევა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე განმარტავს, ზღვის გარემოს მდგომარეობის საუკეთესო  გამომხატველი არის მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მასში არსებული ბიოლოგიური სახეობებისა და ფორმების მდგომარეობა. „ევროკავშირის  მიდგომაა, რომ   პრიორიტეტული არის ბიოლოგიური და არა ქიმიური მონიტორინგი, რადგანაც იგი [ბიოლოგიური მონიტორინგი] ყველაზე კარგად გამოხატავს რა მდგომარეობაშია გარემო,” – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

 

დეპარტამენტს მუდმივი დაკვირვების ოთხი სადგური აქვს:  მწვანე კონცხი, სარფი-კვარიათი, პიერ ბათუმის პირსი და ბათუმის პორტი.

არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, „გვაქვს შემუშავებული შეფასების შკალები, მოხდება სანაპიროს სტატუსის შეფასება.  მუდმივი დაკვირვების ოთხივე სადგურზე ყოველთვიურად გავალთ და გავაკეთებთ კვლევას, სამ თვეში ერთხელ შევაჯამებთ შედეგებს და ყველასთვის გასაგებ ენაზე გამოიცემა ბიულეტენების სახით. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.!“

ბიოლოგიური მონიტორინგი მოიცავს ყველა ჰიდრობიოლოგიური ფრაქციის ანუ ზღვაში არსებული ბაქტერიების, წყალში არსებული მცენარეებისა და ზოოპლანქტონის გამოკვლევას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან