მთავარი,სიახლეები

„ფოტოების დიალოგი“ – ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების გამოფენა ბათუმში

24.01.2018 • 1755
„ფოტოების დიალოგი“ – ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების გამოფენა ბათუმში

„ფოტოების დიალოგი“ – ასე ქვია ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივ ნამუშევარს, რომელიც 17 თებერვალს  ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ გამოიფინება.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცეს“ ინფორმაციით, ქართველი  ფოტოგრაფების ნამუშევრები ქვემო სილეზიაში მოგზაურობას ასახავს, პოლონელი ფოტოგრაფების კი – აჭარაში.  ღონისძიება პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში იმართება.

„ფესტივალის მიზანი საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაა. ორი რეგიონი: აჭარა და ქვემო სილეზია მათი განსაკუთრებული მახასიათებლების გამო შეირჩა. ეს რეგიონები ცნობილია თვალწარმტაცი პეიზაჟებით, განუმეორებელი ბუნებით, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და რა თქმა უნდა, უაღრესად მდიდარი მულტიკულტურული ისტორიით.

ხელოვანთა ორივე ჯგუფი კონცენტრირებული იყო სწორედ, ამ ორი რეგიონის მიმზიდველობისა და კულტურული სიმდიდრის წარმოჩენაზე. გამოფენაზე შეხვდებით ნამუშევრებს, რომლებიც რეალობას და ამ რეალობის სხვადასხვა ინტერპრეტაციას ასახავს, ერთი ფერის თუ ფერთა მდიდარი გამის მქონე ფოტოებს, რომლებიც წარმოგვიჩენს ამ რეგიონების ბუნებას, ქალაქებს, მოგზაურობის დროს ნანახი ხალხის რეალისტურ პორტრეტებს, დინამიკურ მოვლენებს“ – ნათქვამია პრესრელიზში.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ისეთი ნამუშევრები, რომელთა მეშვეობითაც ხელოვანი მნახველს უზიარებს თავის ემოციურ ფონს, სხვადასხვა ადგილის ნახვითა და ხალხთან შეხვედრით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს: „ეს არის ფოტოგრაფების მიერ სუბიექტურად აღქმული რეალობა და ამავდროულად აჭარისა და ქვემო სილეზიის პოპულარიზაცია“.

ქართველი და პოლონელი ხელოვანების ფოტოები უკვე გამოიფინა ქვემო სილეზიის საგამოფენო სივრცეში, ქალაქ ვროცლავის FOTO-GEN გალერეაში გასული წლის დეკემბერში, ქართველი დამთვალიერებელი კი პროექტის შედეგებს 17 თებერვალს ბათუმში ნახავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: