მთავარი,სიახლეები

რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მოქალაქეები ქედის მერს

24.01.2018 • 2322
რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მოქალაქეები ქედის მერს

ყოველ სამშაბათს ქედის მერს, ლევან გორგილაძეს, დილიდან შუადღემდე მოქალაქეთა მიღების საათები აქვს.  ქედის მერიაში ხალხმრავლობა დილიდან იწყება. 11 საათზე მოქალაქეები პირველ სართულზე არსებული კანცელარიიდან საშვით შენობის მესამე სართულზე, მერის კაბინეტის შესასვლელთან ინაცვლებენ.  მერთან დახმარების სათხოვნელად მოქალაქეები ქედის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიან და მერთან შესასვლელად რიგის დაცვით ერთმანეთს ენაცვლებიან.

იმის გასაგებად, თუ რა პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ მოქალაქეები ქედის მერს, შეხვედრაზე დასწრება ვითხოვეთ და  ნებართვაც მივიღეთ.

ქედის მერთან მოქალაქეების მიღებას ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძეც ესწრება. პირველი მოქალაქე სოფელ შევაბურში მცხოვრები ავთანდილ ბასილაძეა. იგი მერს დედის ოპერაციის დაფინანსებას სთხოვს.

„მცირეწლოვანი შვილი მყავს, დედა საოპერაციოა, ჩემს ოჯახს კი ოპერაციის თანხა არ აქვს, 7 000 ლარზე მეტი ჯდება, იქნებ დაგვეხმაროთ ფინანსურად… რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ან სად, რომელ კლინიკაშია იაფი ოპერაცია ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის?…“ – კითხულობს ავთო.

ლევან გორგილაძე მას უხსნის, სად შეიძლება ამის გარკვევა და თან დასძენს, რომ სარეზერვო ფონდიდან მერიას მაქსიმუმ 700 ლარამდე თანხის გამოყოფა შეუძლია.

ავთოს გასვლის შემდეგ კაბინეტში სოფელ ორცვადან ჩამოსული მალხაზი დაბის რწმუნებულთან ერთად შემოდის. მალხაზის პრობლემაზე მერის წარმომადგენელი იწყებს საუბარს და ამბობს, რომ მალხაზი უნებართვო ჭრისთვის დააჯარიმეს. მალხაზი შშმ პირია, ფსიქიკური პრობლემები აქვს და ჯარიმის გადახდა არ შეუძლია. რწმუნებულის საუბრის დასრულების შემდეგ მალხაზი მორიდებით დგება სკამიდან და „მე ხე არ მომიჭრია, მხოლოდ ტყე გავწმინდეო,“ – ამბობს, მადლობას უხდის მერს მიღებისთვის და კაბინეტიდან გადის.

შემდეგი დაბა ქედაში მცხოვრები როლანდ ცინცაძეა. იგი მერს დაბაში, 9 აპრილის ქუჩაზე, მაღაზიის მოსაწყობად ფართობის გამოყოფას სთხოვს. მერი მას ფართობის გამოყოფას კანონის შესაბამისად ჰპირდება და ამბობს, რომ თუ შესაძლებლობა საშუალებას მისცემს, მიწაზე აუქციონს გამოაცხადებს. ლევან გორგილაძე ასევე დასძენს, რომ ამ შემთხვევაში მიწით შეიძლება სხვაც დაინტერესდეს.

სოფელ ოქტომბრიდან სანდრო დუმბაძე კი მერს ფინანსურ დახმარებას მკურნალობისთვის სთხოვს: „დახმარება მინდა, ექიმი მჭირდება …ყველაფერი მჭირდება, შრომის უუნარო ვარ,“… მერი მას ბარათზე საკუთარ ნომერს უწერს და ჰპირდება, რომ როცა მკურნალობას გადაწყვეტს, დაურეკოს და ექიმები მისი თხოვნით უფასოდ გასინჯავენ.

კაბინეტში ჟუჟუნა გორგაძე შემოდის. ჟუჟუნა ბავშვებთან ერთად ახლა ნაქირავებში ცხოვრობს, მანამდე კი სოფელ კუჭულაში ქმართან ერთად ცხოვრობდა, ვიდრე საცხოვრებელ სახლზე გაჩენილი ხანძრით ქმარი დაიღუპებოდა, დაიწვა სახლიც. ახლა იგი მერს საცხოვრებელი სახლით სთხოვს დახმარებას.

„კომისია გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – ეუბნება მერი და ჟუჟუნაც მორიდებით გადის კაბინეტიდან.

მოქალაქეებთან მიღებაზე ბოლოს შევაბურელი მოხუცი, 86 წლის თინა ნაკაშიძე შემოდის. მისი მთავარი პრობლემა დაურეგისტრირებელი მიწაა. ამბობს, რომ მის ოჯახს 9 000 კვადრატული მეტრი მიწა აწერია, რეალურად კი ამდენს ვერ იყენებს და მიწით მისი მაზლი სარგებლობს. მან მერს სთხოვა, მიწები აუზომონ, მაგრამ მიწის ასაზომად მერიის თანამშრომელი თემურ ბერიძე არ გაუშვან.

„თემური და ჩემი მაზლი ერთად მუშაობდნენ, ის მის მხარეს დაიჭერს… კიდევ სხვა სათხოვარიც მქონდა, მაგრამ დამავიწყდა,“ – ამბობს თინა.

ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად მოქალაქეები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში დახმარებისთვის მიმართავენ, სთხოვენ, როგორც ოპერაციების დაფინანსებას, ასევე მკურნალობისთვის თანხის გამოყოფას.

„მოქალაქეების მიღება პარასკევს იყო, თუმცა შესაბამისი დახმარება რომ გაგვეწია, გვიანდებოდა და სამშაბათს შეხვედრა ამიტომ გადმოვიტანე. რადგანაც მოქალაქეების ნაწილმა იცის, რომ შეხვედრა პარასკევსაა, ნაწილი პარასკევს მოდის შეხვედრაზე, აქ მოსულ მოქალაქეებს ნებისმიერ დღეს ვუსმენთ და ვეხმარებით. ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებით მომმართავენ, მე კი შესაბამის პროფილის ექიმებს ვთხოვ უფასოდ გასინჯონ, რაშიც ექიმებიც მეხმარებიან. რაც შეეხება მოქალაქეების დღევანდელ მოთხოვნას, ჟუჟუნა გორგაძის ოჯახს თავის დროზე 10 000 ლარი, როგორც ხანძრით დაზარალებულ ოჯახს გადასცემია. გარდა ამისა, მერიას დახმარებაც გაუწევია 1000 ლარის ოდენობით, ბინები კი, რომელიც დაბა ქედაში შენდება, უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახებისთვისაა,“ – გვითხრა ლევან გორგილაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: