მთავარი,სიახლეები

კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

24.01.2018 • 2369
კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ფემბე-ოზლემ ოლუნის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს, 24 იანვარს, დაიწყო. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალია, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. პროკურორი პაატა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ საქმეში ყველა მტკიცებულებაა, რაც საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

დავის ძირითადი საგანი მტკიცებულება გახდა, რაც საქმეში არ არსებობს და რაც დაადასტურებდა ვის ეკუთვნოდა კასრში შენახული იარაღი. ადვოკატი ლევან შავაძე ამბობს, რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად არ ჩაატარა ბიოლოგიური ან დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა საბრძოლო მასალა ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ფემბე ოლუნს.

რატომ არ ჩაატარა გამოძიებამ ექსპერტიზა? – პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უპასუხა, რომ მსგავსი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გამოძიებას არ დაუნახავს და მოწმეთა ჩვენებები დაადასტურებს წარდგენილ ბრალს.

საქმეში მთავარი მოწმეები, პოლიციელების გარდა, ის პირები არიან, ვისი საკუთრებიდანაც საბრძოლო მასალა ამოიღეს.

“ეს პირები არიან ბრალდების მხარის მოწმეები. გამოძიებას არ გაუჩნდა კითხვა: იქნებ მათ ეკუთვნოდათ ეს იარაღი,” – შენიშნავს ადვოკატი.

საუბარია ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებ ნუკრი მეგრელიშვილზე, ასევე ბათუმში მცხოვრებ ემზარ უზუნაძეზე, ვისთანაც ფემბე ოლუნს საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ნაქირავები.

ადვოკატ ლევან შავაძის თქმით, ბრალდებული ქობულეთში მცხოვრებ ნუკრი მეგრელიშვილს იცნობდა:

“ნუკრის მეუღლე თურქეთის მოქალაქეა – ალი ჩეთინქაია. იგი შემთხვევით ბათუმში გაიცნო ფემბემ. ალი ჩეთინქაის სასამართლო დაკითხავს, როგორც ბრალდების მხარის მოწმეს,” – გვითხრა ლევან შავაძემ.

რას საქმიანობდა ბათუმში თავად ფემბე ოლუნი? – ადვოკატი ამბობს, რომ მას მაღაზია ჰქონდა და ვაჭრობდა.

“სად იყო მაღაზია და ეს დეტალები არ ვიცი… ფემბე ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია და ბინის ჩხრეკას უშუალოდ ის არ დასწრებია, როცა იარაღი ამოიღეს. ჩხრეკა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა,” – დასძენს ადვოკატი.

პროკურორი პაატა ცეცხლაძე ამბობს, რომ ე.წ. ნეიტრალური მოწმეებიც არსებობენ, რომლებიც მორიგ სხდომებზე დაიკითხებიან.

თავად ფემბე ოლუნს დღევანდელ პროცესზე არაფერი უთქვამს. საუბრისგან თავს იკავებენ მისი მამა და ოჯახის ახლობლები, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებიან. ფემბე ოლუნის წინაპრები აჭარიდან, სოფელ მარადიდიდან არიან.

“დაველოდები გამოძიების დასასრულს,” – გვითხრა ფემბე ოლუნის მამამ ქართულად, ვიდრე ის სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.

ფემბე-ოზლემ ოლუნი გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: