მთავარი,სიახლეები

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 28 ადამიანი ცხოვრობს – ყველა მათგანი ქალია 

24.01.2018 • 4114
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 28 ადამიანი ცხოვრობს – ყველა მათგანი ქალია 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრებ  100 წელს გადაცილებულ 28 მოქალაქეს საბანკო ანგარიშზე 1000-1000 ლარი გადაურიცხა. ფინანსური დახმარება „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების” პროგრამის ფარგლებში გაიცა. ამ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აჭარაში 100 წელი 11 მოქალაქეს შუსრულდა ან შეუსრულდება. ეს მოქალაქეები თანხას საიუბილეო თარიღების შესაბამისად მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 40 000 ლარითაა განსაზღვრული.

აჭარაში ყველაზე უხუცესი, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა.

სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს აჭარაში ას წელს გადაცილებული 30 ადამიანი ცხოვრობდა და ყველა მათგანი ქალი იყო. გასულ წლებში აჭარაში ას წელს გადაცილებული მამაკაცებიც იყვნენ, თუმცა ას წელს გადაცილებულებს შორის ყოველთვის ქალები სჭარბობდნენ. ამას ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს: გასულ წელს საქართველოში ას წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობდა,  მათგან 695 – ქალი, 154 – კაცი. 110 წელს გადაცილებული 58 მოქალაქედან ექვსი კაცი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-5 წლით აღემატება კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს.

ამავე თემაზე: 

ას წელს გადაცილებული ქალები აჭარიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: